რუსული არმია არაჯანსაღი ფსიქოლოგიის მქონეთა და „ბომჟების“ არმიაა

  08:12:48     07-11-2011

რუსეთის არმიის რღვევა გრძელდება. რეფორმამ, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო, ვერცერთი პრობლემა ვერ გადაჭრა. „რუსეთის არმია კატასტროფულ მდგომარეობაშია და ქვეყანაში არსებული მუდმივი კრიზისის პირობებში, რეფორმას,  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, შესაძლოა, დამანგრეველი შედეგები მოყვეს“ - განუცხადა ფრანგულ “შლატე.ფრ“-ს გენერალმა იური ბუკრეევმა.

არმია მხოლოდ სამხედრო ტექნიკა და მანქანები არ არის და მას, პირველ რიგში, ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მონაცემების მქონე ადამიანები სჭირდება, ამ მოთხოვნებს კი რუსი ჯარისკაცები ვერ პასუხობენ. რუსული არმია ახალგაზრდებს არა ნამდვილ მამაკაცებად აქცევს, არამედ, საერთოდ ანადგურებს მათ.

რუსეთში სამხედრო სამსახური სავალდებულოა, თუმცა ეს პრინციპი მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებზე ვრცელდება, რადგან შეძლებული ოჯახის შვილები, ნაცნობობისა და ფულის ფასად, ადვილად ახერხებენ თავი აარიდონ სამხედრო სამსახურს.

„მამაჩემს ბავშვობის მეგობარი ჰყავს, პოლკოვნიკი, ამიტომაც 3000 დოლარი მივიტანე… ჩემი სამხედრო ბილეთი წესრიგშია და შემიძლია განვაგრძო ბიზნესსაქმიანობა“ - ამბობს გრიგორი, რომელიც უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობს.

სიტუაცია კრიტიკული ხდება - აცხადებს გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ვასილი სმირნოვი. ზაფხულში სამხედრო სამსახურს თავი აარიდა 200 000 ახალგაზრდამ. ყაზარმებში არსებული ატმოსფეროც დამაფიქრებელია. მთავარი სამხედრო პროკურორი სერგეი ფრიდინსკი უმიზეზოდ არ ღელავს, - 170-180 ათასი მოზარდი რუსეთში სოციალურად საშიშ ვითარებაშია, ძალადობაა ქუჩაში, ოჯახში. მათი 80%, თავისი ცხოვრების წესით მიდის ჯარში, მათთან ხვდებიან ისეთებიც, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა… რუსეთის ჯარისკაცების 42% მანამდე არსად მუშაობდა, ყოველი მეხუთე კი ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია.

2009-2010 წლებში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ძალადობის მაჩვენებლი 3%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად სამსახურის ვადა ერთ წლამდე შემცირდა. საბჭოური „დედოვშინა“ ისევ არ თმობს პოზიციებს, რაც თვითმკვლელობებსა და დეზერტირობას იწვევს. როგორც თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის მონაცემებიდან ირკვევა, თვითმკვლელობა 1649-მა ახალწვეულმა სცადა.

პრობლემები აქვთ პროფესიონალ  სამხედროებსაც. არმიის რეფორმას მასობრივი შემცირება მოყვა, დაითხოვეს 200 000 ოფიცერი, მათ შორის 200 გენერალი, ხოლო 140 000 პრაპორშიკს პენსიაზე გასვლა აიძულეს. დახურეს სამხედრო ინსტიტუტები და აკადემიები და არსებული 70-დან დღეს მხოლოდ 10 განაგრძობს ფუნქციონირებას.

გარდა ამისა, არმიის მომარაგება სამოქალაქო პირებს დაევალათ, ამერიკული პრაქტიკის გათვალისწინებით, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ მოიტანა და ექსპერტების თქმით, დეზორგანიზებისა და კორუფციის გაძლიერების საფრთხე შეიქმნა. ამ ზომების მიღების შემდეგ, არმია დატოვა სამმა გენერალმა, რითაც თავისი პროტესტი გამოხატეს.

არანაკლებ პრობლემური რუსულ არმიაში ოფიცრებისა და ვეტერანების საცხოვრებლით უზრუნველყოფის თემაა. საკითხი 2010 წელს უნდა გადაჭრილიყო, თუმცა სამხედროები დღესაც გაურკვევლობაში არიან, ისე, როგორც, მაგალითად, რეზერვის პოლკოვნიკი ნოვიკოვი, რომელმაც რადიო „ეხო მოსკვის“ განუცხადა, რომ უკვე ათი წელია, „ბომჟია“...