მთის ნიავის (გრიგოლ მეგრელიშვილის) „ყრმობის სიზმარი“
14:13:16     16-11-2011
პრესა.გე-ს მკითხველთათვის უნდა დავიწყოთ ახალი რუბრიკა - უდროოდ დაღუპული პოეტების შემოქმედება. თუმცა, აქამდეც გაგვიხსენებია უდროოდ დაკარგული პოეტები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, შალვა კარმელი (გოგიაშვილი), კიკნა ფშაველა (სიმონ ბადურაშვილი), გრიგოლ (გიგო) ხერხეულიძე, ღილა მოხევე (ნიკიფორე ღუდუშაური).
დღეს, გთავაზობთ გრიგოლ მეგრელიშვილის ლექსს - „ყრმობის სიზმარი“. იგი მთის ნიავის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის ნაწარმოებებს, -
გრიგოლ მეგრელიშვილი დაიბადა 1898 წელს გურიაში, სოფელ შუა ფარცხმაში, რომელიც ჩოხატაურთან ახლოს მდებარეობს. მამას გერასიმე ერქვა. დედა, პისტი ყენია, გრიგოლის შობიდან მალე გარდაიცვალა. მომავალ პოეტზე და მის უფროს დაზე დეიდა ანასტასია ზრუნავდა.
სწავლობდა ჯერ ქუთაისში, მერე ტფილისის გიმნაზიაში. გიორგი ლეონიძე მასზე იხსენებდა:“ყველა მასწავლებლის საყვარელი მოწაფე იყო. ახლაც მახსოვს მისი ღიმილიანი სახე: ჟღალ თვალებზე გრძელი, შავი წამწამები, ზედ ჩიტები დასხდებოდნენ. რბილი, ცოცხალი, კეთილშობილი ჭაბუკი იყო. დიდად მგრძნობიარე. ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა როგორც დაფიქრებული, მრავალმხრივ განათლებული მკითხველი. მალე ჩვენი საუკეთესო იმედი გახდა".
მეგობრობდა ალექსანდრე ქუთათელთან, სიკო ფაშალიშვილთან, დემნა შენგელიასთან, ნიკო ასათიანთან, ნიკო კეცხოველთან, შალვა კარმელთან.
1918 წელს გახდა ახალდაარსებული ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი. სწავლის დრო სად ჰქონდა პატრიოდ ჭაბუკს, თურქებმა შემოუტიეს ახალგაზრდა სახელმწიფოს. გრიგოლ მეგრელიშვილი მოხალისედ წავიდა ფრონტზე - სამშობლოს მსხვერპლად უნდა შევეწიროო! - უთქვამს.
ლექსებს სიყმაწვილიდანვე წერდა. მისი პირველი ლექსი 1914 წელს გამოქვეყნდა „თემში“. მანამდე პრიზიც კი აუღია გიმნაზიის პოეტურ კონკურსში. მის შესახებ მერე აღფრთოვანებით წერდნენ შალვა კარმელი, გიორგი ლეონიძე და სხვები. ვალერიან გაფრინდაშვილს მისთვის „რითმის პაჟი და არგონავტი“ უწოდებია, ნიკო კეცხოველი იგონებდა: „იგი ლექსს დაუფლებული იყო უჩვეულოდ. წერდა მეტისმეტად ადვილად, მსუბუქად. შეეძლო საკლასო შრომაც კი ლექსად დაეწერა. ერთხელ საკლასო შრომა „ვეფხისტყაოსნის ქალები" შოთას ლექსით დაწერა, შოთას რითმა კი არსად უხმარია. ჩვენმა მასწავლებელმა, პეტრე მირიანაშვილმა, ესღა უთხრა, შენ მოყოლით უნდა დაგეწერა, მაგრამ ესეც კარგიაო! განსაკუთრებით მაჯამის ჯადოქარი იყო..."
არ შეუშინდა აგრესორებს. ებრძოდა აჭარაში, ბათუმთან - თურქებს, იმერეთში, საჩხერეში - ოსებს, აფხაზეთში, უფრო სწორად ჯიქეთში დენიკინის რუს ბანდიტებს. შემდეგ მესხეთში, ფოცხოვში იცავდა საქართველოს, სადაც მოკლეს კიდეც სამშობლოსათვის თავგანწირული 21 წლის პოეტი, 1919 წლის 30 იანვარს...
წლების მერე გრიგოლ ლეონიძემ მოიძია მისი საფლავი ზემო ფარცხმაში და დაკარგვას გადაარჩინა. 1973 წელს გამოვიდა ნიკო კეცხოველის მიერ მოგროვებული, გიორგი ლეონიძის ბოლოსიტყვით, მისი ლექსების კრებული - „შუქურვარსკვლავი“
რამდენიმე წლის წინ გამოიცა მთის ნიავის კრებული „ბედის მდინარე“.
მის შესახებ საუბარი სხვა დროსაც გვექნება.
ყრმობის სიზმარი
1
მე მაგონდება ყრმობის სიზმარი,
თითქოს ცად მქონდა თავშესაფარი,
ვარსკვლავებს შორის დავნავარდობდი,
ვარსკვლავებს ვკრეფდი, არას ვდარდობდი.
თვალწინ მიდგება, ვით ვფრენდი მაღლა,
მიგალობებდა ანგელოზთ გუნდი,
ვერა, ვერ ვგრძნობდი, რა იყო დაღლა,
ვერ მიმონებდა კაეშნის ხუნდი.
ეხლაც სიზმარი ის არ მშორდება
თუმც ვიცი, აღარ განმეორდება.
2
შენ ჩემის ლოცვით გასაზრდოებდი,
მჯეროდა - შვებას შენში ვპოებდი;
არ, რა ვიცოდი, სულის იავ, ეს,
თუ კვლავ იგრძნობდა სულის სიავეს;
მაგრამ მყის გაჰქრა სიამე სრული,
ჟამს გარდასულსა ვერ განაახლებ,
აწ, დაე, მაჩნდეს იარა წყლული,
კმარა, გამშორდი, ხელს ნუღარ მახლებ,
დღეს ტრფობა შენი ჩემგან შორს არის,
როგორც ის წმინდა ყრმობის სიზმარი.
1914 წ.