რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ტყეში ბრძოლისას
12:03:24     12-11-2011
როგორც თავდაცვაში, ასევე შეტევაში პრიორიტეტს წარმოადგენს ტყისპირი:
ტყეში შეტევის გადაჭარბებული სიჩქარე წარმოადგენს ყველაზე დიდ შეცდომას;
ბუჩქნარი ფარავს მოწინააღმდეგის თვალთვალისგან და არა მისი ცეცხლისგან;
ხშირი მცენარეული საფარი და რთული რელიეფი აფერხებს რადიო კავშირს;
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ტყეების პირობებში გაძლიერებულია აღჭურვილობის კოროზია, რაც მოითხოვს სათადარიგო ნაწილებსა და რემონტზე მკვეთრ დამოკიდებულებას;
ტყის ხანძრები წარმოადგენს დიდ საფრთხეს პირადი შემადგენლობისთვის. ხანძრის ეპიცენტრში ტემპერატურამ შეიძლება 400-900 გრადუსს, ხოლო ძლიერი ქარის დროს ცეცხლის გავრცელების სიჩქარე 20-25 კმ/სთ-ს მიაღწიოს;
ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარმტყორცნის გამოყენება ტყის პირობებში შეზღუდული ეფექტისაა, ვინაიდან ყუმბარის ფრთები ძალზედ მგრძნობიარეა ტოტებთან შეხებისას და ადვილად იცვლის მიმართულებას;
ხელყუმბარები სასურველია მიზანს კი არ სტყორცნოთ, არამედ იმ ხის მაღალ ტოტებს, რომლის უკანაც იმყოფება მიზანი. ამ შემთხვევაში ხელყუმბარა აფეთქდება მიზნის თავზე და ნამსხვრევები უფრო ეფექტურად გაანადგურებს მოწინააღმდეგეს;
ტყეებსა და ხშირ ბუჩქნარში გადაადგილებისას (განსაკუთრებით სუბტროპიკულ ზონაში) ტკიპებისა და სხვა მავნებლებისგან თავის დაცვის მიზნით დაუშვებელია სახელოების აკაპიწება და საყელოს გახსნა;
ქართველი სამხედროების მიერ საძილე ტომრის ქვეშ დასაფენი ე.წ. კარემატის (“კოვრიკის”) ზურგჩანთაზე დამაგრება ტყეში გადაადგილებისას იწვევს მის დახევას, ასევე მკვეთრად აფერხებს მებრძოლის მანევრირების შესაძლებლობას. ის უნდა წრიული ფორმით შენახულ იქნას ზურგჩანთაში. ამ შემთხვევაში არა მარტო იქნება დაცული დაზიანებისგან, არამედ ზურგჩანთაც მიიღებს სწორ ფორმას და ტვირთიც თანაბრად განაწილდება;
ზოგადად ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი ვაზნების გამოყენება ამცირებს ცეცხლსასროლი იარაღის რესურს, მაგრამ ჯობია დაქვეითდეს რესურსები ვიდრე გაიზარდოს პირადი შემადგენლობის დანაკარგი და ვერ იქნას მიღწეული მიზანი. შესაბამისად ტყეში მოქმედების დროს ყოველ მეომარს საბრძოლო მარაგში უნდა გააჩნდეს ამ ტიპის ვაზნების გარკვეული რაოდენობა.
ტყეში ძალზედ ეფექტურია გაკვამლიანების გამოყენებით მოწინააღმდეგის “დაბრმავება”, ვინაიდან ბუჩქნარი და ტოტები დიდხანს აკავებენ კვამლის ფარდას;
ტყეში მოქმედების ორგანიზების პერიოდში, სხვა საკითხებთან ერთად მეთაურმა ასევე გულდასმით უნდა განსაზღვროს: გადაადგილებების აზიმუტები, ჯარების იდენტიფიცირების მეთოდები, ტყის ხერგილებისა და რთულად გასავალი ადგილების გადალახვის თანმიმდევრობა და ხერხები, ზომები ტყის ხანძრების ჩასაქრობად და ამ დროს პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ევაკუაციის გზები.
Strate.ge