100 000 წმინდა ტფილელის წამების ამბავი „ქართლის ცხოვრებაში“

  15:16:28     12-11-2011

13 ნოემბერს (ძველი სტილით 31 ოქტომბერს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა 100 000 ტფილელი მოწამის ხსენების დღეს. 1226 წელს ხვარაზმის ბილწმა სულტანმა ჯალალედინმა ტფილისელი სპარსების ღალატის მეშვეობით მოახერხა აეღო საქართველოს დედაქალაქი. მისმა ფსიქოპატმა მეომრებმა დახოცეს ათასობით პატარა ბავშვი, ქალი და მოხუცი, ტფილისელები და ახლომახლო სოფლებიდან ტფილისში შემოხიზნულნი.

შემდეგ, ღალატით გამარჯვებულმა, მონღოლებისგან კურდღელივით დევნილმა, ელჩებისა და ვაჭრების მკვლელი ხვარაზმ-შაჰის შეშლილმა, მონღოლების შიშით დაკომპლექსებულმა ჯალალედინმა სიონის წმინდა ტაძრისთვის მოანგრევინა გუმბათი, ზედ ტახტი დაიდგა და ბრძანა, მოერეკათ სიკვდილს გადარჩენილი, უიაღაღო, დატყვევებული მოქალაქენი, ქალები, ბავშვები, მოხუცები, ინვალიდები, ყველანი განურჩევლად, და უბრძანა მათ ფეხი დაედგათ მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებისათვის და ამგვარად მიეღოთ მაჰმადიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯიდნენ ურჩებს.

დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინეს ტფილისელებმა და ხატების შეურაცხყოფას, სარწმუნოების ღალატს და მტრის გამარჯვებას, მოწამეობრივი სიკვდილი არჩიეს. იმ დღეს ასი ათასზე მეტი წმინდანი შეემატა საქართველოსა და მართლმადიდებლურ სამყაროს. ასი ათასი გმირი შეემატა კაცობრიობას...

ეს დღე ჩვენი მორალური, სარწმუნოებრივი გამარჯვების დღეა...

ასი ათასი წმინდა ტფილელი მოწამე იყოს ჩვენი ოჯახებისა და სამშობლოს მფარველი.

ამ დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ რას წერს ჟამთააღმწერელი - მონღოლთდროინდელი მემატიანე ამ მოვლენის შესახებ (ქართლის ცხოვრება). წასაკითხავად ძნელია, წარმოუდგენლად საშინელია რაც ხდებოდა იმ დღეს ტფილისში (ხაზი გავუსვი იმ ადგილებს, სადაც ფსიქოპატების არალოგიკურ სისასტიკეზეა საუბარი). ტექსტი კიდევ უფრო კარგად გვიჩვენებს, იმ ხალხის გამბედაობას, ვინც ასეთმა არაადამიანურმა დაუნდობლობამ არ შეაშინა.

ერთი რამ მინდა დავამატო. ჟამთააღმწერელი ამ მოვლენას მეფისა და არისტოკრატიის ცოდვებს აბრალებს: „დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყუარული, სიწრფოება, სიმშჳდე, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავანება, ზაკუა, შური, ჴდომა, სიძულილი, ანგარება, მიმძლავრება, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესოებანი“.

მინდა ვიკითხო, სად იყო მაშინ ქართული სახელმწიფო მანქანა? მართალია, რამდენიმე ხნით ადრე ქართველების ჯარი, მაშინაც ღალატის გამო, გარნისის ბრძოლაში დამარცხდა ჯალალედინის ბრბოსთან, მაგრამ, ხომ შეიძლებოდა ახალი არმიის ორგანიზება? მით უმეტეს, რომ გარნისში მხოლოდ ერთი ნაწილი დაიღუპა ქართული ჯარისა, ავანგარდი, მეწინავე 4 000 მესხი და კიდევ რაღაც ნაწილი ქართული არმიისა, უმეტესობამ, კი მოღალატე ივანე მხარგრძელის ბრძანებით, ფაქტიურად უომრად, არაორგანიზებულად მიატოვა ბრძოლის ველი და ხელთ უგდო ფსიქიურად დაავადებულ მხეც ჯალალედინს დიდი გმირი, საქართველოს სიმბოლო - შალვა ახალციხელი... და სრულიად საქართველო.

