იზა ორჯონიკიძე (დაბადების დღისადმი)
11:47:17     21-11-2011
1938 წლის 21 ნოემბერს დაიბადა ცნობილი ქართველი პოეტი იზა ორჯონიკიძე.
სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის 23 საშუალო სკოლაში. შემდეგ უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
მუშაობდა გამომცემლობებში: „ნაკადული“, „საბჭოთა ხელოვნება“, „მერანი“. 1976-1982 წლებში იყო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი. 1987-1989 წლებში მუშაობდა საპატრიარქოში. 1989 წლიდან კვლავ ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორად მუშაობდა.
იზა ორჯონიკიძის პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1958 წელს. მისი პირველი პოეტური კრებული „ორი დღეკეთილი“ გამოვიდა 1968 წელს. გამოცემული აქვს ასევე ლექსების კრებულები: „ნათელი“ (1969), „ქვის სასთუმალი“(1971), „ წვიმის მოსვლამდე“ (1974), „ავტოპორტრეტი“ (1977), „სასწაულია შეხვედრა ჩვენი“ (1981), „აქ, სამუდამოდ"(1983), „დაბინდებამდე"(1993), „ოდესღაც და სულ ახლახან" (1999), „რომაული არდადეგები" (2005), “წვიმიანი გაზაფხულის ქრონიკა" (2007). რჩეული სამტომეული - „ჩემი ოდისეა", „სულის სახლში", „გამოძახილი" (2008). 2008 წელს გამოიცა იზა ორჯონიკიძის ავტობიოგრაფიული წიგნი “თავწყარო"(2008).
იზა ორჯონიკიძემ თარგმნა რუსი პოეტის ანა ახმატოვას ლექსები - კრებული „50 ლექსი“ (2000) და XX საუკუნის ბერძნული პოეზიის თარგმანთა ორი გამოცემა: „მახსოვს, მწყუროდა“ (1986)
და კონსტანტინე კავაფისის ლექსების კრებული (2005). იზა ორჯონიკიძის პოეზია თარგმნილია რუსულ და უკრაინულ ენებზე.
იზა ორჯონიკიძე იყო ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურიატი. იყო ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე.
იზა ორჯონიკიძე გარდაიცვალა 2010 წლის 9 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. დღეს, გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი.
* * *
იკბინება ყინვა ძაღლივით.
ორთქლი ასდის
სადგომიდან გამოსულ პირუტყვს.
შეჭირხლული
ბრწყინავს ჩემი ბაღი შიშველი
და უღონო
ფეხს ითრევს სხივი...
გახევებულ სარეცხის თოკზე
ერთმანეთისგან მოშორებით
ზის ორი ჩიტი -
ბაბანებენ მობუზულები...
დახე, ამ ბრიყვებს,
ამ ყინვაში
შორი-შორ სხედან!.
* * *
ო, სიყვარულო,
მოწყალე იყავ!
თუ გამიხსენ
სიბრძნისა და სიუხვის კარი,
ცოტაც კიდევ დაითმინე,
ნუ აიკრეფ ადვილად კალთას,
ნუ გამეცლები!
მაისის წყალს როცა მეც დავლევ,
შენა ხარ ჩემი ერთადერთი ჭირისუფალი,
სიხარულის უკანასკნელ ცრემლს
შენ გიტოვებ,
შენს მომლოდინეს -
ყველას, ყველას წამწამს შეაბი...
სამარის ბნელშიც
შესძრავს ჩემს გულს
შენი სუნთქვა - ელვის ნაკვესი,
შენი ქარცეცხლის დალოცვილი,
წმინდა ჩქერალი...
* * *
ჩაქრა, ჩამოჭკნა კენტი ნარცისიც,
გაფშეკილ ღეროს აწვალებს ქარი...
რაც გულმა გითხრა, ვითომ არც იცი,
აბა, რად გინდა ახალი შარი?!
ჩამოხუნძლული ტოტივით ტყდება
სიჩუმე - ვახშმის ცივი ნარჩენი
და ცეცხლს ჰგავს შენი სიბერის ვნება,
ცარიელ სახლში უცებ გაჩენილს...