ჯოტო დი ბონდონე
11:49:23     18-11-2011
ჯოტო წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფიგურას ხელოვნების ისტორიაში, რომელმაც გაარღვია შუასაუკუნეობრივი ხელოვნების ზღვარი, გადალახა ბიზანტიური ხატმწერული ტრადიციები და გახდა იტალიური რენესანსის ერთ-ერთი დამაარსებელი. ჯოტოს აკლდა ანატომიის ის ტექნიკური ცოდნა, რომელიც მისმა შემდგომმა მხატვრებმა განავითარეს. თუმცა, მას გააჩნდა უნარი, გამოესახა ადამიანური, მიწიერი განცდები, და ტრადიციულ რელიგიურ თემატიკაში შეექმნა სიცოცხლით სავსე სახეები.
ცნობები ჯოტოს ადრინდელი ცხოვრების შესახებ ხშირად ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხველია. გავრცელებული აზრით, ჯოტო დაიბადა ვესპინიანოში, ფლორენციასთან ახლოს. მისი მამის სახელი იყო ბონდონე; თავად ჯოტო შეიძლება იყოს როგორც ნამდვილი სახელი, ასევე Ambrogio-ს ან Angelo-ს კნინობითი ფორმა. ჯოტოს მთავარი ბიოგრაფის, ჯორჯიო ვაზარის გადმოცემით, მხატვარმა ბავშვობა მეცხვარეობაში გაატარა. ვაზარის მიხედვით, დიდმა ფლორენციელმა მხატვარმა, ჩიმაბუემ დაინახა, თუ როგორ ხატავდა 11 წლის ჯოტო ცხვრებს კლდეზე და ნახატით მოხიბლულმა აიყვანა შეგირდად. მკვლევართა ნაწილი ამ ისტორიას ლეგენდად აფასებს და თვლის, რომ ჯოტო იყო ფლორენციაში გადასახლებული მდიდარი ოჯახის შვილი, რომელიც შეგირდად ჩიმაბუეს მიაბარეს. თუმცა, მკვლევართა დავის საგანია ისიც, საერთოდ იყო თუ არა ჯოტო ჩიმაბუეს შეგირდი.
დაახლოებით 20 წლის ასაკში ჯოტომ ცოლად შეირთო რიჩევუტა დი ლაპო დელ პელა (ჩიუტა) ვისგანაც ეყოლა 8 შვილი, რომელთაგანაც ერთი, ფრანჩესკო, შემდგომში მხატვარი გახდა. 1288 წლისათვის დაიწყო წმინდა ფრანჩესკოს სახელობის ზედა ტაძრის მოხატვა ქალაქ ასიზში. მიჩნეულია, რომ ფრესკების სერია, რომელიც ასახავს წმინდა ფრანჩესკო ასიზელის ცხოვრებას, ჯოტოს ნამუშევარია. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ჯოტოს ცნობილი 5 მეტრი სიმაღლის ჯვარცმა და ხარების ფრესკა (ორივე სანტა მარია ნოველას ტაძარში, ფლორენცია).
საუკუნის ბოლოს, ჯოტო მუშაობდა რომში, სადაც შემორჩენილია მისი ფრესკები წმინდა იოანე ლატერანელის ბაზილიკაში. ამ პერიოდისათვის, ჯოტო ცნობილი მხატვარი ხდება. წყაროების თანახმად, მე-14 საუკუნის დასაწყისისთვის ის უკვე ფლობს მსხვილ მამულს ფლორენციაში და შეკვეთებს იღებს მთელი იტალიიდან.
1303-1310 წლებში, ჯოტომ შექმნა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, სკროვენის კაპელას (იგივე არენას კაპელა) ინტერიერის დეკორაცია პადუაში. კაპელა, რომელიც გარედან წარმოადგენს ვარდისფერი აგურით აშენებულ უბრალო შენობას, მიძღვნილია ხარებისადმი და დეკორაციის თემაა ხსნა, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთებულია მარიამ ღვთისმშობელზე. შუასაუკუნეების ტრადიციისამებრ, დასავლეთ კედელზე გამოსახულია საშინელი სამსჯავრო.
ამავე პერიოდში ჯოტომ მოიარა მთელი იტალია, რომლის დროსაც ქმნიდა დიდგვაროვნების და საეკლესიო მოღვაწეების პორტრეტებს. 1311 წელს ჯოტო დაბრუნდა ფლორენციაში, სადაც შექმნა მოზაიკა ("ნავიჩელა"), ამჟამად დანგრეული წმინდა პეტრეს ძველი ტაძრისათვის, რომლის მხოლოდ ფრაგმენტებია შენარჩუნებული. 1318 წელს დაიწყო ფლორენციის სანტა კროჩეს ბაზილიკის ოთხი კაპელის მოხატვა. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ბარდის კაპელა, სადაც კვლავ წმინდა ფრანჩესკო ასიზელის ცხოვრების ამსახავი თემატიკაა ასახული. ამ ფრესკებში ჯოტო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანთა ფიგურების გამოსახვას და უფრო მარტივ არქიტექტურულ ფორმებს.
1328-1333 წლებში ჯოტო მოღვაწეობდა ანჟუელთა კარზე, ნეაპოლში, სადაც მეფე რობერტ ანჟუელმა მას კარის მხატვრის წოდება მიანიჭა. 1334 წელს, დაინიშნა ფლორენციის სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრის მთავარ არქიტექტორად, რომლის კოშკი (კამპანილე) ჯოტოს სახელს ატარებს, თუმცა მხატვარი მის დასრულებას ვერ მოესწრო.
ჯოტო გარდაიცვალა 1337 წელს. ჯორჯიო ვაზარის მიხედვით, იგი დაასაფლავეს ფლორენციაში, სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარში.