გალაკტიონის დაბადების დღისადმი

  20:20:31     17-11-2011

1891 წლის 5 (ახალი სტილით 17) ნოემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (იმერეთში სხვა ჭყვიშიც არსებულა) დაიბადა გალაკტიონი.

გალაკტიონზე ძნელია თქმა, გენიალური, დიდი და ა. შ. გალაკტიონზე შეგვიძლია ვთქვათ - გალაკტიონი, და საკმარისია.

მოუნათლავთ 1892 წლის 3 იანვარს. მონათლა პაპამ, მღვდელმა სტეფანე ტაბიძემ. გალაკტიონის მამა, ვასილ ტაბიძე, - რომელსაც იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის თანხმობით უნდა გამხდარიყო იქაური მრევლის მოძღვრი, მამის, სტეფანეს მაგივრად, - გარდაცვლილი იყო უკვე. ის ვერ მოესწრო თავისი მეორე ვაჟის დაბადებას.

ვასილი, მამამ, მღვდელმა სტეფანემ წარუდგინა ეპისკოპოს გაბრიელს. მეუფეს დარიგებები მიუცია მღვდლად გამზადებულისათვის. ქუთაისიდან დაბრუნებისას ვასილი გაცივებულა, ფილტვების ანთება დამართნია და გარდაცვლილა 1891 წლის 23 თებერვალს, სრულიად ახალგაზრდა, 35 წლისა.

 1892 წელს „გაზეთი „ივერია“ (# 62) ვასილ ტაბიძეზე წერდა: „სიკვდილმა გამოაცალა ამ სოფელს ერთი ახალგაზრდა მასწავლებელი ვ. ტაბიძე. განსვენებული იყო ადგილობრივი მღვდლის შვილი, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში კურსდამთავრებული. მას ჰქონდა ამ სოფელში თავისი ხარჯით გამართული სკოლა და დიდის გულმოდგინებით ეწეოდა მასწავლებლის უღელს. განსვენებული მეტად სამაგალითო ადამიანი იყო თავის ხასიათით და სათნოებით. მისი მოღვაწეობა სასასწავლებლო ასპარეზზე ყოვლად უანგარო იყო. მის გულში არც ერთხელ არ გაუვლია არც ერთს დაბალს და ქვენა გრძნობას. ის იყო აღვსილი მხოლოდ ერთის აზრით: თავისი წვლილი შეეტანა გლეხკაცის განათლების საქმეში. გლეხებიც ხედავდნენ მის ასეთ ღირსებას და ამისთვის, რა დროსაც უნდა მისულიყავით მის სკოლაში, ყოველთვის სავსე იყო მოსწავლე ბავშვებით. განსვენებული არ სჯერდებოდა სკოლაში მასწავლებლობას, ყოველ კვირა უქმე დღეს მოვიდოდა სასაფლაოზედ და უკითხავდა ხალხს სხვადასხვა ქართულ წიგნს, რომლითაც მდიდარი იყო მისი ბიბლიოთეკა.“

გალაკტიონის დედა, მაკრინე გიორგის ასული ადეიშვილი, ასევე მღვდლის შვილი გახლდათ. მაკრინეს შესახებ მისი მაზლიშვილი სიმონ ტაბიძე იგონებდა: „მაკრინე იყო ზედმიწევნით სუფთა ქალი, ნელი მკეთებელი, ოჯახური საქმეები, რაც კი ქალს შეეფერებოდა, ყველაფერი იცოდა, ჭრა-კერვის ოსტატი იყო, მთელ სოფელში მარტო მაკრინეს ჰქონდა საკერავი მანქანა. მაკრინე ამზადებდა არაჩვეულებრივ მალამოებსა და წამლებს, მკურნალობისათვის იგი გასამრჯელოს არ იღებდა. მისი ძირითადი შემოსავალი მეურნეობა იყო, რიონი დიდ ზარალს აძლევდა, მაგრამ ნოყიერი მიწა საზრდოზე მეტს იძლეოდა და მას სიმინდი გასაყიდადაც რჩებოდა. უყვარდა საქონლის მოვლა, ჰყავდა ძალზე ბევრი ფრინველი, ნათესავებისა და მეზობლების დიდი მოსიყვარულე იყო, მას ჰყავდა ოთხი და და ერთი ძმა.“

ვასილს და მაკრინეს გალაკტიონის დაბადებამდე ჰყავდათ ვაჟი- აბესალომი (პროკლე).

იოსებ ლორთქიფანიძეს თავის წიგნში „გალაკტიონ ტაბიძე“ მოტანილი აქვს ჭყვიშის წმინდა გიორგის ეკლესიის მატრიკული წიგნის 1892 წლის იანვრის თვის ჩანაწერი: „სქესი - მამრობითი, დაბადებული 5 ნოემბერს, ნათლისღება - 3 იანვარს, დაბადებულის სახელი - გალაქტიონი; მშობლების წოდება, მამის სახელი, გვარი და სარწმუნოება - ამავე ეკლესიის პრიჩატნიკი გარდაცვალებული ვასილ სტეფანე მღვდლის ძე ტაბიძე და სულიერი მეუღლე მისი მაკრინე მღვდლის გიორგის ასული, ორივე მართლმადიდებელი სარწმუინოებისა არიან;

მიმრქმელთა სახელი გვარი - მღვდელი თადეოზ სიმონის ძე ნამიჭეიშვილი; საიდუმლო ნათლისღება აღასრულა - მღვდლმა სტეფანე ტაბიძემ“.

დღეს, გალაკტიონის დაბადების დღეს გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი.

 

ატმის რტოო, დაღალულო რტოო...

ტმის რტოო, დაღალულო რტოო, 
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი. 
ქარიშხალი მოდის საიმდროო, 
ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი. 

მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი, 
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის. 
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი. 
ქარი კივის, ქარი კივის, კივის. 

ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი, 
ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა, 
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი... 
ატმის რტოო, დაღალულო რტოო. 

ატმის ყვავილები

რტოებში ავობს ბებერი ქარი, 
ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს. 
ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი, 
ნანაობს ქარი და მიქანაობს. 

და ქარი შეხვდა ატმის ყვავილებს, 
ვარდისფერ ღილებს შეატყო ჟრჟოლა, 
ფრთა დაატოლა გაუშლელ ღილებს, 
დასწვდა ბილილებს და აათრთოლა. 

ატმის ხე იდგა თაიგულივით, 
იქ მას მილევით უთრთოდა სული! 
შორით მოსული გაზაფხულ სხივით 
და ნამთა მძივით გარემოცული. 

ატმის ხე იდგა, ვით ნაზი ქალი, 
ვით დედოფალი უცხო მხარეში: 
სინარნარეში სწვავდა მზის ძალი, 
და გრძნობათ ალი - სიმწუხარეში. 

ატმის ხე შლილი ოცნებას ჰგავდა, 
როცა ღელავდა მზით აღჭურვილი, 
მე მისი ჩრდილი ხშირად მხიბლავდა 
და ხშირად მწვავდა ტრფობის სურვილი. 

მაგრამ ეწვია ატმის ხეს ქარი 
და ფრთა მედგარი შემოახვია, 
ახლაც ატყვია ხეს განაბზარი, 
ყვავილთა ღვარი რომ დააფრქვია. 

როგორც პეპლები, მშვიდი და ფრთხილი, 
შემდეგ აშლილი და აფრენილი - 
გადაცვენილი ატმის ყვავილი 
იყო დაღლილი და მოწყენილი. 

ოცნებათ რიგი თვალს მიეფარა! 
მტვრით გაისვარა წყალთა ლიკლიკი, 
ყვავილი იგი მოკვდა და ჩქარა 
წითლად დაფარა ბაღის ბილიკი. 

ბაღის ბილიკზე მივდივარ და თან 
გაძრცვნილ ატამთან ზღვები გროვდება, 
საღამოვდება და მზის ჩასვლასთან 
თანდათან მწუხრი მიახლოვდება. 

მე აღარ ვდარდობ... რა მსურს, რას ველი? 
ვით მზის ნათელი და ღამის ჩრდილი, 
მეფობს სიკვდილი - ჭკნობის მსურველი! 
გაქრა სურნელი, დაჭკნა ყვავილი!

 

ბავშვობის დღეები

გაფრინდა ბავშვობის დღეები. 
მინდვრები, ჭალები, ტყეები, 
უეცრად მოვიდა შავებით 
სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან. 

მწუხარე ფერხულში ჩავებით 
და თვალი ცრემლებმა დაბინდა, 
ბალახი, მდინარე, ხეები, 
დღეები, ბავშვობის დღეები. 

 

იავნანა

შენ იძინე 
პატარა ხანს, 
მე არ მძინავს 
ამ ქვეყანას, 
მე გიმღერებ 
იავნანას. 
ნანა-ნანინა.
რომ დაიცვას 
დანაშვენი, 
ჩვენი მიწა 
და ნაშენი, 
ომში არის 
მამაშენი. 
ნანა-ნანინა.
რომ წავიდა - 
დამიბარა: 
გამიზარდე 
ეს პატარა, 
წამოვიდეს 
ჩემთან ჩქარა. 
ნანა-ნანინა.
მან იგრძნო, რომ 
ჩვილზე ჩვილი 
გმირი არის 
მისი შვილი, 
გმირი, ვით 
ოძელაშვილი. 
ნანა-ნანინა.
შენი თოფი, 
შენი ხმალი 
სულ მზადაა, 
გენაცვალე, 
მამისაკენ 
გასწი მალე. 
იავ-ნანინა.
შეკაზმული 
არის ცხენი, 
გზას გილოცავს 
დედაშენი: 
წა, საგმირო 
საქმე ჰქმენი. 
იავ-ნანინა.
შენ ჩემი ხარ, 
ბიჭი შავი, 
გადალახე 
მტერთა ზვავი, 
მამულისთვის 
დასდე თავი. 
ნანა-ნანინა!

შერიგება

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი, 
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები 
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი, 
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.

დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს 
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს, 
მაისი ალით ააზამბახებს, 
ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი, 
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით: 
მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე, 
მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით.

ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე 
მშვენიერების ლექსით მქებელი: 
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე 
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი!