Browning – 83 წელი არმიის შეიარაღებაში
12:42:38     31-10-2011
იარაღი მსოფლიო პროგრესის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი გარანტი იყო საუკუნეების მანძილზე და ახლაც ასეა. სწორედ ომებმა და შეიარაღების სწრაფმა ევოლუციამ წასწია წინ მსოფლიოს ტექნიკური განვითარება, მაგრამ თურმე არსებობს იარაღის სახეობები, რომლებიც არ ძველდება. ასეთს უსათუოდ ამერიკული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი Browning-ი წარმოადგენს. მისი პირველი ეგზემპლარი თავად ლეგენდალურმა ჯონ ბრაუნინგმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თავისივე M1917-ის ბაზაზე შექმნა და ტრადიციულად ლულის გასაცივებლად წყლის სისტემა დაუტოვა, ისევე როგორც ცნობილ ტყვიამფრქვევ “მაქსიმს” ჰქონდა.
1923 წელს აშშ-ის არმიისა და ფლოტის შეიარაღებაში ეს ტყვიამფრქვევი M1921-ის ინდექსით მიიღეს, ძირითადად, როგორც საზენიტო იარაღი. 1932 წელს ამერიკული არმიის გადაიარაღება “ბრაუნინგის” ახალი მოდიფიკაციით–M2-ით გაგრძელდა. წინამორბედისგან განსხვავებით, ის ძირეულად გაუმჯობესდა: კერძოდ, ტყვიამფრქვევის ლულის გაცივების სისტემა შეიძლებოდა როგორც წყლით, ისე ჰაერით, ვაზნების მიწოდება კი შესაძლებელი გახდა ორივე მხრიდან. წყლის გაცივების სისტემა ძირითადად საზენიტო ტყვიამფრქვევებისთვის გამოიყენებოდა, როგორც სწრაფმსროლელი იარაღისთვის.
ქვეითებს კი არ სჭირდებოდათ წყლის გაცივების სისტემიანი “ბრაუნინგები”, ამიტომაც მათთვის შექმნილი ტყვიამფრქვევების ლულების სისქე გაიზარდა და მათი გაცივება ჰაერით ხდებოდა. ტყვიამფრქვევის ამ ვარიანტს Browning M2HB ეწოდა და დღემდე ეს სახელი შემორჩა.
armada.ge