გარნისის ბრძოლაში ქართველებმა გამოიყვანეს 60-70 ათასი მეომარი. ჯალალედინს ჰყავდა 150 000 კაცი. ზოგი ისტორიკოსი ამბობს, ივანე მხარგრძელმა მრავალრიცხოვან მაჰმადიანებთან ბრძოლაში ქართული ჯარის შეწყვეტას თავი აარიდაო, მაგრამ, როდესაც საქმე ქვეყნის ყოფნა-არყოფნას შეეხებოდა, ქართველები ამგვარად არ იქცეოდნენ. მაგალითად, დიდგორში, შამქორში, ბასიანში. მტრის მრავალრიცხოვნება არ იყო არგუმენტი, მტერთან ბრძოლისთვის თავის არიდებისა, ვინაიდან ქვეყნის დაცვის ერთადერთი გარანტია ქვეყნისთვის ბროლაა და არა ბრძოლის ველის მიტოვება, ან უამრად გახიზვნა...

გარნისის ბრძოლის მერე, ფაქტიურად, ჯარის რეორგანიზაცია არ მომხდარა და ჯალალედინი ისე მოდგა ტფილისს, რომ წინ არავინ დახვედრია. დრო იყო, მით უმეტეს, ჯალალედინი ამ პერიოდში მოლაპარაკებას აწარმოებდა ქართულ სამეფო კართან. ჯარის შეკრების  აუცილებლობაზე კი აღარც ვლაპარაკობ...

 რაღაც ნაწილი ჯარისა, ჩემი აზრით მცირერიცხოვანი, მეფე რუსუდანის ბრძანებით, ქალაქში გამაგრდა მემნა და ბოცო ბოცოსძეთა მეთაურობით... ეს იყო და ეს.

ყველამ იცის, რომ ქალაქის გამაგრება და ამის იმედზე ყოფნა გამარჯვებისათვის საეჭვო ტაქტიკაა, მით უმეტეს, სტრატეგია. ძალიან იშვიათად, რომ ქალაქმა გაუძლოს ალყას. თანაც, როცა სახელმწიფოს სხვა გზა არ აქვს და ქალაქის გამაგრებას ირჩევს, მით უმეტეს დედაქალაქისას, გარშემო ტერიტორიები და სრულად სახელმწიფოც კი, რბევისა და ტყვევნის მსხვერპლი ხდება... ეს ფაქტიურად, დამარცხებული ან სუსტი სახელმწიფოს იძულებითი ნაბიჯია.

მართალია, გარნისში კი დამარცხდა ჩვენი ჯარი, მაგრამ ხელახალი ორგანიზების შემთხვევაში, ქართულ სახელმწიფოს შეეძლო ახალი არმიის, იგივე არმიის, ორგანიზება და მტრის წინააღმდეგ გამოყვანა, თუნდაც ლორეს ტერიტორიაზე, მოშორებით დედაქალაქისგან.

ჩვენ კი ვხედავთ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

მაშასადამე, ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელობა ვერ იდგა სათანადო სიმაღლეზე. ყველაფერ ნუ დავაბრალებთ რუსუდანს, რომელიც არც მეფედ ვარგოდა, არც დად, არც მამიდად და არც ადამიანად, თუ გავიხსენებთ მის დამოკიდებულებას თავის ძმიშვილთან, დავით ულუსთან, რომლის მოკვლაც უნდოდა, რათა ტახტი თვითონ დაემკვიდრებინა და მერე შვილიშთვის გადაეცა. ლაშა-გიორგიმ ხომ ის დროებით მეფედ დატოვა, როგორც გვამცნობს ჟამთააღმწერელი. ჩვენი მემატიანეს მიერ მოთხრობილი ამბავი რუსუდანისა და მისი ძმისშვილისა ამ წერილის თემა არ არის და სხვა დროს გავიხსენოთ.

