იაკობ გოგებაშვილის „იოთამ ზედგინიძე“

  15:10:01     12-11-2011

12 ნოემბერს, (ძველის სტილით 30 ოქტომბერს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოთამ ზედგინიძის, მეფისთვის თავდადებულის ხსენების დღეს.

1446 წელს ერთიანი საქართველოს მეფე გახდა გიორგი VIII, ძე ალექსანდრე I დიდისა. ამ დროს დიდი შეტევა მიმდინარეობდა ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ სამყაროზე. 1453 წელს ოსმალებმა აიღეს კონსტანტინოპოლი. შემდეგ თურქ-ოსმალები ტრაპიზონის სამეფოს მოდგნენ. ტრაპიზონის სამეფო ძირითადად ქართველებით, ჭანებით იყო დაკომპლექტებული. ჯერ კიდევ ალექსანდრე დიდის დროს ფლორენციაში 1439 წელს ჩატარდა კრება-მოლაპარაკება, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებსა და სახელმწიფოების წარმომადგენლებს შორის. ამ კრებაზე საქართველოს ეკლესიისა და მეფის წარმომადგენელი ტრაპიზინის მეფის მანდატსაც ფლობდა.

ტრაპიზონის მეფესა და საქართველოს მეფე-მთავრებს ირანის შაჰთან, უზუნ ჰასანთან ერთად უნდოდათ გალაშქრება ოსმალების წინააღმდეგ, ამისთვის ეძებდნენ მოკავშირეს ევროპაში. სამწუხაროდ, ანტიოსმალური კოალიცია ვერ შედგა.

1559 წელს ტრაპიზონიც დაეცა. საქართველოში უკვე არეულობა იყო დაწყებული, ტრაპიზონი ვერ დავიცავით.

სამცხის ათაბაგმა ყვარყვარე II-მ ჯერ ირანის შაჰი მოიწვია მოკავშირედ და განუდგა მეფეს, ანუ ერთიან სახელმწიფოებრიობას. იმერეთში სამოქალაქოს ერისთავმა ბაგრატმა თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა და დაამარცხა კიდეც 1463 წელს ჩიხორთან გიორგი მერვე.

გიორგი მეფე არ ისვენებდა, 1465 წელს ის გაემართა სამცხის ათაბაგის დასასჯელად. გზად ფარავნის ტბასთან გაჩერდნენ ღამის გასათევად. ამ დროს შეთქმულებს მეფის მოკვლა განეზრახათ. ეს ამბავი შეიტყო აზნაურმა იოთამ ზედგინიძემ და მეფეს აცნობა. გიორგი მეფემ არ დაუჯერა. მაშინ მამულიშვილმა იოთამმა ითხოვა, მეფეს მიეცა ნება მის მაგივრად დაწოლილიყო სამეფო კარავში, მეფეს კი სხვაგან გაეთია ღამე. გიორგი მეფე დათანხმდა ერთგული ქვეშევრდომის თხოვნას. დილას იოთამ ზედგინიძე ხმლებით აჩეხილი იპოვეს სამეფო კარავში...

იოთამ ზედგინიძის გმირობა ერთ-ერთი უნიკალური მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. ერთია ხმლით ბრძოლა და სულ სხვაა მორჩილად, წყნარად შეეგებო სიკვდილს მეფის მაგივრად, მის ლოგინში მწოლარე და ასე სცადო სახელმწიფოს გადარჩენა...

მეფემ არ დაუკარგა თავდადება აზნაურ ზედგინიძეს და მის შვილებს თავადობა უბოძა...

ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფისთვის თავდადებული იოთამ ზედგინიძე.

დღეს, მისი სხენების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ იაკობ გოგებაშვილის ისტორიული მოთხრობა „იოთამ ზედგინიძე“.

