მოქანდაკისა და პოეტის - მერაბ მეტრეველის რამდენიმე ლექსი

  15:06:06     12-11-2011

დღეს პრესა.გე-ს მკითხველს გვინდა წარმოვუდგინოთ ცნობილი მოქანდაკისა და პოეტის მერაბ მეტრეველის რამდენიმე ლექსი.

მერაბ მეტრეველი დაიბადა 1948 წლის 22 თებერვალს, თბილისში, ცნობილი მხატვრების მარტგარიტა და შოთა მეტრეველების ოჯახში.

1972 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძ. კ. მერაბიშვილი). არის მხატვართა და მწერალთა კავშირების წევრი. 1983 წელს გამოიცა მისი ქანდაკებების ალბომი „სიცოცხლე გრძელდება“.

მერაბ მეტრეველი ავტორია სამი პოეტური კრებულისა.

თბილისში დადგმულია მისი ორი მონუმენტური ქანდაკება „ქართვლის ვედრება“ და „სამშობლოს არვის წავართმევთ“. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო გამოფენაში.

სულში ლექსად წკრიალებს

ვისთვის რა მზე აენთო,

ვისთვის რაა წყვდიადი,

ვინ ოქროთი გაერთო,

ვინ კი - ია-იათი.

ვინ თვლის ბედის წყალობად

სვეძლიერთა მანტიას,

ვისთვის ჩიტის გალობაც

გაფანტული დარდია.

ჩემს გოლგოთის ბილიკზე

მზის სხივს ვკენკავ ჩიტივით,

საწუთროს გზას მივიკვლევ

სიმღერით და ქვითინით.

ქვას და ბალახს ვიხუტებ

ათრთოლებულ თითებით,

ღრუბლის ფრთაზე ვიბუდებ,

იქ ერთ სანთლად ვინთები.

ვტყორცნი თვალთა ნაღვერდლებს

წარმავალი მარადისს

და სიყვარულს ვაღვენთებ

მიწას კუბოს კარამდის.

სულში ლექსად წკრიალებს

სევდა გადანადნობი

და სიცოცხლის ფიალას

ვცლი ცრემლამდე მადლობით.

 

იჩქარე ნელა

იჩქარე ნელა,

იჩქარე ნელა,

იჩქარე ნელა,

ჩემო მამულო,

მიზანი გულში

ლამპრად რომ ელავს,

რომ არ გაგვიხდეს

სასინანულოდ.

შენ უნდა კვეთო

შენივე ბედი,

შენი ნაპრალი

შენვე ამთელო,

იარე, მუდამ

ყველაფრის ჭვრეტით,

იჩქარე ნელა,

ჩემო ქართველო.

იმ ძველთა თმენამ

და არა რისხვამ,

დღეს რომ ბალღამად

გულში ბინადრობს,

იმ ძველთა რწმენამ

შენ უნდა გიხსნას,

ამ წმინდა სისხლმა

გზა გაგინათოს.

ვიცი, რომ მაინც

დარეკავს ზარი

და შენს ქუჩაზეც

იფეთქებს ნუში,

მკერდზე მეხლება

იმედის ქარი,

იმედის შუქი

მეღვრება სულში.

ჯერ კი იჩქარე,

იჩქარე სიბრძნით,

იჩქარე ნელა,

ჩემო მამულო,

თორემ ურჩხული,

ჯერ კიდევ იბრძვის,

ადამის მოდგმის

სასინანულოდ.

 

1989 წელი

არ გალობენ გალიაში

შენს ხატულა იადონებს,

უნაზესი ძაფით ნაქსოვთ,

გალიაშიც ახსოვთ, ყველა

ღვთაებრივი ჰანგი ახსოვთ.

და მათ წკრიალს და მათ ლხენას,

მზის შუქივით უხვად დაღვრილს,

სიცოცხლეს და აღმაფრენას

ვინ უპოვოს კილო ნაღველს.

მე კი რა ვქნა, ვამჯობინებ

ბეღურების მარტივ ქოროს,

არ გალობენ გალიაში,

იქ სიკვდილი ელით მხოლოდ.

 

რობერტინო ლორეტის ფირფიტა

მზის უეცარ სხივს ჰგავდა წვიმაში

შენი ღიმილით მაღალ თაროდან,

ვით ჩაფერფლილი ყრმობის მირაჟი,

შემოგყურებდი და მიხაროდა.

შემოყურებდი და სულში მედგა

მე ხმა წკრიალა და მოსალბუნე,

ის სიხარული, ის გულის ფეთქვა,

ის აღტაცება, შენ რომ გვარგუნე.

წყდება და წყდება წლები კალენდარს,

ლამის ყველაფრის დამამხობელი,

და მაინც არა და არ განელდა

ის შორეული და მახლობელი.

მზის აცისკრებას ჰგავდა წვიმაში

დედამიწაზე შენი გაჩენაც,

ჩვენი თაობის სევდის, სინაზის

და სიყვარულის გადასარჩენად.

 

პაწაწინა ჩემო ლექსო

პაწაწინა ჩემო ლექსო,

მთის ნიავად გინატრე,

ცრემლისაგან სითბო გქონდეს,

მზის სხივისგან - სინათლე.

ამ გულიდან ბალახის ერთ

ღეროდ ამოიღერე,

და იმღერე, როცა გული

უკვე ვეღარ იმღერებს.

 

დაწყებულია გოლგოთის გზები

ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას

როცა დუმს კაცი, თქვენ ორნი მხოლოდ,

ვისთვის ლამანჩელ იდალგოს დარად,

წყვდიადსა შინა მთვლემარე ხომალდს

სინათლისაკენ უბიძგებთ მარად.

არსიდან ჩქამი, თქვენ ორნი მხოლოდ

მაღალი ტაძრის არისხებთ ზარებს,

აღგვიხდეს იგი აღთქმული ბოლო

და ან ყოველი გათავდეს ბარემ.

თქვენ ორნი მხოლოდ, განწირულ ვნებით,

უღერებთ ურჩხულს სიმართლის მახვილს,

დაწყებულია გოლგოთის გზები,

თქვენ ორნი დარჩით რაინდის სახით.

მაგრამ ხომ გჯერათ, რომ სისხლობს სისხლი,

დაუცხრომელი და ასე მძაფრი

და საქართველო, უკვდავი მუხა,

ისევ იმედით მოელის აპრილს.

და საქართველო - ალგეთის ველი

კვლავ მგლის ლეკვების ბრდღვინვაზე ნატრობს,

საფლავში იწევს დავითის ხელი,

ობოლი ხმალი დაეძებს პატრონს.

ესეც გჯეროდეთ, ეს მწველი სისხლი

ჩვენს ძარღვებშიაც თქრიალებს კვლავაც,

წილად ხვდომილი ტრფობაც და ზიზღიც

ჩვენც აღმოგვსდება, ვით ვეზუვს ლავა.

ძლივს დატეული ამდენი ნაღმი,

ვიცი, ოდესმე იფეთქებს ერთად,

გადაეცლება ჩვენს ზეცას თალხი

ან პირნათელნი წარვსდგებით ღმერთთან.

1977 წელი