აშშ ირანს ახალი ტიპის იარაღით ემუქრება
09:31:16     19-11-2011
ამერიკის შეერთებული შტატები ირანისგან, უმოკლეს ვადაში, ბირთვული იარაღის წარმოების შეჩერებას ითხოვს. ვაშინგტონმა თეირანს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ პროგრამა 2012 წლის გაზაფხულამდე არ შეჩერდება, შტატები ისრაელის შეკავებას აღარ შეეცდება. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი უკვე დიდი ხანია ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმას ითხოვს.
მცირე ხნით ადრე, ებრაულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიდრე ირანი ბირთვული იარაღის წარმოებითაა დაკავებული, არც ისრაელი ზის ერთ ადგილზე. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ისრაელმა ელექტრონული და კიბერნეტიკური იარაღი შექმნა, რომელსაც შეუძლია ელექტრონული კომუნიკაცია - ინტერნეტი, ფიჭური კავშირგაბმულობა და ელექტროგაყვანილობის სისტემები მწყობრიდან გამოიყვანოს.
საერთოდ კი, ისრაელი, უკვე დიდი ხანია, ირანის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრას უჭერს მხარს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პარლამენტს ირანის ბირთვულ ობიექტებზე პრევენციული დარტყმების განხორციელებისაკენ მოუწოდებს. ქვეყანამ საამისოდ უკვე გამოსცადა ახალი, კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „იერიქონი 3“, რომელსაც, სავარაუდოდ, ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისათვის გამოიყენებენ.
ამის შემდეგ, პრესაში გამოჩნდა ფოტორეპორტაჟი, სადაც ასახულია ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალების და ისრაელის ერთობლივი სწავლებები, რომელთა მიზანსაც ისრაელის ოფიცრებისათვის ალიანსის სამხედრო ტექნიკის გაცნობა წარმოადგენდა.
„გარდიანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პარალელურად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის, სერიოზულ მზადებას გადის დიდი ბრიტანეთიც. როგორც ირკვევა, ლონდონი სერიოზულად შეშფოთებულია თეირანის ბირთვული პროგრამით და უახლოეს პერიოდში, ამერიკელების დახმარებით, ბრიტანეთის სამხედრო ფლოტის სერიოზულ გადახალისებას გეგმავს, რათა ის ირანზე შესაძლო თავდასხმისათვის მოამზადოს.
თუმცა, ირანზე თავდასხმის წინააღმდეგია საფრანგეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო ჩარევა მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. თავის მხრივ, ირანი საერთაშორისო საზოგადოების ყველა ბრალდებას კვლავ უარყოფს და საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე ინსპექციის ჩასატარებლად ბირთვული სააგენტოს სპეციალისტებს იწვევს. არ არის გამორიცხული, რომ ორგანიზაციამ ეს მიწვევა მიიღოს და ისლამურ რესპუბლიკას ახლო მომავალში ესტუმროს.