ვალერიან გაფრინდაშვილის „სახელების მაგია“

  16:26:36     31-10-2011

ვალერიან გაფრინდაშვილი ყოველთვის საინტერესო ესეებს სთავაზობდა ქართველ მკითხველს. ის თავისი პოეზიითა და ესეებით ქართველი მკითხველის გემოვნებას აუმჯობესებდა, სიახლეებს აწვდიდა ლიტერატურის მოყვარულებს. მისი ესეები ახალი ქართული პოეზიის სათავეებს ახალ ნაკადულებს უმატებდა.

პრესა.გე-ს მკითხველი იცნობს ვალერიან გაფრინდაშვილის ესეებს: “ბარათაშვილი“, „სონეტის პრობლემა“, ‘ჯიოკონდა ღიმილი“. 

დღეს, ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ მის შესანიშნავ ესეს „სახელების მაგია“, რომელიც 90 წლის წინ, 1921 წელს დაიწერა, ოქტომბრის თვეში. ესეში ვალერიან გაფრინდაშვილი პოეზიის სახელების შესახებ გველაპარაკება. ის წერს: „საფოს პოეზია ჩვენ თითქმის არ ვიცით, მაგრამ მისი სახელი თავისთავად პოეტურია“. 

სხვაგან ის წერს:  „პოეტის კულტურა გაიზომება სახელების შესაფერი ხმარებით. ქართული პოეზიისათვის ბოლო ხანამდი არ არსებობდა სახელების ჯადოქრობა. არ იცოდნენ, რომ სახელი დიდი საშვალებაა მხატვრული მიზნის მისაღწევად“.

მართლაც, მეოცე საუკუნის უახლესმა ქართულმა პოეზიამ ბევრი სიახლე შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. ამ საქმეში დიდი როლი ჰქონდათ ცისფერ ყანწელებს: „ქართულ პოეზიაში სახელების მაგია გამართლებულია ყანწელების გაქანებული სახელებით და აგრეთვე მათი პოეზიით“.

სახელების მაგია

დღეს პოეზია დატვირთულია სახელებით, როგორც კალიოსტროს თითები ძვირფასი თვლებით. ერთი სახელი შედის პოეზიაში, როგორც დედოფალი და მეორე, როგორც მონა.

პირველად სახელს აქვს რეალური შინაარსი, მაგრამ ის თანდათან იწმინდება რეალობიდან და საკუთარ ღირებულებად იქცევა. მთელი საბერძნეთის  მითოლოგია დღეს სახელების მაგია არის, დაშორებული თავის პირვანდელ ნიადაგს.

დღეს პოეზია იწვის თავის საკირეში და არაფერს არ სესხულობს ცხოვრებიდან.

პოეზიის მთავარი მიზანი არის გამოგონილი ან არსებული სახელის დამტკიცება და გაძლიერება. სახელი არის რკინის მავთული, ჰაერში გაბმული, რომელზედაც პოეტი - ჯამბაზი სიარულს ბედავს.

სახელი და სიტყვა ერთად იზრდებიან, შემდეგ სახელი გაუსწრებს ზრდაში სიტყვას და მაღლა ააგდებს ტანს. როგორც რომელიმე გმირი ჰქმნის ლეგენდას, ისე სახელი პირველი აშრიალების შემდეგ ჰქმნის თავის ფანტასტიკას.

პოეტის კულტურა გაიზომება სახელების შესაფერი ხმარებით. ქართული პოეზიისათვის ბოლო ხანამდი არ არსებობდა სახელების ჯადოქრობა. არ იცოდნენ, რომ სახელი დიდი საშვალებაა მხატვრული მიზნის მისაღწევად..

ტიციან ტაბიძემ თავის ბრწყინვალე სონეტი „ესკურიალი“ ასე გაათავა: „მაგრამ სახელი პოეტების უფრო გვაბრმავებს“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მგოსნის მდაბიო სახელწოდება ტიციან ტაბიძემ შესცვალა პოეტის კეთილშობილ სახელით.

