მარატ ნოზაძე სკოლის ეზოში ჩამოგდებული რუსული ნაღმის გაუვნებელყოფას შეეწირა

  16:29:52     31-10-2011

შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის განყოფილების მე–3 ქვეგანყოფილების უფროსი, 28 წლის მარატ ნოზაძე, 2008 წლის 17 ნოემბერს, გორის რაიონის სოფელ ფლევში, უპილოტო თვითმფრინავის განაღმვისას, რუსული საგუშაგოდან დისტანციური მართვის საშუალებით ააფეთქეს. სიკვდილის შემდეგ ის პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა.

საკუთარი სიცოცხლის ფასად უამრავი ადამიანი გადაარჩინა. დანაღმული უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც სკოლის ეზოში ჩამოვარდა, იქაურობას გაარიდა, ბავშვებს სიცოცხლე შეუნარჩუნა, მაგრამ მამის გარეშე დატოვა საკუთარი შვილი, სამი წლის თემუკა, რომელსაც ობლად დარჩენილს, დედასთან ერთად ზრდიდა. პირველ კლასში, მასწავლებლის მიერ დავალებულ თავისუფალ თემაზე ვინ არიან ჩემი მშობლები, თემუკა ნოზაძემ დაწერა, რომ არ ახსოვს დედა, მამა კი ომში დაეღუპა - ის გმირია.

დღეს მარატ ნოზაძის ვაჟს ბებია, ბაბუა და ბიძა ზრდის. თემუკას დედა 9 თვისას გარდაეცვალა, სამი წლის შემდეგ მამაც დაკარგა. მარატ ნოზაძის დედა, ნინელი ნოზაძე გვეუბნება, რომ ამქვეყნად მასზე უბედურ ოჯახს ვერსად ვნახავთ. ერთადერთი, რაც მას სიცოცხლისთვის ძალას აძლევს, დაობლებული შვილიშვილის გაზრდაა.

ნინელი ნოზაძე, მარატ ნოზაძის დედა: ,,მარატი შს სამინისტროში 8 წელი მუშაობდა, თავის სამსახურზე უაღრესად შეყვარებული იყო. ომი რომ დაიწყო, ბუნებრივია როგორც ყველა დედა, ვის შვილსაც ფორმა აცვია, განსაკუთრებულად ვნერვიულობდი. იმ პერიოდში ბაზაზე იყო, მამშვიდებდა, ნუ გეშინია, ჩვენ ბაზიდან არ გავდივართ, ჩვენი სამსახურის ომი, ომის დამთავრების შემდეგ დაიწყებაო. აგვისტოს ბოლოდან დაიწყო განაღმვითი სამუშაოები, ყოველკვირა მიდიოდა სხვადასხვა ჯგუფი, ნაღმებისგან ასუფთავებდნენ გორის მიმდებარე სოფლებს. 9 ნოემბერს 84 წლის დედა დამეღუპა, მარატს უკვე ჰქონდა დაგეგმილი მივლინება გორში, ვთხოვე, იქნებ ვინმეს გაუცვალო და ჩვენთან ერთად წამოხვიდე მეთქი რაიონში. მივლინება უკვე გაფორმებულია და უნდა წავიდე, მაგრამ გასვენების დღეს ჩამოვალ, რომ პატივი მივაგო ბებოსო. ხუთშაბათს ჩამოვიდა, ნათესავები მოისიყვარულა და იმავე დღეს დაბრუნდა გორში... მას არ აკლდა უსაზღვრო სიყვარული და სითბო, მაგრამ ყველა აღნიშნავს, რომ იმ დღეს განსაკუთრებულად მოსიყვარულე იყო. ჩვენ შაბათს წამოვედით თბილისში. გზაში დაგვირეკა გორში დაგხვდებითო. არ ვიცი ასე ძალიან რატომ უნდოდა ჩვენი ნახვა... ბიჭებთან ერთად იყო, არაფრის გეშენოდეთ, ჩვენ ყველაფერი კარგად ვიცით და არაფერი მოხდებაო გვამშვიდებდა. უკანასკნელად მოვისიყვარულე, ეს იყო ჩემი შვილის უკანასკნელი ნახვა. სიყვარულით, სითბოთი სავსე თვალები ჰქონდა. მითხრა მალე მიმთავრდება მივლინება და ჩამოვალო...

– რა ვითარებაში გარდაიცვალა თქვენი შვილი?

