როგორი იქნება ერაყი ამერიკელების წასვლის შემდეგ
16:36:41     18-11-2011
კალსუს ბანაკი, რომელიც ბაღდადიდან 50 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, მთელი ამ წლების განმავლობაში, სამხედრო დაჯგუფებების სატრანზიტო ობიექტი იყო. დღეისათვის კი, იგი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილია.
„მე აქ ექვს წელიწადზე მეტი გავატარე და მთელი ამ წლების მანძილზე, ჩვენ იმას ვაკეთებდით, რასაც გვთხოვდნენ“, – აღნიშნავს კონტრაქტორი ჯონი.
ყოველდღიურად, კალსუს გავლით ქუვეითისკენ, სადაც მუდმივი დისლოკაციის ბაზა მდებარეობს, გადის სამხედრო სატვირთოებისა და ტანკების კოლონები.
დღეს კი, ჯონი და მასთან ერთად ათობით ათასობით ამერიკელი სამხედრო შინ დაბრუნებას აპირებენ, მათი მისია დასრულებულია. მაგრამ არის თუ არა იგი შესრულებული?
კონფლიქტის უმაღლესი ღირებულება
ერაყის ომი ამერიკას დაახლოებით ტრილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა. ამ კონფლიქტის ფარგლებში თითქმის 4500 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
არ არის გასაკვირი, რომ დღეს, როცა ამერიკელები ერაყიდან გამოდიან, ბევრს აქვს რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა. ერთ–ერთი მათგანი კი ასე ჟღერს: რისთვის იყო საჭირო ამხელა მსხვერპლი?
„დღეს მე ვხედავ, როგორ გაიხსნა ბაზრები, გაიყვანეს წყალგამყვანი მილები, მოაწესრიგეს ელექტროობა. ამერიკელი სამხედროებისა და ერაყის მმართველობის თანამშრომლობის შედეგად, ცხოვრება აქ კალაპოტში ჩადგა და მშვიდად მიედინება. მე კი ვამაყობ იმით, რომ ამ შედეგში ჩემი ხელიც ურევია“, – აღნიშნავს კალსუს ბანაკის ხელმძღვანელი, ჯეისონ კიდერი.
მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ერაყში 2003 წლიდან ასი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ უკანასკნელ თვეში, სროლებისა და აფეთქებების შედეგად 250 ადამიანი გარდაიცვალა და ეს ყველაზე მძიმე თვე არ ყოფილა.
ერაყელები ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ. ქვეყანაში მართალია ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
შეუძლებელია იმის თქმა სამართლიანია თუ არა, მაგრამ ერაყელების გარკვეული ნაწილი საკუთარ უბედურებაში ამერიკელ ჯარისკაცებს სდებენ ბრალს.
„ამ ომით ბევრმა მოიგო, მათ შორის ქუვეითმა, საუდის არაბეთმაც და ირანმაც კი. სანამ ამერიკელები ერაყითა და ავღანეთით არიან დაკავებულნი, ირანს შეუძლია ნებისმიერი რამის გაკეთება, რაც მოესურვება. ჩვენს ქვეყანაში კი სხვები წყვეტენ ერთმანთს შორის არსებულ უთანხმოებას“.
როცა 2011 წლის 25 თებერვალს, არაბული სამყარო საპროტესტო ტალღამ მოიცვა, ბაღდადის მცხოვრებლებიც გამოვიდნენ ტაჰირის მოედანზე და ისინი კორუფციის დასრულებას მოითხოვდნენ.
ერთი წლით ადრე, მათ მხარი კოალიციურ მთავრობას დაუჭირეს, ერთი წლის შემდეგ კი ამომრჩევლებმა ღიად გამოხატეს მათი არჩევანით გამოწვეული უკაყოფილება. სადამ ჰუსეინის მმართველობის ფარგლებში კი ასეთი რამ დაუშვებლი იყო. თუმცა, ძველი წესჩვეულებები მათში იმდენად იყო გამჯდარი რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები მოედნიდან გავიდნენ, მათი ადგილი უსაფრთხოების სამსახურმა დაიკავა.
„რამდენიმე წუთის შემდეგ, მათ გაასუფთავეს მთელი მოედანი, – იხსენებს დამოუკიდებელი ჟურნალისტი, დენიელ სმიტი.– შემდეგ სროლა ატყდა, ადამიანები ჩემს გარშემო ძირს ცვიოდნენ. შესაძლოა ისინი დაჭრილებიც კი ყოფილიყვნენ, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მათ ცემას განაგრძობდნენ“.
ერაყი და ამერიკის შეერთებული შტატები
მას შემდგე, დენიელ სმიტი, თითქმის ყოველ პარასკევს მიდის ტაჰირის მოედანზე. მისი თქმით, ადამიანების დაშინება კვლავ გრძელდება, თუმცა ეს არც თუ ისე შესამჩნევია.
„ამ დემონსტრაციის შემდეგ, მოედნიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, თითქმის ქალაქის მეორე ბოლოში, ერთ–ერთ კაფეში ოთხი ჟურნალისტი იპოვეს, დააპატიმრეს და დაემუქრნენ, რომ ისინი თუ კვლავ გამოჩნდებიან მოედანზე, მათ გააუპატიურებენ ან სცემენ,“ – აღნიშნავს სმიტი.
ბი–ბი–სი კი იუწყებოდა, რომ როცა ისინი მოედანზე იმყოფებოდნენ, მაშინ უსაფრთხოების სამსახურის ფორმიანი თანამშრომლები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე თავად დემონსტანტები. ამასთანავე, მოედანზე იყვნენ სპეცსამსახურების აგენტები, სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილნი.
უკანასკნელი კვირის განმავლობაში, ერაყში დაახლოებით 800 ადამიანი დააპატიმრეს. მათ ბრალი ედებათ ბაასის პარტიასთან თანამშრომლობასა და ამერიკელების გასვლის შემდეგ ტერაქტის მზადებაში.
ერთი მხრივ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჯერჯერობით, ერაყში ყველას არ უთქვამს უარი ძალადობასა და ტერორიზმზე. მას შემდეგ, რაც 2003 წელს კოალიციის სამხედრო ძალები ერაყში შევიდნენ, პარტია ბაასი უკანონოდ გამოცხადდა და სუნიტებს აეკრძალათ ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობის მიღება. ისინი შიიტებმა ჩაანაცვლეს. სწორედ მათ მოიგეს ყველაზე მეტად სადამ ჰუსეინის ლიკვიდაციით. მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორედ ისინი ატარებენ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ამა თუ იმ ღონისძიებას. ყოველ პარასკევს ასობით მამაკაცი იკრიბება ტრადიციულ ლოცვებზე და ყოველ პარასკევს ისინი ამ დევიზით მოქმედებნ: „არა – ამერიკა!“
მოკტად სადრი არის ადამიანი, რომელიც შთააგონებს ამ ადამიანებს და მოქმედებს ამერიკის წინააღმდეგ. სწორედ იგი უქმნიდა უამრავ პრობლემებს კოალიციას. დეკემბრის ბოლოს ერაყიდან ამერიკის ჯარების გასვლამ კი ბევრს შესაძლოა აფიქრებინოს, რომ ამით მოკდატმა მოიგო.