არ ვარგოდა მაშინდელი ქართული ელიტა, სახელმწიფო მოშლილი იყო... დიდი ტამარის სახელმწიფო, თამარის გარდაცვალებიდან დაახლოებით 13 წელიწადში, კარგი მეომრისა და ორგანიზატორის, ლაშას გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში...

მემნა და ბოცო ბოცოსძენი საკმაოდ ვაჟკაცი მეომრები ჩანან და კარგი ორგანიზატორები, ისინი არ სჯერდებოდნენ ქალაქის დაცვას და ბრძოლას ქალაქის გარეთაც უმართავდნენ მტერს. ტფილისელი სპარსების ღალატმა დააბნია ქალაქში გამაგრებული ქართული ჯარი, ფაქტიურად ტფილისის გარნიზონი, რომელიც მცირერიცხოვანი ჩანს, როგორც აღვნიშნე, და ისინი იძულებულნი გახდნენ ქალაქი დაეტოვებინათ და ისნის ციხეში გამაგრებულიყვნენ. ისნიდან, ისინი რუსუდანმა, არაერთი ბრძანების შემდეგ, ძლივს გაიყვანა. მათ იქ დგომას უკევე აზრი არც ჰქონდა, ქალაქი დაცემული იყო და მხოლოდ მსხვერპლი გაიზრდებოდა, მათი მხრიდან.

ჩემი აზრით, ქართულ სახელმწიფოს, მის უმაღლეს ფენებს, რომ მოეხერხებინათ რეორგანიზება ჯარისა გარნისის ბრძოლის მერე, თუნდაც ერთი მარცხის მერე, საქართველო გაუმკლავდებოდა ჯალალედინის ბრბოს. ამგვარი რეორგანიზება მოახდინა ლაშა-გიორგის დროს სახელმწიფომ, როდესაც ჩვენმა ჯარმა, მონღოლთა მოულოდნელი მანევრის შედეგად, მარცხი განიცადა 1220 წელს. მონღოლთა ჯარს ისევ წინ აღუდგა ქართული არმია და მონღოლებმა შებრძოლება ვეღარ გაბედეს და დარუბანდისაკენ გაუხვიეს.

არც დიპლომატიის უნარი აღმოაჩნდა ჩვენს სახელმწიფოს რუსუდანის მეფობისას. ჩემი აზრით, შესაძლებელი იყო გამოსავლის გამონახვა. არა რუსუდანის მითხოვებით ჯალალედინისათვის, როგორც ითხოვდა ფსიქოპატი სულტანი, არამედ დიპლომატიურ-პოლიტიკური მეთოდებით. მაგრამ ჩვენს სახელმწიფოს არ ჰქონდა ინფორმაცია, როგორი ძლიერი დამპყრობლები მოიწევდნენ აღმოსავლეთიდან - მონღოლები. ესეც დიდი სისუსტეა. ისინი რეალიზმს ვერ ამჩნევდნენ.

ქართულ სახელმწიფოს ხშირად აკლდა ორგანიზებულობა და დიპლომატიურობა, პოლიტიკური მეთოდების ბრძნული გამოყენების უნარი...

ჯალალედინის მიერ 100 000 ტფილელის მოკვდინება არა მარტო ქართველი ელიტის უზნეობამ  გამოიწვია, არამედ მისმა უუნარობამ, რაც, ალბათ, ისევ უზნეობას უკავშირდება. ელიტა, რომელიც უვარგისია და უუნაროა დაიცვას ქვეყანა, როცა ამის ძალა გააჩნია, უზნეოცაა. რესურსი კი ქართველთა ქვეყანას გააჩნდა, საკმაოდ ძლიერიც. ჩვენებს შეეძლოთ გამოეყვანათ 90 000 მეომარი.

მადლობა ღმერთს, რომ მაშინაც გვყავდა გმირები, შალვა და ივანე ახაციხელები, მემნა და ბოცო ბოცოსძენი და ასეულობით ათასი უბრალო ადამიანები, წმინდანთა  დასს თუ გმირთა რიგებს შეერთებულნი...

