ვასილ ბარნოვის ლექსი „ქართველ ქალს“
13:33:05     04-11-2011
1934 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა დიდი ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი.
ბარნოვების ძველი გვარია ბარნაველი, ამას დიდი მწერალიც აღნიშნავდა. მახსენდება ერთი შემთხვევა, სსრკ-ს დროს ჯარში მსახურობისას ასეულში გვყავდა ერთი ბარნოვი. რუსებიც კი მის გვარს გამოთქვამდნენ „ბარნოვი“ და არა „ბარნოვ“.
დიდი მწერალი ვასილ ბარნოვი დაიბადა 1856 წლის 22 მაისს (ახალი სტილით 3 ივნისს) სოფელ კოდაში, ქართლში, დეკანოზ ზაქარია ბარნოვის (ბარნაველის) ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში. ჯერ კიდევ 21 წლისა იქვე ასწავლიდა 1977-1878 წლებში, იყო სემინარიის ზედამხედველი, კითხულობდა ხალხური სიტყვიერების კურსს. შემდეგში მან დიდი ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორისტიკას.
ბარნოვის ნარკვევებსა და წერილებში განხილულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის მნიშვნელოვანი საკითხები. საინტერესოა მისი დაკვირვებანი "ამირანიანზე", „როსტომიანზე", „ტარიელიანზე", "არსენას ლექსზე". ფოლკლორული და ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების საფუძველზე ვასილ ბარნოვმა შეადგინა არსენა ოძელაშვილის ბიოგრაფია,.
1878 წლიდან სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1882 წელს.
სამი წელი მასწავლებლად მუშაობდა სენაკის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ გადმოიყვანეს ტფილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანაშემწედ. 1885 წელს თელავში გადაიყვანეს მასწავლებლად, სადაც 25 წელის იმუშავა. 1911 წლიდან ტფილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა ქართულ ლიტერატურას. პარალელურად თანამშრომლობდა დიმიტრი ბაქრაძის „ისტორიულ-არქეოლოგიურ კაბინეტში“ და გაზეთ „ივერიაში“. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი. იღწვოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.
ვასილ ბარნოვის პირველი კორესპონდენცია "რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან" გამოქვეყნდა 1878 წელს გაზეთ „დროებაში“ (# 220-227), მისი ლექსი, რომელსაც დღეს ვთავაზობთ პრესა.გე-ს მკითხველს, „ქართველი ქალი“ დაიბეჭდა 1879 წელს, ასევე „დროებაში“ (# 149), პირველი მისი მოთხრობა „პატარა ლევანი" - გამოქვეყნდა 1893 წელს ("კვალი", # 2), პირველი რომანი "ისნის ცისკარი" გამოქვეყნდა 1901 წელს ("მოამბე", # 18).
1918-1924 წლებში ქართულ სიტყვიერებას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ, სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ „შალვა ნუცუბიძის კურსებზე“ (პრესა.გე-ს მკითხველს ახსოვს, რომ 1918-1920 წლებში ამ სასწავლებელში სწავლობდა ტერენტი გრანელი). 1918-1921 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. ქართველი იუნკრების გმირულის სულის ჩამოყალიბებაში მისი დამსახურებაც მნიშვნელოვანია. 1921-1930 წლებში წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის უნივერსიტეტის „მუშფაკში“.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი.1917 წლიდან გარდაცვალებამდე გახლდათ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი.
ვასილ ბარნოვს მხოლოდ ერთი ლექსი აქვს დაბეჭდილი, რომელსაც უზის მწერლის ინიციალები „ვ. ბ.“. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლექსი გამოქვეყნდა გაზეთ „დროებაში“ 1879 წელს, # 149. ლექსის დაწერის თარიღია 1875 წლის 20 ივლისი.
დიდი მწერალი ქმნიდა არა მარტო ისტორიულ რომანებს და მოთხრობებს (ამ საქმეში მისი დამსახურება უდიდესია), მისი ნაწარმოებები პატრიოტული გრძნობებითა და სიკეთის დამკვიდრების სურვილითაა გამსჭვალული, ის შესანიშნავი მხატვარი იყო. მან დიდი გავლენა იქონია მომავალი მწერლების, მისი უმცროსი თანამედროვეების შემოქმედებაზე. მისი წერის მანერა მოიწონა და განავითარა თავის შემოქმედებაში რამდენიმე ქართველმა გენიოსმა.
როგორც ვთქვით, დიდი მწერალი ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წლის 4 ნოემბერს, თბილისში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
ქართველ ქალს
ქართვლის ქალი - ვით ალვის ხე,
მკლავ-მხარ-მკერდი - განგებ თლილი;
თუნდა მოდი, ბრძენო, ნახე,
თუ არ არის ვარდი შლილი!
ბროლის ველსა ამშვენებენ
გიშრის თმანი გარდნაფენნი,
მათ მჭვრეტელთა ახელებენ
ის კავები ბროლ-ლალთ მხვევნი.
მნათობს ჰშვენის წყნარი სახე,
თვალ-წამწამნი გიშრის ფერნი,
იგი წარბნი - გველთა სახე,
კბილნი თეთრნი, გამჭვირველნი.
მწყლავენ ფერხნი, წვრილ-კეკლუცნი,
ნახეთ მათი ცქრიალ-სვლანი!..
ერთობ კარგნი ნაზნი ხელნი,
ბროლის დარნი, მჭვრეტელთ მკვლელნი.
1875 წ. 20-ს ივლისს
(„დროება“, 1879 წ. # 149)