დიდი რეჟისორი ბრაიან დე პალმა
15:44:06     14-11-2011
ბრაიან დე პალმა (ინგ. Brian De Palma; დ. 11 სექტემბერი 1940, ნიუარკი, აშშ) — ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტია.
ბრაიან დე პალმა დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში, ქირურგის ოჯახში. თავდაპირველად სწავლობდა კოლეჯში, შემდეგ სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა ხელოვნების ფაკულტეტი. მისი პირველი სადებიუტო ნამუშევრებია მოკლემეტრაჟიანი ფილმები („იკარუსი“, „ჯენიფერი“ და სხვ.). პირველად სახელი გაითქვა 60-იანი წლების ბოლოს, სადაც გადაიღო თავის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმები. ამ პერიოდში მის რამდენიმე ფილმში ითამაშა იმ დროს უცნობმა რობერტ დე ნირომ.
კარიერის დასაწყისში ბრაიან დე პალმას ფილმები გამსჭვალული იყო კომედიური თემატიკით. შემდგომ პალმას შემოქმედებას ადარებენ ალფრედ ჰიჩკოკის შემოქმედებას. ალფრედ ჰიჩკოკის ფილმების გავლენით გადაიღო თავის პირველი ყველაზე დიდბიუჯეტიანი ფილმი „კერი“, სადაც მთავარ როლში თამაშობს ახალგაზრდა სისი სპეისეკი. ამ ფილმა რეჟისორს რანგიც აუმაღლა და მისცა საშუალება მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ემუშავა თავის ჩანაფიქრებზე. ფილმი „კერი“ რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა 1976 წლის 3 ნოემბერს, წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დრამასა და საშინელებათა ფილმს.
1983 წელს გამოდის მისი ყველაზე დიდი ნამუშევარი - ფილმი „ნაიარევი სახე“ (Scarface), სადაც ანტონიო (ტონი) მონტანას როლს ასრულებს ალ პაჩინო. ფილმი არის 1932 წლის რემეიკი. სიუჟეტის ცენტრში არის კუბელი ემიგრანტი, რომელიც ცხოვრების დაბალი საფეხურებიდან, მოულოდნელად გადაიქცევა დიდ კრიმინალურ ავტორიტეტად. ამ ფილმმა ბრაიან დე პალმას კიდევ უფრო გაუთქვა სახელი.
შემდეგი წლების ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ფილმები „შეუხებელნი“, „კარლიტოს გზა“, „შეუსრულებელი მისია“ და „შავი ორქიდეა“. ბრაიან დე პალმას გადაღებული აქვს დაახლ. 50-მდე კინოფილმი. სხვადასხვა დროს მის ფილმებში მონაწილეობა მიიღეს — კირკ დუგლასმა, ჯონ კასავეტისმა, რობერტ დე ნირომ, ალ პაჩინომ, კევინ კოსტნერმა, შონ კონერიმ, ენდი გარსიამ, შონ პენმა, ჟან რენომ, ჯონ ტრავოლტამ, სისი სპეისეკმა, მიშელ პფაიფერმა, ნენსი ალენმა და ა.შ.
ბრაიან დე პალმა მოღვაწეობს ასევე როგორც ოპერატორი და მსახიობი. იღებს ძირითადად დრამას, კრიმინალს, ტრილერს.