ჯალალედინის მიერ ტფილისის აღების ამბავი

ვითარ ცნა მეფემან მოსლვა სულტნისა, აიყარა და წარვიდა ქუთათისს, ხოლო ტფილისს მცველად დაუტევა ლაშქარი და თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი, მემნა და ბოცო. მოიწია სულტანი სომხითად და მოაოჴრა ყოველი სომხითი; დაეცნეს მკჳდრნი მისნი პირითა მახჳლისათა. და მოიწივნეს ტფილისად.

ხოლო მცველნი ქალაქისანი აღიჭურნეს, და იქმნა ძლიერი ბრძოლა, და ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა. მერმე მას ღამესა [სპარსთა ტფილელთა] მიუვლინეს კაცი სულტანსა ჯალალდინს შიგნიდაღმა მეცემად ქალაქისა, რათა კართა, რომელთა სპარსნი სცვიდეს, განახუნეს და შიგნით ბრძოლა უყვეს. ვითარ განთენდა, კუალად აღიჭურა სულტანი მინდობილი სპარსთა შინაგანცემისა. ხოლო ამისნი უმეცარნი მცველნი ქალაქისანი აღიჭურნეს და მივიდეს განძის კართა კერძო, მემნა ბოცოს ძე და ძმა მისი ბოცო, და ეგულებოდა განსლვად და მუზარადისა დარქმად. მემნას სპარსმან ვინმე აფთითა* ძლიერ დაუხეთქა უმუზარადოსა თავსა, განუპო, და მყის დაეცა და მოკუდა.

და იქმნა შინათ ომი, რამეთუ სპარსნი ზღუდით მიერ ბრძოდეს; განახუნეს კარნი სპარსთა ტფილელთა. ესრეთ რა შინაგანცემა იყო ქალაქისა, ივლტოდეს მცველნი ქალაქისანი და შედგეს ისანთა; ბოცოსძემან ბოცო გაამაგრა ისანი და ქმნა ძლიერი ომი.

 

ხოლო არა შემინდობს ტკივილი გულისა მოჴსენებად, თუ ვითარ იქმნეს ხუარაზმელნი შინაგან ქალაქსა. ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნილთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?

აქა მეგულების დადუმებად, რომელ სალმობიერსა მიუთხრობ ტკივილითა გულისათა რამეთუ ესეოდენ მძჳნვარედ იწყეს მოსრვად. ვითარ ჩჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან, და რომელსამე თუალნი წარსცჳვდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის. და უკანის დედანი მოიკვლოდიან; ბერნი უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ დაითრგუნვოდეს, ჭაბუკნი დაეკუეთებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს. ტჳნი კაცთა, დედათა, ბერთა, ჩჩჳლთა თმა და სისხლი, თავი მჴართაგან განშორებული, ნაწლევნი ცხენთა მიერ დათრგუნვილნი ურთიერთას აღრეულ იყო. არა ჰყოფდეს წყალობასა, რამეთუ რომელნიმე დანითა იღლიასა დასობილნი, სხუანი მკერდსა დაცემითა, რომელნიმე მუცელსა და ზურგსა განიგმირებოდეს.

ჵი სალმობიერი ღაღადი და დიდი ღაღადი ცრემლთა! ყვირილთა და ზახილთა და ვაებათა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი, რამეთუ უმრავლესი ერი ვითა ცხოვარი შეკრიბიან, და კუალად ხედვიდეს ზოგნი საყვარელთა შვილთა, ზოგნი ძმათა და მამათა, ცოლნი ქმართა და ქმარნი ცოლთა უპატიოდ მკუდარ მდებარეთა ცხენთა მიერ დათრგუნვილთა და ფოლოცთა შინა ძაღლთა მიერ ზიდულთა, და არცა თუ დაფლვასა მიწასა შინა ღირს ჰყოფდეს. ეკლესიანი და ყოველნი პატიოსანნი სამსხუერპლონი შეურაცხ იქმნებოდეს, და პატიოსანნი მღდელნი ეკლესიათა შინა, თჳთ ხატთა და ჯუართა თანა, შეიმუსვროდეს.