არიან პოეტები, რომელნიც სახელის გამოტანას ვერ ახერხებენ: სახელები იცნობენ პოეტებს და ყოველ მეტიჩარას არ ემორჩილებიან.

პოეტების სახელი ანათებს, მაგრამ არიან სხვა სახელები, რომელთაც ეზიარა ჩვენი ოცნება: ბირნამის ტყე, სააკაძე, ერესეჶესერ, თამარი, წიწამური, ეიფელი, აშორდია, მაკადამი.

ზოგი ნივთები და მოვლენები თავის მოკვეთილი სახელით უტოლდებიან ადამიანის სახელს.

სანდრო ცირეკიძის აზრით პოეზია სათაურით გათავდება. მაგრამ შეიძლება სათაურის უარყოფა ავტორის სახელისათვის, რადგან ავტორის სახელი უფრო მჭერმეტყველია.

სახელი, როგორც საოცნებო მირაჟი, პირველად აღმოაჩინეს პარნასელებმა (ტეოფილ გოტიე).

პარნასელებს შეჰყავთ ისტორია ლირიკის სასუფეველში და დღეს ლირიკა ქანაობს სახელების საქანელაზედ.

კნუტ ჰამსენის ილაიალი სახელია და ეს სახელი ევლინება მშიერ ბოგემას, როგორც მუზა, როგორც მუცელ-მოგვი მადონა.

უეჭველია ის, რომ სახელი ახალმა პოეზიამ გააზღაპრა, იმ ლირიკამ, რომელიც არის ლიტერატურის სინტეზი და დასრულება. სახელის როლი ისე დიდია დღეს პოეზიაში, რომ უსახელო პოეზია პრიმიტიულია და ვიწრო საზღვარს ვერ გასცილდება.

ბეატრიჩეს სახელი გადასწონის მთელ დანტეს პოეზიას და მისი ალეგორიული პოემა გამართლებას ნახულობს ბეატრიჩეს სახელში. საფოს პოეზია ჩვენ თითქმის არ ვიცით, მაგრამ მისი სახელი თავისთავად პოეტურია. ჩვენ ვიცით ნერონის ლექსები, მაგრამ მისი სახელი, ამოვლებული ცეცხლმოკიდებულ რომის დაისში, შედის ლირიკაში, როგორც მოქანცული ქიმერა.

მერის სახელი უსწორდება შელლის სახელს და ამშვენებს ინგლისურ პოეზიას, როგორც მარადი ინფანტა. ედგარის „ნევერმორი“ არ არის მხოლოდ სიტყვა. ეს სახელია და მკითხველს შეუძლია ამ ერთი სახელით მოიწვიოს ბევრი მოჩვენება და ბევრი სახე.

პოეზია არის „Notre Dame” და მის მაღალ კედლებზე აიმართენ სახელები, როგორც ქიმერები.

დღეს რომ პოეზიას სახელები გამოვაკლოთ, პოეზია მთელი საუკუნოებით დაიხევს უკან. იქნება უშუალო და სადა, როგორც ველურების შაირობა. ჯერ არავის გამოუცხადებია სახელების კულტი, მაგრამ შესაძლოა იმისთანა შკოლის გამოსვლა პოეზიაში, რომელიც აიღებს სახელს, როგორც თავის პოეტიკის მთავარ ხაზს. ქართულ პოეზიაში სახელების მაგია გამართლებულია ყანწელების გაქანებული სახელებით და აგრეთვე მათი პოეზიით. გრიგოლ რობაქიძის „ვასაკა“ უკვე შეიცავს სახელში თავის ფანტასტიკას და მომავალი ქართული პოეზიის წინამორბედია. პაოლო იაშვილის ფერშევანგი დარჩება, როგორც რევოლუციის ბაირაღი და ამის გარდა ბევრ სახეებს შესძენს ქართულ პოეზიას. ეს ლამაზი და უცხო ფრინველი პირველად პაოლო იაშვილმა ააკივლა პოეზიაში და მე მჯერა, რომ ფარშევანგი იქნება ფანტასმაგორიული სახელი და არა მარტო სახე. ტიციან ტაბიძე მთელ ევროპას მოივლის თავის ქალდეას ბალაგანით. მისი ქალდეა დააბრმავებს პოეზიას ახალი სხივებით და ეს სახელი, როგორც „მღვდელი და მალარია“ ბევრ აჩრდილებს შექმნის და ფროიდში გადავა, როგორც ყოველი შესანიშნავი სახელი. ლოტრეამონის მალდორორი საშინელების აპოთეოზია და ისმის, როგორც ნევერმორი. მალარმეს „პენიულტიემი“ სახელში გადადის და მისი პირვანდელი აზრი იკარგება.

