პრერის სკოლა და სტილი
12:43:34     09-11-2011
პრერის სკოლა გვიანი XIX და ადრეული XX საუკუნეების არქიტექტურული სტილია, დამახასიათებელი აშშ-ის შუადასავლეთისთვის.
ამ მიმდინარეობის არქიტექტორთა ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია ჰორიზონტალური ხაზები, ბრტყელი ან მახვილკუთხა გადახურვები, ჰორიზონტულად მიჯრილი ფანჯრები, ინტეგრაცია ლანდშაფტთან, მყარი კონსტრუქცია, მკაცრი ორნამენტები. ჰორიზონტული ხაზები, მათი აზრით, ადგილობრივი ბრტყელი ლანდშაფტისთვის ბუნებრივი იყო.
ტერმინით "პრერის სკოლა" ამ მიმდინარეობის არქიტექტორები საკუთარ ნამუშევრებს არ აღწერდნენ; ეს ტერმინი პირველად ალენ ბრუკსმა გამოიყენა, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი არქიტექტურის ისტორიკოსი, რომელმაც საფუძვლიანად გამოიკვლია ამ არქიტექტორთა შრომები.
მიმდინარეობა მეტწილად დაკავშირებულია ჩიკაგოს გარშემო მცხოვრებ არქიტექტორთა თაობასთან, რომლებსაც წვრთნა ან გავლენა ლუი სულივენისგან ჰქონდათ მიღებული, თუმცა თავად სულივენს იგი არ მოიცავს. ამ სახელთა შორის არიან: ბარი ბირნი, ალფრედ კალდუელი, მარიონ მაჰონი გრიფინი, უოლტერ ბარლი გრიფინი, ჯორჯ ფრანტ ელმსლი, ჯორჯ ვაშინგტონ მაიერი, ფილიპ მაიერი, დუაიტ ჰილდ პერკინსი, უილიამ გრეი პურსელი, კლოდ ენდ სტარკი, უილიამ ლაბერტ სტილი, ჯონ ვან ბერგენი, ფრენკ ლოიდ რაიტი, ფრენსის სულივენი, ენდრიუ უილატსენი.
პრერის სტილის (ღია დაგეგმვა, ჰორიზონტალურობა, ბუნებრივი მასალა), რომელიც ამერიკული არტს ენდ კრაფტს მიმდინარეობის ნაწილი იყო, ფუძემდებლად ფრენკ ლოიდ რაიტი ითვლება, და ის იმ დროს დომინირებული კლასიკური აღორძინების სტილის (ბერძნული ფორმები შიგადაშიგ რომაული ელემენტების ჩართვით) ალტერნატივა უნდა გამხდარიყო. მასზე ასევე გავლენა იქონიეს იდეალისტმა რომანტიკოსებმა (უკეთესი სახლები უკეთეს ხალხს შექმნის) და მოდერნისტულმა მიმდინარეობამ. პრერის სკოლის სტილის ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მინიმალისტებს (ნაკლები მეტია) და ბაუჰაუზს (ფორმა მოჰყვება ფუნქციას), რომელიც დე სტეილის (ცხრილის მსგავსი დიზაინი) და კონსტრუქტივიზმის (რომელიც უპირატესობას თვით კონსტრუქციას და სამშენებლო მასალებს ანიჭებს) ნარევი იყო. ფრენკ ლოიდ რაიტის პროექტის დარვინ დ. მარტინის სახლი, ბუფალო, ნიუ-იორკი, პრერის სტილის სახლის განთქმული ნიმუშია.