გრიგოლ რობაქიძე - „რუსეთის ტრაგედია“ (გარდაცვალების დღისადმი)
12:13:53     19-11-2011
1962 წლის 19 ნოემბერს, შვეიცარიაში, ჟენევაში გარდაიცვალა დიდი ქართველი მწერალი და მამულიშვილი გრიგოლ რობაქიძე.
გარდაიცვალა უცხო ქვეყანაში, სამშობლოს მონატრებული, უსამშობლოობით დატანჯული დიდი ქართველი იდეოლოგი. ქართული მწერლობა ყოველთვის იდეოლოგია იყო ჩვენთვის, სხვაგვარად არც შეიძლება, სხვაგვარად კაცი ვერ გახდება დიდი მწერალი საქართველოში, ქართულენოვან ლიტერატურაში.
28 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეს მკითხველს შევთავაზეთ წერილი სათაურით: „გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე და ანდერძის აღსრულება“. წერილში ვამცნეთ მკითხველს, რომ რამდენიმე წელია აღსრულდება გრიგოლ რობაქიძის ანდერძი, ასეულობით ქართველი მიემართება მცხეთაში მის დაბადების დღეს, მწიფობისთვეში და მოიხსენიებს დიდ მამულიშვილს.
დღეს, გვინდა ქართველ მკითხველს შევახსენოთ მისი ესე „რუსეთის ტრაგედია“, სადაც ის წარმოგვიდგენს ბერდიაევის ნააზრევს რუსეთზე და ეკამათება მას.
დღეს, სამწუხაროდ, რუსეთისადმი სიმპათია ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ჩვენს საზოგადოებაში, ეს არასრულფასოვნების კომპლექსია, ზოგიერთ წრეში თუ პიროვნებაში ჩაბუდებული (მიზეზებზე სხვა დროს). რუსეთის იმპერიისადმი კეთილად განწყობილებს ავიწყდებათ, რომ ამ უკანასკნელმა სულ ახლახანს ჩვენი მიწების ოკუპაცია მოაწყო, ჩვენი ბიჭები დახოცა...
რუსეთის სახელმწიფო ყოველთვის აგრესორი იყო მეზობლებისათვის და თავისი ღვიძლი შვილების, ეთნიკური რუსების მჩაგვრელიც, და, შეუძლებელია, დედას, რომელსაც სძულს შვილები, სხვისი შვილები უყვარდეს...
გავიხსენოთ დიდი მწერლის შესანიშნავი ესე (სხვა დროს, ამ თემაზე კიდევ მივმართავთ გრიგოლ რობაქიძეს), პატივი მივაგოთ მის ხსოვნას, დიდი მწერალი კი კვლავ გვასწავლის, კვლავ დაგვარიგებს...
„რუსეთის ტრაგედია”
ამ ჟამად რუსეთი საშინელს უცნაურობას წარმოადგენს. თუ ოდესმე მხოლოდ რჩეულთათვის იყო რუსეთი ჩრდილოეთის სფინქსი; დღეს ასეთი იგი მგონი ყველასათვისაა. რუსეთის ისტორიის ტრაგედია სწორედ ამ საშინელს უცნაურობაშია, – და ჯეროვანია სიტყვა იმა ტრაგედიის შესახებ. ტრაგედიას საერთოდ ორი მომენტი ახასიათებს:
პირველი: ტრაგედიის განმცდელში უნდა იყოს ორი შინაძალა ერთი-მეორის მოწინააღმდეგე;
მეორე: ერთი ამ ძალათაგანი განმცდელის გარემოს უნდა ეთანხმებოდეს თავის შინაარსით. ამრიგად განწყობილი ორი ძალა ჰქმნის განმცდელში იმთავითვე გარდუვალ ტრაგედიას, რუსეთიც სწორედ ამგვარ წინააღმდეგობებით არის სავსე. საჭიროა ამ წინააღმდეგობის გადაშლა. ამ მიზნით ჯერ მოვიყვან ერთი მწერლის (ნ. ბერდიაევის) მიერ რუსეთის დახასიათებას.
