მალე პენტაგონს ვეღარავინ დაემალება
10:32:00     18-11-2011
როგორც დასავლური პრესა იუწყება, ამერიკელი სამხედროები ახალი, ამბიციური ორბიტალური პროექტის რეალიზებისათვის ემზადებიან, რომელიც, საბოლოო ჯამი, სადღეღამისო ინტერნეტ კავშირით დაფარავს მთელ დედამიწას და იმ ადგილებსაც კი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს.
ეს იდეა, თავდაპირველად, „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელს, ბილ გეითსს ეკუთვნოდა. ახლა კი, პენტაგონმა ის განსახილველად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტს უკვე გადასცა, რომლისგანაც, ამ პროექტის 15 წლის განმავლობაში განსახორციელებლად, 22 მილიარდ დოლარს ითხოვს. ამ კავშირის გამოყენებას სამოქალაქო პირებიც შეძლებენ.
გლობალურ ინტერნეტ ქსელს 288 კოსმოსური აპარატი უზრუნველყოფს. სისტემის საყრდენი, თანამგზავრული სისტემა GPS გახდება. სამხედროების შეთავაზებით, მისი ინტეგრირება მცირეორბიტალურ ქსელ, კავშირ Iridium–ში მოხდება. დღეისათვის, ეს ოპერატორი მომსახურებას მთელ მსოფლიოს უწევს და GPS–ის მსგავსად, მისი პარტნიორიც პენტაგონია. Iridium–ის სისტემაში 66 თანამგზავრი შედის, სამი წლის შემდეგ კი, ის მესამე თაობის ახალ თანამგზავრებს მიიღებს.
როგორც ირკვევა, ახალი სისტემა უფრო ძლიერ სიგნალებს მიიღებს და გაცილებით დიდი სიზუსტით განსაზღვრავს ობიექტის კოორდინატებს. ამ დროისათვის, GPS კოორდინატებს 3 მეტრის სიზუსტით განსაზღვრავს, მესამე თაობის თანამგზავრების სიზუსტე კი დაახლოებით 90 სმ იქნება. თუმცა, სამხედროები პირობას იძლევიან, რომ 2025 წლისათვის, სიზუსტის განმსაზღვრელი კოორდინატები 15 სმ–მდე დავა.