მიქაელი - XII-XIII საუკუნეების ქართველი მინიატურისტი
10:25:20     05-11-2011
მიქაელი, XII-XIII საუკუნეების ქართველი მინიატურისტი, ე. წ. ჯრუჭის II სახარების ერთ-ერთი დამსურათებელია.
სახარება (ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-1667) XII-XIII საუკუნეების ქართული ხელოვნების შესანიშნავი ძეგლია. იგი შემკულია 334 მინიატურით. ხელნაწერის დასურათებაზე რამდენიმე მხატვარს უმუშავია. უმეტესობის ვინაობა უცნობია, მაგრამ ერთ-ერთ ფურცელზე (გვერდი 180) ამოიკითხეს (ს. ბარნაველი) მხატვრის სახელი "მიქაელ". მას რამდენიმე მინიატურას აკუთვნებენ.
მიქაელი ამ ხელნაწერის დამსურათებლებს შორის საუკეთესო ოსტატია. იგი სხვა მხატვრებისაგან გამოირჩევა ნათელი, მხიარული, ფერადოვანი გამით. კოლორიტი სუფთა და გამჭვირვალეა (შეფარდებები ოქრო - შავთან ან შოკოლადისფერთან, მკრთალი ოქროსფერი - წაბლისფერთან). კოლორიტის აქცენტს ქმნის სინგურის ოდნავ მოვარდისფრო ლაქა. მინიატიურების ფონი ოქროსფერია, ნიადაგი - მომწვანო-ცისფერი, ბალახი გადმოცემულია პატარა ბუჩქების სახით. მხატვარი დიდი ოსტატია ორნამენტისა, რომელიც გამოირჩევა არა მარტო ხაზების სილამაზით, არამედ ფერების დახვეწილი ჰარმონიით.