ლადო ასათიანის ლექსი „ივანე ჯავახიშვილისადმი“ (გარდაცვალების დღე)
14:14:26     18-11-2011
1940 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა დიდი ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე ივანე ჯავახიშვილი. დაკრძალეს მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტის ბაღში, პეტრე მელიქიშვილის გვერდით. უნივერსიტეტის ეზო ხომ მეორე მთაწმინდაა ჩვენთვის.
დღეს, მისი გარდაცვალების დღის აღსანიშნავად ვაქვეყნებთ შესანიშნავი ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის ლექსს „ივანე ჯავახიშვილისადმი“. ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ამა წლის 23 (ძველის სტილით 11) აპრილს გამოვაქვეყნეთ წერილი: „ენციკლოპედიური ტალანტის ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი“.
დღეს, იმ ჩემი წერილიდან რამდენიმე აბზაცი მინდა გავიმეორო:
„საქართველოს ისტორია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ნორმალურად შესწავლილი არ იყო. ისტორია მეცნიერული შესწავლის საგანი, ფაქტიურად, XX საუკუნეში გახდა საქართველოში. ამ დროს უამრავი საქმე იყო გასაკეთებელი. ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას არ ჰქონდა საშუალება, არც თანხები, არც უნივერსიტეტი და აკადემია და ა. შ. მძლავრი სამეცნიერო კვლევებისათვის. საისტორიო კვლევების ტრადიციაც თითქმის აღარ არსებობდა.
ასეთ ვითარებაში, მხოლოდ ტიტანური ენერგიისა და ტალანტის პატრონს შეუძლია გააკეთოს ის, რაც გააკეთა დიდმა ივანე ჯავახიშვილმა. არ არსებობს საქართველოს ისტორიის არც ერთი პერიოდი თუ საკითხი, რომლის შესახებ დიდ ივანე ჯავახიშვილს ფუნდამენტური და მონოგრაფიული ხასიათის შრომები არ დაეტოვებინოს (ქართველო ხალხის წარმოშობა, ქართველი ერის ისტორია, საქართველოს ეკონომიკური ისტორია, საქართველოს ისტორიული საზღვრები, ძველი ქართული ლიტერატურის საკითხები, ქართული სამართლი, ნუმიზმატიკა, დამწერლობათმცოდნეობა, საზომთმცოდნეობა და ა. შ.).
XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის პირველი ნახევარი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ახალი, III ქართული რენესანსი (I - დიდი საქართველოს დროს, II - XVII-XVIII საუკუნებში). ასეთი აღმავლობა ქართულ მეცნიერებას, ქართულ ლიტერატურას, საერთოდ, ქართულ სულისკვეთებას იშვიათად ჰქონია.
როცა გაიხსენებ ივანე ჯავახიშვილს, უსათუოდ მიხვდები, რომ ღმერთს ქართველი ერი დასაღუპად და გადასაშენებლად განწირული არ ჰყავს. ამის დამამტკიცებელია ივანე ჯავახიშვილისადმი უფლისგან მინიჭებული უნიკალური ტალანტი და შრომისმოყვარეობა. მან ხომ მთელი საისტორიო სკოლა ჩამოაყალიბა და საქართველოს ისტორია სახალხოდ ცნობილი გახადა. აქვე თუ გაიხსენებ, როგორი მეგობრები და მოწაფეები ჰყავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩამოყალიბებისას, უსათუოდ მიხვდები, რომ მის სამშობლოს ღვთის სიყვარული და მადლი არ აკლია. ისტორიის შესწავლიდან იწყება სამშობლოს სიყვარული და მომავალი საზოგადოებისა და სახელმწიფოს აღმშენებლობა, მაშასადამე, ივანე ჯავახიშვილი არის ერთ-ერთი საფუძველთაგანი ჩვენი მომავალი სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ხალხის მარადიული არსებობისა...
... ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების, მოღვაწეობისა და დამსახურებების აღწერა-წარმოჩენას მონოგრაფია თუ ეყოფა, ძალიან მეეჭვება“.
ივანე ჯავახიშვილისადმი
როცა წარსულის სიღრმისაკენ ეტრატით ხელში
შებრუნდებოდი და შუქს ჰფენდი, როგორც მთოვარე,
მაგონდებოდა მე მშვენება ვახტანგ მეექვსის,
სამეფო კვერთხით სამეუფო ტახტზე მჯდომარე.
როგორც მლოცველი, მზედალეულ ლანდთა მხილველი,
ძველს ქართულს სიტყვას მოუხმობდი, აბატონებდი,
და ნათლდებოდნენ შენს თვალებში გასაკვირვებლად
ქართლის ცხოვრების ფერწასული კაბადონები.
ფოთლისა გვარად ცახცახებდა ფურცელი ძველი,
რომ გაცოცხლება შენს ბაგეთა შიგან ეღირსა:
ხან პატივაყრილ ქრისტეანთა ცრემლები მწველი
და ხან ჭიხვინი გამხეცებულ თემურლენგისა.
ვით ჯადოკაცი, უხსოვარი დროის უბეში
შეიჭრებოდი, რომ იქიდან გამოგეტანა
პერგამენტივით დახვეული ფიქრის ღრუბელი
და შემდეგ მაინც „კი მაგრამა“ გეთქვა ნეტარად.
დახავსებული პალატები ერთხმად ამღერდნენ,
ოდეს უტყვ სულში ჩასწვდათ შენი ხმა უვნებელი,
ნათელო კაცო, სიკვდილის ფრთა ვერ დაგაბნელებს,
შენ საქართველოს ისტორიის ხარ რჯულმდებელი!
ნათელო კაცო, თუმც განხვედი და განისვენე,
შენი ჭაღარა ძველებურად ისევ კაშკაშებს,
ისევ კაშკაშებს და წიგნისკენ უხმობს ისევე
შავულვაშიან და შავგვრემან ქართველ ვაჟკაცებს.
როცა წარსულის სიღრმისაკენ ეტრატით ხელში
შებრუნდებოდი და შუქს ჰფენდი, როგორც მთოვარე,
მაგონდებოდა მე მშვენება ვახტანგ მეექვსის,
სამეფო კვერთხით სამეუფო ტახტზე მჯდომარე.
ლადო ასათიანი
1941