მანდარინის კექსი

  09:51:33     19-11-2011

მასალა:

მანდარინი  - 2 ცალი

ხილის ჩირი  - 150 გრ (ქიშმიში,გარგარი,ანანასი,ალუბალი)

ლიქიორი  - 2 ს/კ (ფორთოხლის)

კარაქი  - 150 გრ

შაქარი  - 125 გრ

კვერცხი  - 3 ცალი

ფქვილი  - 125 გრ

გამაფხვიერებელი  - 1 ჩ/კ

მანდარინის კარამელისთვის

კარაქი  - 20 გრ

შაქარი  - 1 ს/კ

ამ ნამცხვრის გემოს საიდუმლოა- მასში გამოყენებული ჩირის მრავალფეროვნება და ფორთოხლის ლიქიორი. მანდარინმა რომ არ გაუშვას წვენი შებრაწვის დროს, საჭიროა 2 მანდარინი გავფცქვნათ და 1 საათით გავაჩეროთ, რომ კანი ცოტათი მოშრეს. მაცივრიდან ამოვიღოთ კარაქი და კვერცხი რომ შეთბეს. 150 გრ ჩირი ჩავალბოთ 2 ს/კ ფორთოხლის ლიქიორში. ტაფაზე გავაცხელოთ 20 გრ კარაქი, დავაყაროთ 1 ს/კ შაქარი და ჩავყაროთ მანდარინი. შევბრაწოთ მანდარინი ორივე მხრიდან 2 წუთის განმავლობაში. შებრაწული მანდარინი გადმოვიღოთ თეფშზე და გავაციოთ. ტაფაზე სადაც ვწვავდით მანდარინს, ჩავყაროთ ლიქიორში ჩალბობილი ჩირი. გავაჩეროთ ცეცხლზე სანამ ლიქიორი არ ამოშრება. 150 გრ კარაქი და 125 გრ შაქარი კარგად ავთქვიფოთ. დაახლოებით დაგვჭირდება 5 წუთი. ნელ-ნელა დავამატოთ თითო კვერცხი და თან ვთქვიფოთ. ჩავყაროთ 125 გრ გაცრილი ფქვილი 1 ჩ/კ გამაფხვიერებლით. დავამატოთ ჩირი და ავურიოთ. ცომი უნდა გამოვიდეს სქელი, თუ გათხელდა დაამატეთ ფქვილი. კექსის ფორმას წავუსვათ კარაქი და დავაყაროთ ფქვილი. ფორმაში გადმოვიღოთ ცომის ნაწილი, ზემოდან დავადოთ კარამელიზებული მანდარინი და გადმოვიღოთ დანარჩენი ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში. ცხელ კექს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.