ფრანსის ჟამი - „ლოცვა, რომ სამოთხეში ვირებთან ერთად შევიდე“
12:37:29     01-11-2011
1938 წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი პოეტი და მწერალი ფრანსის ჟამი (Francis Jammes).
ცნობილი სიმბოლისტი ფრანსის ჟამი დაიბადა 1868 წლის 2 დეკემბერს პირინეებში. სწავლობდა პოში, შემდეგ ბორდოში. მუშაობდა ნოტარიუსის თანაშემწედ. 1891 წელს გამოვიდა მისი კრებული „ექვსი სონეტი“. მისი ნაწარმოებები მოეწონათ სტეფან მალარმეს და ანდრე ჟიდს. 1901 წელს გაიცნო პოლ კლოდელი. კლოდელი გამოირჩეოდა თავისი რელიგიურობით. მისი გავლენით ფრანსის ჟამიც მორწმუნე კათოლიკე გახდა, რაც აისახა კიდეც მის შემოქმედებაზე. 1928 წელს გაიცნო პოლ ვალერი. მეგობრობდა სხვა პოეტებთანაც.
გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი, დრამა, ესე, მემუარები. მის ლექსებზე არა ერთმა კომპოზიტორმა დაწერა მუსიკა.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ ფრანსის ჟამის შესანიშნავ ლექსს „ლოცვა, რომ სამოთხეში ვირებთან ერთად შევიდე“, რომელიც თარგმნა გივი გეგეჭკორმა. მის არა ერთ ლექსს ჰქვია ლოცვა და შინაარსობრიოვადაც ლოცვის მსგავსია.
ლოცვა, რომ სამოთხეში ვირებთან ერთად შევიდე
(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)
როდესაც მიხმობ, უფალო,
შენთან წამოვალ უმალ,
მაგრამ თუ მაშინ წამიყვან
ამ წუთისოფლის სტუმარს,
გზას რომ ამტვერებს დღეობა,
გვედრებ, უფლება მომეც,
გზა თვითონ ამოვირჩიო,
რომელს გამოვყვე, რომელს.
მანდ უნდა ვნახო სამოთხე
და ვარსკვლავები დღისით,
ავიღებ ჯოხს და წამოვალ
შენკენ სამოთხის ღირსი.
შემომხვდებიან ვირები
და იმათ ასე ვეტყვი:
მე, ძმებო, ფრანსის ჟამი ვარ,
რა გითხრათ ამის მეტი,
სადაც მივდივარ, წამოდით
მთელი ვირების დასტა,
ღვთის ქვეყანაში მივდივარ,
მე არ მივდივარ სხვასთან.
დამდგარხართ, ყურის პარტყუნით
ანდა თავების ქნევით
ბუზებს იშორებთ საწყლები...
ზევით წამოდით, ზევით...
გარშემორტყმული ვირებით,
ღმერთო, ამოვალ მაღლა,
მიყვარან, დარბაისლურად
იციან თავის დახრა,
დგებიან, ნორჩი ხეხილის
ტყე გეგონება ხშირი
მათი პატარა ფეხები,
შეგებრალება ვირი.
არსად არ გადაუხვევენ
შენკენ მომავალ გზიდან,
ვისაც გვერდები ჩაენგრა
და კალათები ზიდა.
ვისაც დაჰქონდა თუნუქი
და საზიდრების ღვედით
ან ჯამბაზების ფორნებით
გადაჰყვლეფია ქედი.
მოდიან ჭაკი ვირები,
ბევრი იარეს, ბევრი.
გაკერპებული ბუზების
მოუსვენარი მრევლი
ლურჯ იარებზე ესევათ,
რიდი არა აქვთ არვის,
ფეხებზე გუნდად სხდებიან,
ვირებს აცმევენ შარვალს.
მე გევედრები, უფალო,
როცა ვირებთან ერთად
ამოვალ. ანგელოზებმა
რომ გვიპატრონონ შენთან,
მანდ, სადაც ნაკადულები
დაფარულია მწვანით
და ალუბალი ცახცახებს,
როგორც ქალწულის ტანი.
მოვალ ვირივით ნაჯაფი,
გამიღე წმინდა სახლი,
კარგი იქნება, უფალო,
ღვთაებრივ წყალზე დახრილთ
თუ დაგვანახვებ, - უბადრუკ
და მოკრძალებულ ამქარს, -
მარადიული სიწმინდის
და სიყვარულის კამკამს.