 

იოთამ ზედგინიძე

ძველს დროში მთელი საქართველო, შავი ზღვიდან დაწყებული ლეკეთის საზღვრამდე, ერთს შეკონილს სახელმწიფოს შეადგენდა. კახელნი, ქართლელნი, იმერნი, გურულნი, რაჭველნი, მესხნი, მეგრელნი, სვანნი და თვით აფხაზნიც შეერთებულნი იყვნენ ერთის დროშის ქვეშა, ემორჩილებოდნენ ერთს მბრძანებელს, ერთს მეფესა; ძმურად, თანხმობით ეპყრობოდნენ ერთმანეთსა და ერთნი იყვნენ ჭირშიაც და ლხინშიაც. ამ ერთობის გამო საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო: მტრებზე ბრწყინვალედ იმარჯვებდა, სახელი მისი ჰქუხდა გარშემო უცხო ქვეყნებში და შინაც ჰყვაოდა, კეთილდღეობით სტკბებოდა. ამისთანა სანატრელს მდგომარეობაში იყო ჩვენი ქვეყანა მეტადრე დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის დროსა.

გარეშე მტრები სცდილობდნენ ეს ერთობა დაერღვიათ, განხეთქილება ჩამოეგდოთ ქართველებში, ერთი ძლიერი სახელმწიფო გადაექციათ რამდენსამე პაწია და უძლურ სახელმწიფოდ და მორჩილებაში ჰყოლოდათ ჩვენი ქვეყანა. ამ ბოროტ განზრახვას მტრისას ხელი შეუწყს ზოგიერთმა ჭკუა-მოკლე ქართველებმა და დიდმა თავადებმა, რომელთაც მეფობა ან მთავრობა სწყუროდათ. ამის გამო საქართველო გაიყო სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ და მეტად დასუსტდა.

ქართლ-კახეთის მეფეს გიორგი მერვეს სწადდა ისევ შეეერთებინა მთელი საქართველო და ერთ ძლიერ სამეფოდ გადაექცია. ეს არ მოსწონდათ მაშინდელს მთავრებს და მათ ჯოჯოხეთურს ხერხს მიმართეს. მოახდინეს შეთქმულობა და გადასწყვიტეს: ბნელს ღამეში მიეგზავნათ ჩუმად მკვლელები, მეფე გიორგის სიცოცხლე მოესპოთ და საქართველოს გაერთიანება ჩაეფუშათ. ეს შეთქმულება შეიტყო აზნაურმა იოთამ ზედგინიძემ, რომელიც მხურვალე მონატრული იყო საქართველოს ერთობის აღდგენისა. მან მაშინვე მოახსენა მეფეს ეს ამბავი და ურჩია დაუყონებლივ ღონისძიება მიეღო შეთქმულობის წინააღმდეგ. მაგრამ მეფემ არ დაიჯერა ეს, რადგანაც შეუძლებლად ჰხდიდა ასეთს საზიზღარს ღალატსა. ბევრი ეცადა იოთამი დაერწმუნებინა მეფე, მაგრამ ვერაფერს გახდა.

იოთამმა კარგად იცოდა, რომ გიორგი მეფის მოკვლა შეუძლებლად გახდიდა ქართველთა ერთობის აღდგენასა, და გადასწყვიტა სიცოცხლე შეეწირა ამ ერთობისათვის. იგი შეეხვეწა მეფეს: „მოიღე წყალობა, ნება მომეცი ამაღამ შენს საწოლში დავწვე, შენ კი სხვა ადგილს მოისვენეო“. მეფე დასთანხმდა, რადგანაც სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იოთამს მის საწოლში არაფერი დაუშავდებოდა. მაგრამ მეფე საშინლად მოსტყუვდა. როცა მეორე დილას იგი შევიდა თავისს საწოლში, საზარელი სურათი იხილა: მოკლული იოთამი სისხლში სცურავდა. საშინელი თავზარი დაეცა მეფეს და დიდად ნანობდა: რად მივეცი ნება იოთამს ჩემს საწოლში დაწოლილიყოო.

თავდადებულს იოთამს, რა საკვირველია, აღარაფერი ეშველებოდა; მაგრამ მისი შვილები კი სწორედ მეფურად დააჯილდოვა გიორგი მეფემ: მათ უბოძა თავადიშვილობა, უფლება მიანიჭა საშვილიშვილოდ ამილახორისა, ანუ მეჯინიბეთ უხუცესისა, და დიდძალი მამულ-დედული აჩუქა. ახლანდელი ამილახვრები არიან პირდაპირნი ჩამომავალნი თავდადებული იოთამ ზედგინიძისა.

იაკობ გოგებაშვილი