წინააღმდეგობა პირველი. რუსეთი ყველაზე უფრო ანტისახელმწიფოებითი ქვეყანაა. ვარიაგების მოწვევა რუსეთში სიმბოლიური მომენტია მთელის რუსეთის ისტორიისა. რუსეთის მწერალნი სახელმწიფოს მოწინააღმდეგე არიან, რუსეთმა მისცა ქვეყანას საუკეთესო თეორეტიკოსნი ანარქიზმისა: ბაკუნინი და კრაპოტკინი. ლევ ტოლსტოის რელიგიური მოძღვრება ანარქისტულია არსებითად. სლავოფილები და დოსტოევსკიც ბოლოს და ბოლოს ანარქიზმისკენ იხრებიან. რუსეთის “ხალხოსნობა” (“ნაროდნიჩესტვო”) სახელმწიფოს მოწინააღმდეგე მოვლენაა. რუსეთის ლიბერალები უფრო ჰუმანისტებია, ვიდრე სახელმწიფოს დამამკვიდრებელნი. რუსის ხალხს თითქო სახელმწიფოსაგან განთავისუფლება უფრო სურთ, ვიდრე თავისუფალი სახელმწიფო. სახელმწიფო საქმეში რუსის ხალხი არ იჩენს ვაჟურს სიძლიერეს: იგი თვითონ ელის საქმროს, ქმარს, და მფლობელს. სახელმწიფო ძალა რუსეთში გარეგანი კანონია მისი ყოფისა: იგი შიგნით კი არ იბადებოდა, არამედ გარედან მოდიოდა. ფრიად დამახასიათებელია, რომ რუსეთის ისტორიამ არ იცის რაინდობა, საცა პირველ ყოვლისა თავსა ჰყოფს ვაჟური დასაწყისი, რაინდობა ჰქმნის ვაჟური პიროვნების სიმტკიცეს, ასეთი სიმტკიცე რუსის ხალხს არა აქვს: მასში უფრო “რბილტანიანობა” სჭარბობს, მის პროფილში არა სჩანს მკვეთრი კვეთილობა: – პლატონ კარატაევი ტოლსტოის მიერ “მრგვლად” არის ნახატი.
ეს ერთი მხარე, – მაგრამ იმავ რუსეთში არის მეორე მხარეც, სრულიად მოწინააღმდეგე პირველისა. რუსეთი ყველაზე უფრო სახელმწიფოებითი და ბიუროკრატიული ქვეყანაა. რუსეთი დიადი იმპერიაა, ივანე კალიტადგან მოკიდებული “რუსის მიწა იკრიბებოდა” და ამ შეკრებამ მიაღწია უზარმაზარ საზღვრებს. ამ სიდიადის შესანახავად იხარჯებოდა მთელი ენერგია ერისა. კლასები და წოდებანი სუსტად ვითარდებოდნენ, და მათ არ უთამაშნიათ ისეთი როლი, როგორც ითამაშეს დასავლეთ ევროპაში, ბიუროკრატია კი ძლიერ ვითარდებოდა. იგი იჭედებოდა თათრობასთან ბრძოლაში, აღრევის ხანაში, უცხოელთა შემოსევისას. ბიუროკრატიის ძალაუფლება რუსეთის ცხოვრებაში გერმანეთის შინაგანი შემოსევა იყო. გერმანეთი შემოვიდა რუსეთის სიცოცხლეში. რუსეთი შესცდა საქმროს არჩევანში.
წინააღმდეგობა მეორე. რუსეთი ყველაზე უფრო არაშოვინისტური ქვეყანაა. დასავლეთი ერები ნაციონალისტურად არიან განწყობილნი. რუსეთში ნაციონალიზმი რაღაც „გადმოღებულის” შთაბეჭდილებას იწვევს, რუსეთის ხალხისათვის უცხოა აგრესიული ნაციონალიზმი. რუსეთის ინტელიგენცია როგორც უწმინდურს, ისე უცქეროდა ყოველთვის ნაციონალიზმს. რუს-რადიკალების ზერელე კოსმოპოლიტურ თეორიებში რამოდენიმედ რუსეთის ერის ყოვლად საკაცობრიო (ზესთანაციონალური) სული გამოსჭვივა. რუსეთის გენიოსი ლევ ტოლსტოი ცდილობს რელიგიური გარდაქმნით გადალახოს ყოველი ზღუდე ნაციის ხასიათისა. სლავოფილები ნაციონალისტები არ ყოფილან ამ სიტყვის ჩვეული მნიშვნელობით: ისინი მხოლოდ ამაღლებდნენ რუსის ხალხს მის „სოფლიობისთვის”. დოსტოევსკიმ პირდაპირ განაცხადა: რუსი ადამიანი ყოვლადი ადამიანია და რუსეთის სული – მსოფლიო სული. კატკოვი კი, თეორეტიკოსი რუსეთის ნაციონალიზმისა, წმინდა წყლის “დასავლეთელი” იყო: რუსის ხალხურ სულს იგი სრულებით არ აცხადებდა.