სახელების მისტიკა იმდენად თვალსაჩინოა, რომ ამას მოწმობს ყოველდღიური ცხოვრება. ცხოვრებაში გაბატონებულია რამოდენიმე სახელი და ყოველი დანარჩენი მათი ანარეკლია.

არის მომენტი, როდესაც სახელი, როგორც კათაკმეველი, პოეზიის გარეშე სდგას, მაგრამ ცის თაღი გაიხსნება და სახელი ამაღლდება თავის ტახტზე. მე ვლაპარაკობ კეთილშობილ სახელებზე, რომელთა ნიშნის ქვეშ მიდის დღეს პოეზია.

ლირიკა არის სპილოს ძვლის კოშკი. ამ კოშკშიდან იყურებიან ანდროგინები და ქალწულები, რაინდები და დამები, მაგრამ თვით პოეტია კოშკის ხუროთმოძღვარი.

როცა პოეტი კვდება, მისი სახელი ვარსკვლავად მიჰყვება მის კუბოს და შემდეგ იწყებს ხეტიალს მსოფლიოში. პოეზიის ცაზედ ბევრი ვარსკვლავებია, ჩატერტონი, მარლო, ვიიონი.

რომელიმე პოეტი ან ესეისტი შეადგენს პოეტურ სახელების გერალდიკას და აქ იქნებიან აზნაურები და თავადები.

ფუტურისტებს უნდოდათ ხელოვნურად დაეღუპათ პოეზია, მაგრამ ეს თვისთავად მოხდება, რადგანაც პოეზია დღეს იკვებება თავისი სისხლით და ხორცით. ის ჩონჩხად იქცევა და გადატყდება წელში, როგორც მოხუცი აკრობატი. მთელი ფუტურიზმის რიტორიკა და ერუდიცია მომართულია სახელის წინააღმდეგ, მაგრამ თვით კრუჩიონიხი სახელია და ყველაზე უფრო დაწყევლილი თანამედროვე პოეზიაში.

პოეტები როსკიპებივით ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ იძულებული არიან იცხოვრონ ერთ სახლში.

დადგება დრო, პოეზია სახელებს დაივიწყებს და ისევ დაუბრუნდება ფუტკრებსა და ყვავილებს. მაგრამ რაც უნდა თავიდან დაიწყოს პოეზიამ, რაც უნდა ობიექტური იქნეს ის, მისი განვითარება სახელის გამარჯვებით დაგვირგვინდება. სიტყვები, როგორც მონები ნახავენ თავის სპარტაკს და დაამარცხებენ არისტოკრატიულ სახელებს, მაგრამ ეს დამარცხება იქნება დროებით. ყოველ სიტყვას იმედი აქვს, რომ სახელის წოდებას მოიხვეჭს ოდესმე.

ყველაზე უფრო დიდი მაგალითი სახელის გაზღაპრების არის ღმერთი: არავინ არ იცის რას ნიშნავს ეს ნოუმენი, მაგრამ იგი კაცობრიობის რეჟისორია. 

ოქტომბერი, 1921 წელი