გოდერძი ჩოხელი გარდაცვალების დღისადმი („ცასწავალა“)
14:11:10     16-11-2011
2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, სცენარისტი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი.
სულ ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან...
გოდერძი ჩოხელის შესახებ ვწერდით მის დაბადების დღეს, 2 ოქტომბერს. მაშინ გავიხსენეთ მისი მოთხრობა „სიცოცხლის საგალობელი“...
დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში (ჩოხთან ახლოს).
სწავლობდა ჩოხის რვაწლიან სკოლაში, მერე ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 1974 წლიდან კინოსარეჟისორო ფაკულტეტზეა. დაამთავრა 1979 წელს. დაიწყო მუშაობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორად.
1981 წელს გახდა მწერალთა კავშირის წევრი. 1980 წელს კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი. მისი ნაწარმოებები 1997 წლიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში. 1980 წელს გამოიცა გოდერძი ჩოხელის პირველი წიგნი ”წერილი ნაძვებს”, რომელსაც წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა.
გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი“, „თევზის წერილები“, „შემინახე,დედაო მიწავ!“, „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“. ლექსების კრებული: „ბედი მდევარი“, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე „შავი არაგვი”, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: „მგელი“, და „მღდვლის ცოდვა“.
გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: 1980 წელს „ბაკურხეველი ხევსური”; 1981 წელს – „აღდგომა”, „ნამეხარი მუხა”, „ადგილის დედა”, რომელმაც 1982 წელს გერმანიაში, ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო დიდი პრიზი (გრანპრი); 1984 წელს – „ადამიანთა სევდა”; 1986 წელს – „წერილი ნაძვებს”; 1988 წელს – „უცხო”; 1989 წელს – „თეთრი ალამი”; 1990 წელს – „ცოდვის შვილები”. ფილმს მიღებული აქვს პრიზები: 1990 წელს მონტე-კარლოს კინოფესტივალზე მიიღო 2 პრიზი, ვერცხლის ნიმფა და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი. 1992 წელს კი იაპონიაში ქალაქ ხიროსიმაში ჟიურის სპეციალური პრიზი. 1992 წელს მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო პრემია. კინოფესტივალზე „ოქროს არწივი”, საუკეთესო სცენარისათვის ჟიურის სპეციალური პრიზი; 1997 წელს გადაიღო „სამოთხის გვრიტები”; 1998 წელს - „ლუკას სახარება”. ფილმმა კინოშოკზე მიიღო პრიზი საუკეთესო სცენარისათვის. 1999 წელს მართლმადიდებელ კინოფესტივალზე კი რუსეთის პატრიარქის, ალექსი II მიერ დაწესებული პრიზი; 1999 წელს გოდერძი ჩოხელმა გადაიღო „მიჯაჭვული რაინდები”, რომელიც ორი პრიზით დაჯილდოვდა, საუკეთესო პროდიუსერისათვის და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის; 2003 წელს გადაიღო ფილმი „სიყვარულის ცეცხლი”.
როგორც ვთქვით, გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა 2007 წლის 16 ნოემბერს. დასაფლავებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.
დღეს, გავიხსენოთ მისი მოთხრობა „ცასწავალა“...
ცასწავალა
ვუძღვნი
პატარა უფლისწულის ხსოვნას
მეტნაკლებად
ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.
ცასწავალა
ღობემძვრალაზე
ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებულ მთის ფერდობზე გავიცანი.
ზაფხულობით
ჯერ თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კანკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.
ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე. გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახდა: ცასწავალ! ცასწავალ!
სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ჩხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ყვავილებიც კი შეიშმუშნენ.
ცასწავალამ
ერთხანს იფრინა ასე და უცებ ისევ დაბლა დაეშვა. მოდიოდა და ახალა იმას იძახდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!
ჩამოვიდა და ბალახებში გაუჩინდარდა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ამით თითქოს თავს იმართლებდა. თავის უღონობას მალავდა, რათა სხვებს არ გაეგოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო.
ჯერ უთმინეს ფრთოსნებმა ეს ტყუილი. მერე კი, ეტყობა, საწყენად მიიღეს, ჩემს იქით, კანკეშიან გორზე, იწყეს შეკრება. მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეტყობა, რაღაც თავისებური უმავთულო ტელეფონები აქვთ, თორემ როგორ გააგებინეს ასე უცებ ერთმანეთს: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათასნაირად ჩაცმულები. გორზე ტევა აღარ იყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ.
ბალახებიდან
ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - ყვიროდა ის, მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ის-ის იყო, ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებილ ფრინველებს ორი მიმინო გამოეყო, ეცნენ ცასწავალას და გაკოჭეს, აღარ აცალეს დამალვა. მიმინოებმა ცასწავალა გორზე შეკრებილ ფრთოსნებს მიჰგვარეს. იმათ ამოირჩიეს მოსამართლე და დაიწყო სასამართლო.