ასეთია ერთი თეზისი, – მაგრამ არის ერთი თეზისიც; რუსეთი ყველაზე უფრო ნაციონალისტური ქვეყანაა. იგი უარყოფს ევროპას როგორც სიდამპლეს და ჯოჯოხეთის ნაყოფს. იგი წამულობს მხოლოდ თავის თავს. „რუსული თავმდაბლობა” მეორე ბოლოში პირდაპირ ამპარტავნობაში გადადის: „წმინდა რუსეთი”. რუსეთი ცოდვილია, – მაგრამ ცოდვებშიაც იგი წმინდას უწოდებს თავის თავს და აცხადებს უკანასკნელს, როგორც წმინდანების ქვეყანას. დოსტოევსკი, რომელიც მივიდა უზენაესს სიყვარულამდე ქრისტეს ფენომენით, იმავე დროს საშინელებას ჰქადაგებს: აძაგებს ებრაელებს და პოლონელებს, არ სცნობს დასავლეთისადმი ქრისტეს მიღების რელიგიურ უფლებას. რუსეთში მოხდა ნაციონალიზაცია ეკლესიისა: უკანასკნელს ჰგონია, რომ იგი მსოფლიო ეკლესიაა. ამ ეკლესიური ნაციონალიზმით გაჟღენთილია გამეფებული ეკლესიაც, სლავოფილების წადილებიც და “სტაროობრიადცების” მიდრეკილებაც. „დედა მიწა” რუსეთისათვის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია. რუსეთი თავის წარმოდგენაში ღვთის-მშობლად ქცეულა. იგი ღვთისმოსავია. გენიალური გამომთქმელი რუსეთის გვარობითი სხეულის, მისი განოყიერების და გამრავლებისა – რიოზანოვი არის.
წინააღმდეგობა მესამე. რუსეთი უზასღვრო სულის თავისუფლების ქვეყანაა. მან არ იცის დასავლეთის “ბურჟუაზობა” და “მეშჩანობა”. დოსტოევსკიმ თავის ლეგენდით დიდს ინკვიზიტორზე ისეთი უსაზღვრო სულის თავისუფლება აცნობა სამყაროს, რომლის მსგავსი ჯერ არავის არც კი მოლანდებია, სლავოფილები რუსეთში სულის თავისუფლებას მზერდნენ: დასავლეთი მათთვის თავისგანით არა თავისუფალს წარმოადგენდა. რუსი ადამიანის ტიპი მოგზაურია, ყველაზე უფრო თავისუფალი არსება. იგი დადის მიწაზე, მაგრამ არ ჩაზრდილა მიწაში, – და, რასაკვირველია, მასში არ არის მიწასახლოობა. იგი ჰაეროვანია უფრო. მრავალია მოგზაური რუსეთში: როგორც უბრალო ხალხში, ისე ინტელიგენციაშიც. რასკოლნიკოვი, მიშკინი, სტავროგინი, ვერსილოვი, ანდრია და პიერ ბეზუხი – ყველა ესენი ნამდვილი მოგზაურებია. მოგზაურობა (სტრანნიჩესტვო) იყო ფილოსოფოს სკოვოროდაში, ლერმონტოვში, დოსტოევსკისა და ტოლსტოიში, იგი არსებობს რუს რევოლუციონერებში და სექტანტობაში. რუსეთი მხარეა სულიერი ლოთობისა, მხარე ხლისტებისა და თავისდამწველების, სელოვანოვისა და რასპუტინის, გრიშკა ოტრეპიევის და პუგაჩოვის. რუსის სულში მარად არის „ქალაქ კიტეჟის” მარადი ძიება, – ახალი მეგობრისა ქვეყანაზე.
