
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გასული საუკუნის ყველაზე საშიშ დამნაშავეებს გაასამართლებს
15:37:13     31-10-2011
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველად ჩატარდა მხარეთა მოთათბირების სხდომა, ნაფიც მსაჯულთა განსჯად სისხლის სამართლის საქმეზე - მინასიანების ოჯახის წევრების გაზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე.
აღნიშნული დანაშაული, მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტისა და შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა.
პროკურატურის ინფორმაციით, დასახელებულმა პირებმა იცოდნენ, რომ ნეშან მინასიანის ოჯახი მატერიალურად შეძლებული იყო და მისთვის ფულის გამოძალვის მიზნით, 1994 წლის 18 იანვარს მოიტაცეს 19 წლის ვაზგენ მინასიანი, ახლობლებს კი გამოსასყიდის სახით 150 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დამნაშავეებს მსხვერპლი 10 დღის განმავლობაში ჰყვადათ დამალული ჯერ ორმოში, შემდეგ კი - დიღომში მდებარე ერთ-ერთ სახლში. 15 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ ვაზგენ მინასიანი გაათავისუფლეს და ოჯახისაგან მიიღეს პირობა, რომ დარჩენილ თანხას უახლოეს დღეებში გადაუხდიდნენ. შემდგომში, იმ მიზნით, რომ გატაცების ფაქტი არ გახმაურებულიყო, ჯგუფის წევრებმა დახოცეს ნეშან მინასიანი, მისი მეუღლე - ფლორა მინასიანი და ვაჟი - ვაზგენ მინასიანი.
90-იან წლებში, საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებისგან – ვახტანგ გვრიტიშვილი, მისი ძმა, კობა გვრიტიშვილი, გიორგი ოთარაშვილი, გელა ქავთარაძე, რევაზ დემეტრაშვილი, ალექსანდრე რევაზიშვილი და ამჟამად გარდაცვლილი მალხაზ მოდებაძე, სამართალდამცავებმა გიორგი ოთარაშვილი, რევაზ დემეტრაშვილი და ალექსანდრე რევაზიშვილი დააკავეს, დანარჩენებზე ძებნაა გამოცხადებული. სწორედ მათ გამოუტანს პირველად განაჩენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღეს საქალაქო სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სამოქალაქო რეესტრის სიიდან შეირჩა ნაფიცი მსაჯულობის 100 კანდიდატი. ამავე სხდომაზე, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, მოსამართლის მიერ დამტკიცებული იქნა ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებისათვის დასასმელი კითხვები, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაეგზავნებათ შერჩეულ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებს. აღნიშნულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა 7 ნოემბერს გაიმართება.