ახალი საგნობრიობა (არქიტექტურა)
11:25:34     10-11-2011
ახალი საგნობრიობა სახელია, რომელსაც ხშირად უწოდებენ მოდერნისტულ არქიტექტურას, წამოსულს ევროპიდან, ძირითადად, გერმანულენოვანი ქვეყნებიდან, 1920-იან და 30-იან წლებში. ახალმა საგნობიობამ მრავალი გერმანული ქალაქი განაახლა, სანამ მას 1933 წელს ნაცისტების მიერ ხელისუფლებაში მოსვლა არ შეაჩერებდა.
ამ სტილის ადრეული ნიმუშები პირველ მსოფლიო ომამდე გაჩნდა. მრავალი არქიტექტორი, რომელიც მოგვიანებით ახალ საგნობრიობას დაუკავშირდა, უკვე 1910-იან წლებში მუშაობდა მსგავსი მანერით, იყენებდა რა მინის ზედაპირებსა და მკაცრ გეომეტრიულ კომპოზიციებს. ამის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშებია ვალტერ გროპიუსისა და ადოლფ მაიერის 1911 წლის ფაგუსის ქარხანა ან ჰანს პოლციგის 1912 წლის ვროცლავის უნივერსამი. თუმცა, ომის შემდეგ, ეს არქიტექტორები დასაბამს უდებენ ექსპრესიონისტულ არქიტექტურას. ბაუჰაუზის ადრეული ნამუშევრები, როგორიცაა ზომერფელდის სახლი, ამ მიმართულებას ეკუთვნის. ექსპრესიონიზმის დინამიზმი და მინის გამოყენება (გამჭვირვალობისა თუ ფერის ეფექტისთვის) ახალი საგნობრიობის მთავარი მიმართულება გახდა.
ექსპრესიონიზმიდან უფრო ნაცნობ მოდერნისტულ სტილში მობრუნება 1920-იან წლებში ჰოლანდიური ავანგარდის, განსაკუთრებით დე შტიილის, გავლენით მოხდა, რომელთა არქიტექტორებმა იან ვილსმა და იიპ ოუდმა ფრენკ ლოიდ რაიტის იდეები გადმოიღეს კუბიკების მსგავს საზოგადოებრივ საცხოვრებლებში, რომელსაც მოგვიანებით თეო ვან დოსბურგმა „მანქანური ესთეტიკა“ უწოდა. გერმანელი არქიტექტორებისთვის ექსპრესიონიზმიდან მოქცევის კიდევ ერთი გავლენა კონსტრუქტივიზმი გახდა, კერძოდ, ვხუტემასი და ელ ლისიცკი, ეს უკანასკნელი ბერლინს ხშირად სტუმრობდა 1920-იან წლებში. კიდევ ერთი ელემენტი იყო ლე კორბუზიეს შემოქმედება საფრანგეთში.