ვაჟა-ფშაველა - ღარიბთა და გაჭირვებულთა დამხმარე
16:25:43     31-10-2011
ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, საბედნიეროდ, გრძელდება.
ქართველი ხალხი, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მაინც დიდი სიხარულით იხსნებებს თავის საყვარელ პოეტს.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს გვინდა შევახსენოთ დიდი ბუმბერაზის ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდი, მისი ხასიათის რამდენიმე შტრიხი, რომელიც მოთხრობილი აქვს მის მეუღლეს, თამარს. ამ მოგონებაში კარგად ჩანს ჩვენი სახელოვანი მამულიშვილის კეთილშობილური ბუნება, მისი ადამიანურობა და უსამართლობისადმი შეურიგებლობა.
ღარიბთა და გაჭირვებულთა დახმარება
ღარიბი და ბეჩავი კაცი ძალიან ებრალებოდა ლუკას. უყვარდა გაჭირვებულის დახმარება. ჯერ ჩვენ თვითონ რა გაგვაჩნდა და ლუკას ცალი ხელი ქვეყნისკენ ჰქონდა. არ იცი სიხარბეო, - ვეტყოდი ხოლმე, - გადაგებული ხარ სტუმრებზე, ხალხზე და შინ კი საკუთარი ცოლ-შვილი ვერ შეგინახავს-მეთქი.
- ძროხა ხომ არა ვარ, დედაკაცო, რომ სულ თავისთვის ვიყოო, - მეტყოდა, - ვაჟკაცი თავისთვისაც უნდა იყოს და სხვისთვისაცაო.
მეზობლის ქალი მოვიდა ლუკასთან და შესჩივლა: - რა ვქნათ, ბეჩავები, საწყლები ვართ, წუხელ ქმარი მომიკვდა, ტიტველია და არ ვიცი, რით დავმარხოო...
ლუკამ აიღო და თუ რამე გაგვაჩნდა: პური, ფული, სასუდრო, მისცა და უთხრა: აჰა, წაიღე, შე ბეჩავო. იმ კაცს ტიტველს ნუ დამარხავთო! თავის ჩოხა-ახალოხი გაატანა. ფართალი გვქონდა სახლში, - ისიც მისცა, დამარხე ის კაცი და ბალღებს მოუარეო. ქალი სულ ლოცვა-კურთხევით წავიდა შინ.
ლუკას სიზარმაცე და უსაქმურობა არ უყვარდა. ეზარებოდა გაურჯელი, უსაქმო, ცრუ, ამპარტავანი და თაღლითი ადამიანი.
ერთხელ ჩვენსა მათხოვრები მოვიდნენ. ორი კაცი იყო. ახალგაზრდები იყვნენ და ჯანითაც არა უშავდათ რა. ვინა ხართ თქვენაო - ჰკითხა ლუკამ. მათ უპასუხეს: ჩვენ ბერძნები ვართ, გაჭირვებული, საწყალი ხალხი. დავდივართ ასე სოფელ-სოფელ სამათხოვროდ - იქნებ ვინმემ გაგვიკითხოსო.
- მოიხადეთ, დააწყეთ ეგ გუდები, აიღეთ ეს ბარები, ჩადით აგე, იმ ბოსტანში, დაბარეთ და პურსაც გაჭმევთ და ფულსაც მოგცემთო, - უთხრა ლუკამ და წასწვდა ერთ მათგანს გუდაზე. ორივენი გაიქცნენ. გუდაზე ხელი ეკიდათ, თან გარბოდნენ, უკან იხედებოდნენ და იმეორებდნენ ერთსა და იმავე სიტყვას: რა კასია! რა კასია! რა კასია! ასე სირბილ-სირბილით მიიმალნენ ხევში. ეგ რა ჰქენი, კაცო-მეთქი - ვუსაყვედურე ლუკას. ლუკამ მიპასუხა: ისა ვქენი, რომ ჩემზე ახალგაზრდები, ჩემზე ჯანმრთელები დადიან სოფელ-სოფელ და ხალხს ატყუებენ, განგებ თავს ისაწყლებენო.
დავრდომილი, ხეიბარი ან მოხუცი, ჯანდაკარგული მათხოვარი რომ მოვიდოდა, იმას უმოწყალოდ არ გაუშვებდა. ასეთი გაჭირვებულისთვის ფქვილსაც კი ჩამაყრევინებდა ხოლმე.
ბრძოლა უსამართლობის წინაააღმდეგ
ლუკა სხვას არ წაგლეჯდა, ხოლო თავისას არავის შეარჩენდა. მით უმეტეს, თუ მის საკუთვნოს უსამართლოდ ვინმე მიითვისებდა.
ასეთი ამბავი მახსოვს: ერთ დროს, აქ, ფშავში, ინჟინრები დადიოდნენ და გზას ზომავდნენ, რკინიგზა უნდა გავიყვანოთო. ჩვენი ვაშლის ხე, რომელიც გუდარახის ძირს მდგარა (ლუკას პაპის ნამყენი) ინჟინერს პლანში მოჰყვა და ხე, ჩვენს დაუკითხავად, მოჭრეს. თურმე, შესაძლებელი იყო ისე შეედგინათ გეგმა, რომ ვაშლი არ მოეჭრათ. მაგრამ ამისთვის ინჟინრებს თავი არ შეუწუხებიათ, არც ანგარიში გაუწევიათ პატრონისათვის. ლუკამ ეს ამბავი გაიგო. შეჰკაზმა ცხენი, ჩავიდა თიანეთს (ჩვენი სოფელი მაშინ თიანეთის მაზრაში შედიოდა) და ინჟინრებს ვაშლის მოჭრა უჩივლა. სასამართლოს განაჩენით ინჟინრებს დააკისრეს, გადაეხადა პატრონისთვის ხის ღირებულება.