– დილით, 10 საათზე იყო უპილოტო თვითმფრინავის შემოსვლის ერთი შემთხვევა, ის გაუნაღმავთ და ტაძარში წასულან, სანთლები დაუნთიათ. იქიდან რომ გამოვიდნენ შეატყობინეს, რომ სოფელ ფლავში, სკოლის ეზოში, უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. იქ უამრავი ხალხი იყო, ჩემმა შვილმა ხალხი არ მიუშვა ახლოს, უსაფრთხოების ხაზი შემოავლეს ტერიტორიას და უპილოტო თვითმფრინავი უსაფრთხო ადგილას გაიტანეს გასანადგურებლად. განაღმვა რომ დაიწყეს, როგორც იმ პერიოდში იწერებოდა, დისტანციური მართვით ამოქმედდა ასაფეთქებელი საშუალება, ახლოს იყო რუსული საგუშაგო. იქიდან უყურებდნენ როგორ კლავდნენ ჩვენს შვილებს. 10 თანამშრომელი იყო ადგილზე, ორი დაიღუპა – ჩემი შვილი და გიორგი სხვიტარიძე, ესენი ალბათ წინ იდგნენ, განყოფილების უფროსები იყვნენ და ვიცი, წინ არავის მიუშვებდნენ. დანარჩენები დაიჭრნენ, ბევრს ახლაც ატყვია სახეზე იმ დღეს მიღებული დაზიანებების კვალი.

მე არაფერი გამაგებინეს. ჩემი მეორე ვაჟი სამსახურში იყო, თანამშრომლებს მოტყუებით წაუყვანიათ გორში. ჰოსპიტალის ეზო სავსე იყო თურმე ჩვენი ნათესავებით, მაშინ მიმხვდარა რაც მოხდა. საღამოს, საქმეებს რომ მოვრჩი, 19:00 საათზე ტელევიზორი ჩავრთე და საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინე, რომ განაღმვითი სამუშოების დროს ორი პოლიციელი დაიღუპა და რვა დაიჭრა. ვერ ვიფიქრე, რომ ჩემი შვილი დაიღუპებოდა, დაჭრილი მეგონა. მარატის ტელეფონი გამორთული იყო, მეორე შვილს ვურეკავდი – არ მპასუხობდა. ჩემმა შვილმა მე ვერ მითხრა, დეიდაშვილებს გააგებინა რაც ხდებოდა. ისინი გვერდით კორპუსში ცხოვრობენ, იქიდან კივილი გავიგე და მივხვდი, რომ ჩემი შვილი დაჭრილი კი არა დაღუპული იყო. მეორე დღეს მომიყვანეს სახლში... მისი ცხედარიც ვერ ვნახე’’...

მარატ ნოზაძის დაღუპვამდე სამი წლით ადრე, მათ ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მოულოდნელად გარდაიცვალა მარატ ნოზაძის მეუღლე. მარატის დედა იხსენებს, რომ მარატს შვილიც კი დაავიწყდა, საშინელ მდგომარეობაში იყო, საფლავზე ათენებდა. 

ნინელი ნოზაძე, მარატ ნოზაძის დედა: ,,ნინოს და მარატს ერთი წელი უყვარდათ ერთმანეთი. 1 მარტს ოჯახში, საბანკეტო დარბაზიდან საპატარძლო კაბით შემომიფრინდა ჩემი რძალი – ნინიკო, უბედნიერესები ვიყავით, მაგრამ ეს ბედნიერება, ძალიან დიდი სიყვარული, ორ წელიწადში დამთვარდა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1 მარტს, ნინიკო საავადმყოფოდან საკაცით მომიყვანეს. გავნადგურდით,  ისეთი ადამიანი იყო შეუძლებელია არ გყვარებოდა, საკუთარ შვილში ვერ ვანსხვავებდი, სიყვარულით, სითბოთი სავსე. მარატი ბავშვსაც აღარ აქცევდა ყურადღებას, არ ვიცოდი თუ გადაიტანდა ამას. დღე მუშაობდა და არ ჰქონდა საფლავზე წასვლის საშუალება, თან მეც მიფრხილდებოდა, მაგრამ ღამეებს საფლავზე ატარებდა, ბევრჯერ უთქვამთ მის მეგობრებს გუშინ ორ საათზე, სამ საათზე ვიყავით ნინიკოს საფლავზეო. სადაც უნდა ყოფილიყო, არ შეეძლო სასაფლაოზე არ გაევლო. კვირას მივდიოდი ჩემი რძლის საფლავზე, მომვლელი ყოველთვის მეუბნებოდა: წუხელ შენი შვილი აქ იყოო. ძალიან მძიმედ გადავიტანეთ მისი სიკვდილი. ბავშვმა გამოგვიყვანა მდგომარეობიდან, ხშირად ცრუკრუპი ემართებოდა და ამან უფრო გადაგვატანინა ყურადღება. მარატს ვეუბნებოდი, დედა აღარ ჰყავს და მამის ყურადღების გარეშე მაინც ნუ დატოვებ მეთქი. სამი წლის შემდეგ თემუკამ მამაც დაკარგა... დედა არ იცოდა ვინ იყო, არ ახსოვდა, ამიტომაც ალბათ მამა განსაკუთრებულად უყვარდა. დიდხანს ვატყუებდით რომ მამა მივლინებაში იყო’’