მე, ჩუმად, ახლოს მივიწიე, რომ კარგად დამენახა, რა მოხდებოდა.
მოსამართლე
ყვავმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო:
- მოქალაქე
ცასწავალა,
თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მოტყუება. მითხარით, ვინა გყავთ ცაში?
- არავინ,
- თქვა სევდიანად ცასწავალამ.
- ვაა! - აღმოხდა ყვავს, - როგორ თუ არავინ, მაშ ვისთან მიდიოდი?
- ისე, ცაში მინდოდა წასვლა.
- ვისთან,
ვინ დაგპატიჟათ, რა მიზეზით?
- არა, არავის დავუპატიჟნივარ,
მაგრამ...
- „მაგრამ“
აქ გამორიცხულია, მოქალაქე ცასწავალა, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადოებას. განა შეიძლება ამდენი ტყუილი? მეტი საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუებ, ცასწავალ, ცასწავალ! და მერე ურცხვად იმეორებ, ვტყუი, ვტყუი! - ვინ არის შენი მოსატყუებელი. უფროსებისა მაინც არა გრცხვენია? სახლში ვინა გყავს?
- არავინ.
- ობოლი ხარ?
- დიახ...
- თქვა საბრალო ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამალა.
- საზოგადოების
მოტყუებისათვის
ცასწავალას
მიესაჯოს ერთი დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა, კანკეშის ღეროზე მიბმით, - გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი, შემდეგ გაგრიხეს გრძელი მარსლები, ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კენკეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნება-ნება დაიშალა. ყველაზე ბოლოს მოლაღული შემორჩა, მივიდა ცასწავალასთან, კარგახანს იდგა დაფიქრებული, მერე ცას ახედა, ამოიოხრა და მოწყენილი გაფრინდა.
- გამაგრდი,
ცასწავალა!
- ჩამოსძახა
კანკეშაზე
მიბმულ ცასწავალას.
ჩამოვარდა
სიჩუმე. საწყალმა ცასწავალამ ამაოდ სცადა მარსლების გაწყვეტა. მე ჯერ დავაპირე ამეშვა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ვაითუ, ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შეურაცხყოფად მიიღონ და ცასწავალას რაიმე დაუშაონ-მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე, ცხვარი ქვემოთ გავრეკე, დავტოვე ცასწავალა მარტოკა, მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეძინა, მეშინოდა, მელიას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის.
დილით ადრე გავირეკე მთისაკენ ცხვარი, იმ ადგილას რომ მივედი, ჯერ ვერ დავინახე ცასწავალა, მერე კინაღამ ზედ შევდექი, ფოთლები ეფარა ზედ და ეძინა. ეტყობა, მოლაღულმა დააფარა, რომ მელიას ვერ დაენახა. მართლაც, რამდენიმე წუთში საიდანღაც მოფრინდა მოლაღული და ფოთლები მიმალ-მომალა, რომ ფრთოსნებს არ ენახათ.
შუადღემდე
დაბმული იყო ცასწავალა. შუადღისას ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ახსნეს, ჯერ უგონოდ დაეცა, ეტყობა ფრთები ეტკინა. მოლაღულმა ნისკარტით წყაროს წყალი მოარბენინა და მოასულიერა ცასწავალა.
- გაგვითავისუფლებიხარ,
ცასწავალავ,
ოღონდ ერთი პირობით: მეტი აღარ მოიტყუო, - უთხრა ყვავმა.
- არა, აღარ მოვიტყუებ, - პირობა მისცა ცასწავალამ.
წავიდ-წამოვიდნენ ფრთოსნები და ახლომახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.
ცაზე მსუბუქად მოცურავდა ყვითელი მზე. ლურჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.
ცასწავალა
კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული. მერე, ეტყობა, მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა:
- ცასწავალ!
ცასწავალ!
ცასწავალ!
- იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე - უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!
ყველანი მას შეჰყურებდნენ.
ის წერტილივით ჩანდა.
უკანასკნელი
ამოსუნთქვისთვისღა
ეყო ღონე და გული გაუსკდა.
უკან მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში.
საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა იმ გორაკზე დაასაფლავეს, სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მოლაღულმა ბევრი იტირა, სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით აქნევდნენ. მერე დაიშალნენ და დარჩა გორზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა ზემოთ დარჩენილთ თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი ცასწავალა იწვა, და ვინც კი ნახავდა, გული სწყდებოდა: ეს სურვილი ხომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს, ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ.