ბლობ–არქიტექტურა
12:47:50     09-11-2011
ბლობიტექტურა, ასევე ბლობ-არქიტექტურა, ბლობიზმი — ტერმინებია არქიტექტურის მიმდინარე მიმართულებაზე, რომელშიც შენობებს ორგანული, ამებასმაგვარი ფორმა ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი "ბლობ არქიტექტურა" მოდაში უკვე 1990-იანი წლების შუა ხანებში გახდა, თვით სიტყვა ბლობიტექტურა პირველად ბეჭდვით სიტყვაში 2002 წელს გაჩნდა, უილიამ საფირის სტატიაში სათაურით "Defenestration" (დაახ. გაუფანჯროება), რომელიც „ნიუ-იორკ თაიმსის“ ენის საკითხების განყოფილებაში დაიბეჭდა. სტატიაში გამოყენებული დამაკნინებელი მნიშვნელობის მიუხედავად, ეს სიტყვა დარჩა და ხშირად გამოიყენება მრუდხაზოვანი და მომრგვალებული ფორმის შენობების აღწერისას.
ტერმინი "ბლობ არქიტექტურა" პირველად არქიტექტორმა გრეგ ლინმა გამოიყენა 1995 წელს მეტაბოლის გრაფიკულ პროგრამაში, ციფრული დიზაინის ექსპერიმენტებისას. მალე მას მრავალი სხვა არქიტექტორი და ავეჯის დიზაინერი აჰყვა, ამ "ბლობის"-მაგვარი პროგრამის ექსპერიმენტში ახალი და უჩვეულო ფორმების შესაქმნელად. მიუხედავად მისი გარეგნული ორგანულობისა, ბლობ არქიტექტურა წარმოუდგენელია ამგვარი კომპიუტერული დიზაინის პროგრამების გარეშე. არქიტექტორები ფორმებს კომპიუტერული მოდელირების პლატფორმებზე ალგორითმების მანიპულაციით ქმნიან.
პირველი სრულად ბლობ-შენობა აგებული იყო ნიდერლანდში, ლარს სპუიბროეკისა და კას ოოსტერჰუისის მიერ, სახელწოდებით "წყლის პავილიონი" (1993-97). ეს არამხოლოდ სრულიად კომპიუტერით დამუშავებული ფორმაა, არამედ მას ელექტრონული ინტერაქტიული ინტერიერი აქვს, რომელშიც ხმა და განათება მასში შესულ ადამიანზე რეაგირებს და ტრანსფორმაციას განიცდის.
შენობა, რომელიც ასევე შეიძლება განიხილოს, როგორც ბლობი, არის პიტერ კუკისა და კოლინ ფურნიეს "კუნსტჰაუზი" (2003) გრაცში, ავსტრია. სხვა ნიმუშებია როი მეისონის "ზანადუ ჰაუსი" (1979), ორგანიცისტი ბარტ პრინსის შენობები და ამ სფეროში ჰერცოგ და დე მერონის იშვიათი ექსკურსი "ალიანც არენას" სახით (2005). 2005 წლისთვის, ნორმან ფოსტერიც იწყებს ბლობიტექტურით ექსპერიმენტებს ადამიანის ტვინის ფორმის ფილოლოგიის ბიბლიოთეკით ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში და "სეიჯ გეიტსჰედის" შენობაში.