და ესევითარნი ჭირნი მოიწივნეს, რომელ არაოდეს ძუელთა სადამე წიგნთა მიერ სმენილ არს, რომელნი თანაშეესწორებიან ქრისტეს ჯუარისა მცმელთა იუდიანთა ზედა ქმნულთა მიერ იერუსალიმისა სრულიადსა მოსპოლვასა ტიტეს და უესპასიანეს მიერ, ვითარცა ჟამთააღმწერელი და მრავალმომთხრობელი იოსიპოს წარმოიტყჳს ესოდენ ძნელბედობასა იუდელთასა. ვიდრეღა სამასსა ბევრსა აღრაცხავს მამაკაცსა, ოდენ სიყმილისა და მახჳლისა მიერ აღსრულებულსა, რომლისა მსგავს იქმნა ჟამსა ამას სარკინოზთა მიერ ქალაქსა ამას ტფილისისასა.

ხოლო ვინათგან არღარა იყო ღონე და ლხინება ქალაქისა, ბოცოს და სხუათა მცველთა ქალაქისათა წარმოუვლინა მეფემან რუსუდან კაცნი, რათა დაუტეონ ისანი და წარვიდენ. და ვითარ მრავალგზის მოავლინა დასტური მეფემან დატევებად ქალაქისა, ძლით დაარწმუნა მეფემან ბოცოს წარსლვა, ვითარცა სწერს ვინმე ბერი მღჳმელი.

და ესრეთ რა ძლიერად ჴელთ იგდო ქალაქი სულტანმან, კუალად იწყო უბოროტესთა ბოროტთა ქმნად ქრისტიანეთა ზედა. ესოდენ მძჳნვარედ მოსრვიდა, რომელ სავსე იყვნეს ფოლოცნი, ხრამნი და ჴნარცუნი მოკლულთა მიერ და უმრავლეს მკუდართა მტკუარსა შეუტეობდეს ამას თანა არავე დამშჳდნა ცუდრჯული იგი და ბილწი: მოიგონა სხუაცა სიბოროტე, რომლისა ჴსენება სირცხჳლ მიჩნს, რამეთუ გლოვათა და ცრემლთა მიერ შევიცვები, თუ ვითარ განვარისხეთ მოწყალე და შემწყნარებელი ღმერთი არა შეწყალებად ჩუენდა; იწყო რღუევად ეკლესიათა, ვიდრე საფუძველადმდე აღფხურა, რომლისათჳს იკადრა და ჴელ-ყო სიონისა გუმბადსა შემუსრვად და ზედა ბილწისა საჯდომისა მისისა აღშენებად, რომელი-იგი ჴიდითა მაღლითა და გრძლითა განჴიდა აღლსვად. და ესეცა შესძინა, რამეთუ ხატი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, რომელი სიონს მკჳდრ იყო, ბრძანა მოყვანებად და ჴიდისა შესავალსა დადებად პირაღმართ, და ბრძანა ყოველთა მათ პყრობილთა ქრისტიანეთა, მამათა და დედათა, იძულებით დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა, უკეთუ არა ჰყონ, - წარკუეთა თავთა. და ვითარ აღასრულებდეს ბრძანებულსა ამას, მოჰყვანდეს მამაკაცნი დედათა თანა და აიძულებდეს ესრეთ ყოფად. მრავალთა უკუე ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს არა თავსდებად შეურაცხებად წმიდათა ხატთა და დატევებად სჯულისა. ხოლო მრავალი სიმრავლე მამათა და დედათა იპოვა ახოვნად, რომელთა მიიღეს გჳრგჳნი წამებისა, რომლისა აღრაცხვა შეუძლებელ არს სიმრავლისათჳს, რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ათ ბევრ აღიწია რიცხვი მოკლულთა.

ესრეთ რა მოაოჴრეს ტფილისი, იწყეს რბევად, ტყუენვად, ჴოცად და კლვად სომხითისა და კამბეჩიანისა და იორის პირთა. ქართლს და თრიალეთს, ჯავახეთს და არტანს, ზოგი სამცხეს და ტაოს, კარნიფორას და ანისის მიმდგომთა ქუეყანათა.

--

აფთ - ხმალი

ხნარცვი - ორმო

ათი ბევრი - 100 000