ყველასათვის საყვარელი ვუპი

  11:13:09     19-11-2011

ვუპი იმ ცამეტ ადამიანთა შორისაა, რომელთაც მოგებული აქვთ „ემი“, „გრემი“, „ოსკარი“ და ტონის ჯილდო, ასევე, დღის პროგრამებისთვის დაწესებული „ემი“. 1990 წელს, ის ჰოტი მაკდენიელის შემდეგ, მეორე აფრო-ამერიკული წარმოშობის მსახიობი გახდა, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. მას ორი ოქროს გლობუსი და ორი სატურნის ჯილდო აქვს მიღებილი „ვარსკვლავური გზის თაობასა“ და „მოჩვენებაში“ შესრულებული როლებისთვის.

დაიბადა ნიუ-იორკის მეტწილად ემიგრანტებით დასახლებულ უბან ჩელსიში, ღარიბ ოჯახში. მეტსახელი ვუპი კერინმა ბავშვობაშივე აირჩია, როგორც სამსახიობო ფსევდონიმი. რვა წლიდან, ერინ რუბენსტაინის სამოყვარულო თეატრის სცენაზეა; სწორედ ბავშვობაში მიიღო პირველად და უკანასკნელად სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილები. პედაგოგები გოგონაში ადრეგაღვიძებულ ნიჭს მაღალ შეფასებას აძლევდნენ.

სრულფასოვანი საერთო განათლება კერინს არ მიუღია: ის რამდენიმე წელიწადს ჩამორჩენილთა სიაში ირიცხებოდა, შემდგომ კი, სკოლის სულ მიტოვებაც მოუწია, რადგან დისლექსია სჭირდა და კითხვაც კი არ შეეძლო გამართულად.

60-იანი წლების დამლევს, კერინი სახლიდან წავიდა, ჰიპებს შეეკედლა და კომუნაში დაიწყო ცხოვრება, სადაც მარიხუანას მიეძალა, შემდეგ კი უფრო ძლიერ პრეპარატებს. დიდხანს არსად უმუშავია, უმუშევართა სოცდახმარებით გაჰქონდა თავი.

ნარკოტიკებისთვის თავის დანებება არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება მხოლოდ 70-იანი წლების დამდეგს, რეჟისორ ელვინ მარტინთან შეხვედრის შემდეგ მოახერხა, რომელიც ანტინარკოტიკულ კამპანიის წარმომადგენელი იყო. ელვინმა ვუპი ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნა და ნარკოტიკებისთვისაც თავი დაანებებინა. ელვინი და კერინი მალე დაქორწინდნენ, ერთი წლის თავზე, მათ ქალიშვილი ალექსანდრა შეეძინათ.

კერინს (ვუპის) ღამის გუშაგად, აგურების დამწყობად და მიცვალებულთა გრიმიორადაც კი მოუწია მუშაობა, სანამ საბოლოოდ, 1974 წელს, ერთ-ერთი თეატრალური სააგენტოს მეშვეობით, ქალაქ სან-დიეგოს ახალგახსნილ თეატრში მსახიობის ვაკანსის არ მიაგნო. ელვინმა ნიუ-იორკის დატოვებაზე უარი განუცხადა ცოლს, ვუპის კი გული თეატრისკენ მიუწევდა; მათ განქორწინება მოუხდათ. კერინი ქალიშვილთან ერთად დასავლეთ სანაპიროზე გადაბარგდა.

თეატრალური კარიერა კერინმა უკვე ვუპი გოლდბერგის ფსევდონიმით დაიწყო. სან-დიეგოშო ვუპიმ საქალაქო თეატრის „რეფერთერი სიეთას“ შექმნაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი სან-ფრანცისკოს „ბლეკ სტრიტ სიეთაში“ გადავიდა. ვუპი რამდენიმე სამოყვარულო ჯგუფში თამაშობდა.

ერთ-ერთი მისი მთავარი და მნიშვნელოვანი როლი პიესა „დედილო კურაჟში“ შედგა. სწორედ მაშინ ვუპიმ, მთავარი პერსონაჟის განსახიერებასთან ერთად, ავადგამხდარი მსახიობის როლის შესრულებაც იკისრა და თავი წარმატებით გაართვა. ვუპი ღატაკიდან მილიონერ ქალამდე როლებს ასრულებდა. იმ ხანად ვუპის აზრად მოუვიდა ერთი მსახიობის თეატრი დაეარსებინა და მარტოს შეესრულებინა ხუთი-ექვსი როლი.

ვუპის ამერიკისა და კანადის გარდა, ევროპის თეატრებშიც უკრავდნენ ტაშს. მას ცნობილ როკ-მიუზიკლში „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ ერთ-ერთი როლი აქვს განსახიერებული.

უკანასკენლ წლებში, მას კინომ იმდენი დრო წაართვა, რომ თეატრში მოღვაწეობისთვის პრაქტიკულად აღარ სცალია. თუმცა, მაინც თვალშისაცემია მისი ნამუშევარი სპექტაკლში „სასიყვარული წერილები“ ტიმოთი დალტონთან ერთად.

1985 წელს, ვუპიმ შეიტყო, რომ ელის უოკერის ეპიკური რომანის „ლილისფერის“ გადაღება იგეგმებოდა, რომელიც აფროამერიკულ „ქარწაღებულებად“ მიიჩნევა, ავტორს წერილი გაუგზავნა, სადაც სთხოვა რაიმე როლი მიეცათ მისთვის. ელის უოკერმა, რომელიც ვუპის თეატრალურ ნამუშევრებს უკვე იცნობდა, რეჟისორ სტივენ სპილბერგს სთხოვა ვუპისთვის როლი მიეცათ; რეჟისორის გადაწყვეტილებით, გოლდბერგს მთავარი როლი, ამერიკელი შავკანიანი ქალის სესილი ჯონსონის პერსონაჟის განსახიერება ერგო. ვუპის თვალშისაცემი შესრულების მანერა უყურადღებოდ არ დარჩენილა და „ოქროს გლობუსითა“ და „ოსკარზე“ წარდგენით აღინიშნა.

ვუპიმ კინოკარიერა ღრმადდრამატული როლით დაიწყო, მაგრამ კომედიური, კრიმინალურ-კომედიური და გასართობი ხასიათის პერსონაჟების თამაშით გააგრძელა; მას არც სერიალებსა და ფანტასტიკურ ფილმებში უთაკილია მონაწილეობა. მისი ფილმოგრაფიიდან ყველაზე ცნობილ ფილმებად მიიჩნევა : „ქურდი ქალი“, „საბედისწერო ლამაზმანი“, „იმოქმედე დაო!“. „მოჩვენება“ და „კამელოტის რაინდი“.

ვუპის ოდნავ ექსცენტრული, მომხიბლავი და დამოუკიდებელი ქალის იმიჯი აქვს ფილმებში, რომელსაც არანაირი პირობითობა ჩირად არ უღირს და უბრალო, ყოველდღიური ქალის სახეს ამჯობინებს. აღსანიშნავია მისი დრამატული ხასიათის კინოროლებიც ფილმებში: „მისისიპის მოჩვენებები“, „გრძელი გზა შინისაკენ“ და სხვა.

1991 წელს ვუპი გოლდბერგი იღებს „ოსკარს“ კინორეჟისორ გარი ცუკერის ფილმ „მოჩვენებაში“ განსახიერებული მკითხავ ოდა მეი ბრაუნის მეორეხარისხოვანი როლისთვის.გოლდებრგის ხმას ბევრ ამერიკულ მულტფილმშიც მოვისმენთ, განსაკუთრებით კომიკური პერსონაჟებისგან.