რუსები მფრინავის ნეშტის გადაცემას ითხოვენ
11:10:19     08-11-2011
რუსული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან აგვისტოს ომის დროს ჩამოგდებული რუსი მფრინავის, ალექსანდრე კოვენცოვის ნეშტის გადაცემას ითხოვს. დაღუპული სამხედროს ნეშტი სპეციალისტებს გენეტიკური ანალიზისთვის სჭირდებათ, რათა უგზო-უკვლოდ დაკარგული მფრინავის იდენტიფიცირება მოხდეს.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ამის შესახებ მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა აუწყა, რომელიც ამ საკითხის განხილვას 2 ნოემბერს დვანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ესწრებოდა.
”რუსული მხარე ბიომასალის გადაცემას ითხოვს, ეს ქსოვილის ნაშთებია, რომელიც შესაძლოა სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონფლიქტის დროს დაკარგულ მფრინავს, პოლკოვნის კოვენცოვს ეკუთვნოდეს. ეს ნიმუშები გენეტიკური ექსპერტიზისთვის გვჭირდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ არ ჩანს”, – განაცხადა თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენელმა.
სამინისტროს დაღუპულთა ხსოვნის უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე კირილინის განმარტებით კი, რუსი სპეციალისტების ეს თხოვნა ქართულ მხარეს წითელმა ჯვარმა გადასცა.
”ჩვენ უკვე გვაქვს შესადარებელი მასალა, რომლებიც კოვენცოვის ოჯახის წევრებს ეკუთვნით. ქართული მხარის მოწოდებულ ბიომასალასთან შედარების შემდეგ, საბოლოოდ დადგინდება რუსი მფრინავის დაღუპვის გარემოებები”, – განაცხადა კირილინმა.
აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ კიდევ ერთი რუსი სამხედრო, ალექსეი ლეჯიევი დაიკარგა, რომლის შესახებ არავითარი მონაცემები არ არსებობს. სამმხრივ შეხვედრაზე რუსულმა მხარემ მისი საკითხიც დააყენა. შეხვედრის ბოლოს კი სამინისტროს მაღალჩინოსმა განაცხადა, რომ ”მსჯელობა კონსტრუქციული” იყო.
”მოლაპარაკებების დეტალები საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც მხარეები კონკრეტულ შედეგებს მიაღწევენ”, – განაცხადა მან.
ბობდმანშენ Ту-22М3-ის მფრინავი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კოვენცოვი ქართველმა სამხედროებმა ომის დაწყების პირველსავე დღეებში ჩამოაგდეს. რაც შეეხება სერჟანტ ლეჯიევს, მისი დაღუპვის გარემოებები დღემდე უცნობია.
armada.ge