კრაისლერ ბილდინგი – არქიტექტურული შედევრი

  11:47:00     08-11-2011

კრაისლერ ბილდინგი ამერიკული არტ-დეკო სტილის თვალსაჩინო ნიმუშია, ხოლო ცათამბჯენის კოშკის ოვალური ორნამენტები იმდროინდელი კრაისლერის ავტომობილების საბურავების სახურავის იმიტაციაა. შენობას მიიჩნევენ ნიუ-იორკის არტ-დეკოს პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად, რაც თავისთავად ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს პერიოდად ქალაქის არქიტექტურულ განვითარებაში.

შენობის ვესტიბიული ისევე ელეგანტურია, როგორც თავად შენობა. გახსნის პირველ წლებში, შენობის ბოლო სართულზე საზოგადოებისთვის პანორამული გალერეა მდებარეობდა, რომელიც მოგვიანებით რესტორნად გადაკეთდა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ფინანსურად თავის შენახვა ვერ შეძლო დიდი დეპრესიის პერიოდში და ყოფილი პანორამული გალერეა კერძო კლუბად გადაკეთდა. შენობის ბოლო სართულები ვიწროა, დაქანებული დაბალი ჭერით და პროექტით გათვალისწინებული იყო რადიოს სამაუწყებლო ტექნიკის და სხვა ელექტრო-მექნიკური მოწყობილობის განსათავსებლად.

კრაისლერ ბილდინგი მის თანამედროვე კრიტიკოსთა მიერ უარყოფითად იქნა აღქმული ე.წ. "ფრივოლური" დეკორაციებისთვის, რაც იმჟამინდელი მკაცრი ფუნქციონალური მოდერნიზმიდან გადახრას წარმოადგენდა. თუმცა საზოგადოებისთვის ის სწრაფად გახდა ქალაქის ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმბოლო. დროთა განმავლობაში, ის 1920-იანი წლების არქიტექტურული ექსპრესიის ბუმის, რომელიც 1929 წლის დეპრესიით დასრულდა, საუკეთესო ნიმუშად შერაცხეს. შენობა დღემდე ნიუ-ორკელების რჩეულად რჩება. 2005 წლის ზაფხულში, არქიტექტორთა, მშენებელთა, კრიტიკოსთა, ინჟინერთა, ისტორიკოსთა და სხვათა შორის წარმოებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც მიზნად ისახავდა ნიუ-იორკის 25 ცათამბჯენიდან 10 საუკეთესოს შერჩევას, კრაისლერ ბილდინგი პირველ ადგილზე დასახელდა გამოკითხულთა 90% მიერ.