ფედერიკო გარსია ლორკას სიკვდილის საიდუმლო („სხვისი ცოლი“)
12:36:41     01-11-2011
დიდი ესპანელი პოეტი და დრამატურგი, მუსიკოსი და მხატვარი-გრაფიკოსი ფედერიკო გარსია ლორკა (Federico García Lorca ) დაიბადა 1898 წლის 5 ივნისს დაბა ფუენტე ვაკეროში, გრანადის პროვინციაში, ანდალუსიაში. 1909 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა გრანადაში. 1910 წლიდან პატარა ფედერიკო უკვე მონაწილეობდა გრანადის სამხატვრო ცხოვრებაში.
1914 წელს ჩააბარა გრანადის უნივერსიტეტში. შეისწავლიდა სამართალმცოდნეობას, ფილოსოფიას და ლიტერატურას. 1918 წელს გამოვიდა მისი პირველი კრებული Impresiones y paisajes (შთაბეჭდილებანი და პეიზაჟები), რომელმაც წარმატება მოუტანა.
1919 წელს გადასახლდა მადრიდში. ცხოვრობდა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. დაუახლოვდა გამოჩენილ ადამიანებს, განსაკუთრებით სალვადორ დალის და რეჟისორ ლუის ბუნუელს. იმ პერიოდში დაიწერა მისი პირველი პიესა. 1928 წლამდე სწავლობდა მადრიდის უნივერსიტეტში.
1929 წელს როგორც სტიპენდიანტი, გაემგზავრა ამერიკაში, ნიუ-ორკში. ესპანეთში დაბრუნების შემდგომ გახდა მოხეტიალე სტუდენტთა თეატრის „La Barranca“ (ბალაგანი) ხელმძღვანელი. ამ დროისათვის პრემიერ მინისტრ პრიმო დე რივერას ხელისუფლება უკვე დამხობილი იყო. წერდა პიესებს. შემოიარეს ესპანეთი, მერე სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრნენ. 1931 წელს ესპანეთში მოხდა რევოლუცია და მეფე ალფონსო XIII ქვეყნიდან გაიქცა. ესპანეთში რესპუბლიკა დამყარდა. ცნობისათვის, ალფონსო XIII არის ესპანეთის დღევანდელი მეფის პაპა და ბაგრატ ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის ბებიის ძმა.
1936 წლის 18 ივლისს ესპანეთში დაიწყო სამოქალაქო ომი. ლორკა გაემგზავრა მადრიდიდან გრენადაში.
1936 წლის 19 აგვისტოს ფედერიკო გარსია ლორკა აწამეს და დახვრიტეს ფალანგისტებმა. ესპანელმა ნაციონალისტებმა. ორი ვარაუდი არსებობს, თუ რატომ დახვრიტეს პოეტი...
გადმოცემით პოეტი დაუხვრეტიათ გრანადასთან ახლოს, „ცრემლის წყაროსთან“. მასთან ერთად დაუხვრეტიათ ორი ტორერო და კოჭლი ბერიკაცი, მასწავლებელი მეზობელი სოფლიდან. მათ საფლავზე ბებერი ზეთისხილის ხე მდგარა.
არის ვერსია, რომ პოეტი არ მოუკლავთ. 2008 წელს ერთმა ქალმა, დახვრეტილი მასწავლებლის შვილიშვილმა, ისტორიული ხსოვნის აღდგენის კანონის შესაბამისად, მოითხოვა იმ საფლავების გახსნა, სადაც მისი ბაბუა და პოეტი უნდა ყოფილიყვნენ დაკრძალულნი. არც საფლავში და არც იმ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნეშტები არ აღმოჩნდა.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით დაჭრილი ფედერიკო გარსია ლორკა გადაარჩინეს და არგენტინაში გადაიყვანეს, მაგრამ მას აღარ ახსოვდა ვინ იყო...
სხვისი ცოლი
(ესპანურიდან თარგმნა თამაზ ჩხენკელმა)
ეს სანტიაგოს საღამოს მოხდა.
თითქოს უეცრად და უნებურად
ფარნები ჩაქრა და ჭრიჭინებმა
აანთეს ღამე წინანდებურად.
ბნელ შესახვევში მისი გულმკერდი
მე გავაღვიძე ხელის შევლებით,
და ძუძუები აყვავდნენ უცებ,
ვით იასამნის თეთრი მტევნები.
მისმა ხაბარდამ გახამებულმა
შიშველი ტანი ვეღარ შეფუთნა
და აშრიალდა აბრეშუმივით,
თითქოს დასერა ასმა ბებუთმა.
დაუფერავნი ვერცხლის სევადით
ხეები გახდნენ უფრო მაღლები
და ცის შორეულ ჰორიზონტივით
მდინარის გაღმა ყეფდნენ ძაღლები.
როცა გამოვცდით მყუდრო მაყვლიანს
და ყრუ ძეძვნარებს, მე სველ სილაზე
გავშალე მისი დამძიმებული
და მოელვარე თმების სინაზე.
მან შემოიხსნა წელზე სარტყელი
და გაიხადა ჭრელი ფარაგი,
მე მოვისროლე ამოქარგული
ჩემი ჯუბაჩა და იარაღი.
არც ვარდის ფურცლებს და არც ნიჟარებს
არა აქვთ კანი ისე ნატიფი,
და მთვარიანში ისე არ ბრწყინავს
განათებული ყვითლად სათიბი.
გაელვებული სველი სინათლით
და ასხლეტილი ცივი შეხებით,
ბადეში გაბმულ კალმახებივით
არ მიკარებდნენ მისი ფეხები.
იმ დღეს სადაფის თეთრი ფაშატით
უბადლო გზებზე - შეუსვენებლივ,
უუზანგებოდ და უაღვიროდ
მე ვიჯირითე შმაგი ჭენებით.
ნდომაკეთილი ჩვენი გაცნობა
მაბამს უსიტყვოდ და უქამანდოდ,
და როგორც მამრს და ვაჟკაცს შეჰფერის,
არ ვიტყვი იმას, რაც მან გამანდო.
როცა კოცნით და სილით მოსვრილი
წყლის ნაპირიდან წამოვიყვანე,
გზად ძეძვიანის მჭრელი დაშნები
ბასრი შეხებით ჩხვლეტდნენ სიღამეს.
ვით ნამდვილ ბოშას შეეფერება
მე უშურველი ვიყავ მისადმი -
მრეში ატლასის დიდი ზარდახშა
ვაჩუქე ერთი - ხელსაქმისათვის,
მაგრამ მე იგი არ შევიყვარე,
რადგან პასუხად სიტყვამისაგებს -
არ მითხრა სხვისი ცოლი რომ იყო,
როცა მიმყავდა მდინარისაკენ.