დარეჯან დათიკაშილი, მარატ ნოზაძის სიდედრი: ,,ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ჩემი სახლიდან ვუყურებდი ხოლმე ჩემი შვილი როგორ ელოდა ფანჯარასთან მეუღლეს. მისი სიკვდილი მარატმა გადამატანინა. მახსოვს ერთხელ, მარატი ოთახში იჯდა და ტიროდა. რა გჭირს მეთქი  ვკითხე, ნინო მენატრებაო... უერთგულესი ადამიანი იყო, როგორც სახლში, ისე სამსახურში. ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. ასეთი პასუხისმგებლობის მქონე კაცი იშვიათად მინახავს. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. თანამშრომლებს წარმოუდგენელი სიყვარული და პატივისცემა აკავშირებდათ მასთან. მეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიძე იყო, ძალიან მოკრძალებული ურთიერთობა მქონდა. მასთან სხვანაირად არ შეიძლებოდა.’’

ნინელი ნოზაძე, მარატ ნოზაძის დედა: ,,მათი შეუღლებისთანავე ორი ოჯახი ისე გავერთიანდით, იმხელა სიყვარული და ბედნიერება იყო ჩვენს ოჯახში, რომ ჩვენზე ბედნიერი ამქვეყნად არავინ მეგულებოდა. ახლა ჩვენზე უბედურს ამქვეყნად ვერავის ნახავთ.’’

თემუკა ახლა ოჯახის ყველაზე დიდი საზრუნავია, თვალებში უყურებენ, რომ დედის და მამის სითბოს დანაკლისი როგორმე შეუვსონ. ის ძალიან ჰგავს მამას და უნდა პოლიციელი გამოვიდეს. იცის, რომ მამა გმირია. არავინ არაფერს ეუბნებოდა მამის გარდაცვალებაზე, თავად გააანალიზა მოსმენილი საუბრებიდან, რომ მამა ომში, გმირულად დაღუპა.

ნინელი ნოზაძე, მარატ ნოზაძის დედა: ,,სასაფლაოზე დაგვყავდა ყოველ კვირას, იცოდა, რომ იქ დედა იყო, წითელ ვარდებს არჩევდა ხოლმე მისთვის. მამამისი რომ დავკრძალეთ თვალი გადაავლო საფლავს, რატომ არის აქ რაღაცეები შეცვლილიო იკითხა. ვერაფერი ვუპასუხეთ. მერე ალბათ უფროსების საუბრებს ისმენდა და ერთხელ მკითხა, მამა ომში დაიღუპაო? ამის შემდეგ გავბედეთ საფლავზე მარატის სურათის გაკეთება. ძალიან გონიერი ბავშვია, თვითონ გაათვითცნობიერა, რომ მამა არის გმირი, ის ომში დაიღუპა.

პირველ კლასში თავისუფალი თემის დაწერა დაავალეს ბავშვებს: ვინ არის დედა და ვინ არის მამა და როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთანო. მასწავლებელმა მკითხა თემუკასთან როგორ მოვიქცეო? არაფერს დაწერს, ან შეიძლება ბებიაზე და ბაბუაზე დაწეროს მეთქი ვუთხარი. თემუკამ ასეთი თემა დაწერა: დედა არ ვიცი, არ მახსოვს. ჩემი მამა იყო გმირი, ის ომში დაიღუპა. როცა დედას ვახსენებ დარეჯან ბებო ტირის, როცა მამას ვახსენებ, ნინელი ბებო ტირის. მე რომ გავიზრდები პოლიციის კაპიტანი უნდა გამოვიდეო. ხმამაღლა ვტიროდი მასწავლებელმა რომ წამიკითხა. თითქოს არ იმჩნევს, მაგრამ ძალიან ბევრს ფიქრობს. ერთი სული ჰქონდა კითხვა ესწავლა, რომ თვითონ წაეკითხა ყველაფერი მამაზე. პირველად წაიკითხა საქართველო და დედის და მამის სახელები.’’