ხოლო იმავე რუსეთში მეორე მხარეცაა. რუსეთი მხარეა საშინელ სერვილიზმისა და მორჩილების, მხარე მაგარი ყოფისა და მძიმე სხეულის. ვაჭრები, ჩარჩები, მოხელენი, გლეხები, სამღვდელონი, ინტელიგენცია – ყველა ესენი შინაგან თავისუფალნი არ არიან მატერიალურ ყოფაში. რუსეთი ისე შევიდა მატერიაში, რომ იქცა ინერტული, ზარმაცი, მძიმე. რუსეთში არ უნდათ მაღლა ასვლა, იქ ყველას სურვილია – იყოს „როგორც სხვები”. რუსეთში აქტივობა ცოტაა: ყველა იმას ეყრდნობა თუ სხვა მისთვის რას გააკეთებს. რუსეთის ინტელიგენციის თანასწორობის იდეა უფრო მექანისტურია, ვინემ შინაგან თავისუფალი. რუსეთი უპიროვნო კოლექტივის ქვეყანაა.
ასეთია ბერდიაევის აზრით რუსეთი: უკანასკნელის ყოფა ანტინომისტურია. რით შეიძლება აიხსნას რუსეთის ასეთი უცნაურობა? ავტორი ამ კითხვის გადაჭრას ვაჟური და ქალური დასაწყისის ურთიერთობაში ეძებს. რუსეთი ქალურია არსებითად, ავტორის აზრით. იგი მუდამ ეძებს საქმროს. ვაჟური რუსეთი – ეს ან გერმანელია, ან ფრანგელი, ან ბერძენი (ძველად). რუსეთის ცხოვრებას ჰფლობს ხან მარქსი, ხან შტეინერი, ხან კანტი, ხან კიდევ რომელიმე სხვა უცხო ვაჟი: აპოლლო, ღმერთი ვაჟური გაფორმებისა, ჯერ არ შესულა დიონისურ რუსეთში. თვითონ დიონისიზმი რუსეთისა ბარბაროსულია და არა ჰელლინური. ასეთია საშინელება რუსეთის. აქედან მხოლოდ ერთი გასავალია: რუსეთის წიაღში უთუოდ უნდა მოინახოს ვაჟური ელემენტი. მისი მონახვა თანამედროვე ომშია შესაძლო: რუსეთი ამ ომში გმირულად არის დაჭიმული და ეს ალბათ ვაჟკაცობას წარმოშობს. რუსეთი წინასწარმეტყველური – აი მომავალი ხსნა რუსეთისა…
ეს აზრები ბერდიაევმა გამოსთქვა ჯერ კიდევ მაშინ, როცა რევოლუციის ლანდიც არ სჩანდა. მით უფრო საგულისხმოა მათში გატარებული ხაზი. ეჭვს გარეშეა, ავტორმა ბევრი რამ საინტერესო წარმოსთქვა, – მაგრამ ბოლოს და ბოლოს მისი კონცეპცია მცდარი არის. აქ არ გამოვუდგები მის გარჩევას, – ეს არცაა ჩემი ახლო მიზანი, – ვიტყვი მხოლოდ შემდეგს: თანამედროვე მეცნიერებით ყოველ არსში ვაჟური დასაწყისიც არის და ქალურიც. თუ რომელი მომენტი სჭარბობს, მით განისაზღვრება უწყებული არსის ვაჟობა თუ ქალობა. რუსეთი ავტორის თქმით ქალურია არსებითად, ხოლო ამით ავტორი არ კმაყოფილდება; იგი გაიძახის: რუსეთი უნდა გახდეს ვაჟურიო. რა საფუძვლით, ან რა მოსაზრებით, – თუ კი რუსეთის საარსო პრინციპი იმთავითვე ქალურია? – დაეკითხებით მას. ამ შეკითხვისათვის ბერდიაევს პასუხი არ აქვს.
გარნა შესაძლოა ზემოგამოთქმული კონცეპცია სხვა მხრით (საკითხის სისწორით დაყენება) გამოგვადგეს, როცა რუსეთის ტრაგიკულს უცნაურობას მივმართავთ ასახსნელად.
ამის შესახებ ხვალ.
გრიგოლ რობაქიძე
გაზეთი “საქართველო”,
1917 წ. ღვინობისთვის 21, N .232