პოლ ვალერის დაბადების დღისადმი

  13:20:55     29-10-2011

1871 წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ სეტში დაიბადა დიდი ფრანგი პოეტი პოლ ვალერი (Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry). მამა წარმოშობით კორსიკელი იყო, დედა გენუელი. მალე ოჯახი სეტიდან გადასახლდა მონპელიეში. პოლ ვალერიმ მიიღო ტრადიციული კათოლიკური განათლება, მერე სამართალს შეისწავლიდა უნივერსიტეტში. შემდეგ გადავიდა პარიზში, სადაც გაატარა მთელი ცხოვრება.
ლიტერატურული მოღვაწეობა დიდმა პოეტმა დაიწყო 1890 წლიდან.

ლიტერატურული მოღვაწეობა კარგა ხნით შეწყვიტა 1900 წელს და კარჩაკეტილად ცხოვრობდა. 1917 წელს კვლავ დაუბრუნდა ლიტერატურას. მისი ნაწარმოებები იმთავითვე ხდებოდა სხვა დიდი შემოქმედების აღტაცების საგანი.

პოლ ვალერის ჩვენ მოვუძღვენით პუბლიკაცია ამა წლის 12 აგვისტოს და გამოვაქვეყნეთ მისი შესანიშნავი ლექსი „ჭადარი“, რომელიც თარგმნა გივი გეგეჭკორმა.

ცნობილ კრიტიკოსს და ლიტერატურულ მემატიანეს, ანდრე მორუას თავის წიგნში „ლიტერატული პორტრეტები“ გამოქვეყნებული აქვს პოლ ვალერის „ლიტერატურული პორტრეტიც“. ეს წერილი საკმაოდ ვრცელია და პოლ ვალერის ცხოვრებიდან დაწყებული, მის შემოქმედებას მიმოიხილავს.

დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს გვინდა ამ წერილიდან ერთი ნაწილი შევთავაზოთ, რომელსაც „დიდება“ ჰქვია.

დიდება

„საღამო ბატონ ტესტთან“ რომ დაიწერა, ვალერის ჯერ ოცდახუთი წელიც არ შესრულებოდა. მაგრამ იგი უკვე ვალერი იყო. ტესტის თვისებები - ზუსტად ვალერის თვისებებია: სიზუსტის მოთხოვნილება, ბუნდოვანებისა და იმ მოჩვენებითი სიცხადის სიძულვილი, რითაც კმაყოფილდებიან ხოლმე თითქმის ყველანი, და როგორც ამ სიზუსტის მოთხოვნილების შედეგი - ენის ხელახალი შესწავლისა და სიტყვათა ზუსტი მნიშვნელობის აუცილებლობა.

ლტოლვა სიზუსტისკენ, იმხანად, ერთი სახელგანთქმული პიროვნების შესწავლისაკენ უბიძგებს, რომელსაც ასევე ახასიათებდა ეს ლტოლვა: ლაპარაკია ლეონარდო და ვინჩიზე. და კვლავ შემთხვევითი გარეგანი ბიძგი დაარღვევინებს დუმილს. ერთხელ, მარსელ შვობთან სტუმრობისას ისეთი ბრწყინვალებით იმსჯელა ლეონარდოზე, რომ იქ მყოფმა ლეონ დოდემ, რომელიც იმხანად „ნუველ რევიუში“ მუშაობდა, სულ მალე ქალბატონ ადანის მეშვეობით სთხოვა დაეწერა სტატია ამ თემაზე. ასე გაჩნდა „ლეონარდო და ვინჩის სისტემის შესავალი“. სინამდვილეში კი, ლეონარდო და ვინჩი მხოლოდ საბაბია, და მასზე ლაპარაკისას, ვალერი თავის საკუთარ პრობლემებზე მსჯელობს.

1895 წლიდან დაწყებული, თავის ნებით ყველასათვის უცნობი ვალერი აგრძელებს კვლევა-ძიებებს, რომელთა ერთადერთი მიზანია საკუთარი მეტყველებისა და გონების გარდაქმნა. ეძებს სამუშაოს, რათა იარსებოს. სესილ როდსთან ერთად მსახურობს ბეჭდვითი სიტყვის ბიუროში, შემდეგ - სამხედრო სამინისტროში, სადაც კარგა ხნის განმავლობაში ირიცხება საარტილერიო მომარაგების უწყებაში, და ბოლოს - ჰავასის სააგენტოში. თითქოს, საბოლოოდ გადაწყვიტა უსახელოდ დარჩენა: „კაცი, რომელიც სამყაროს სცილდება, თვითონვე იქმნის მასში წვდომის საშუალებას“.

მაგრამ, ასეთია გენიის აუხსნელი გზები და არც იმდენად უსახელო ყოფილა, როგორც თვითონ ეგონა, ლიცეუმსა და უნივერსიტეტებში იყვნენ ახალგაზრდები, რომელნიც თავისთვის იწერდნენ თხელ ჟურნალებში გამოქვეყნებულ მის ცალკეულ ლექსებს და „საღამოს ბატონ ტესტთან“. მისი ლექსები ზოგიერთმა ზეპირადაც იცოდა და, ისევე, როგორც ჰომეროსის პოემებს, მათაც გააჩნდათ უკვე ზეპირი გადმოცემის ტრადიცია. სხვები კი მხოლოდ თვითონ ავტორმა იცოდა, როგორიც მაგალითად, „ტვინში აღმოჩენილი ხელნაწერია“, არც მაშინ რომ გამოქვეყნებულა და არც მის მერე.

„განმარტოება. ჩემთვის მუშაობა. საქაღალდეში ჩაწყობილი. საქაღალდეში ჩაწყობილი ჩანაწერები. ცოლის შერთვა. ცხოვრება. ბავშვები...“

ასე გადის ოცი წელიწადი - ადამიანთა შორის და მათგან შორს. „საქმეში ჩაფლული ხალხის უდაბნოში“. დაგროვილი ჩანაწრები წესრიგში რომ მოეყვანა, მასალა რამდენიმე დიდი წიგნისათვის ეყოფოდა. ერთი იქნებოდა „დიალოგი სათაყვანებელ საგანთა შესახებ“, მეორე - „გლადიატორი“, ესე ვარჯიშთა ბუნებასა და ვირტუოზობაზე. აქვეა მსჯელობები სიყვარულზე, ეროტიზმზე, ტანჯვაზე, ოჯახზე. ყველაფერი ეს მეტად საინტერესოა, ზოგიერთი კი, უბრალოდ, - მშვენიერიც. და აი ვინმეს რომ შეეკრიბა და დაეჯგუფებინა, ფრანგებს განაცვიფრებდათ ის ამბავი, რომ, თურმე, კიდევ ერთი კლასიკური საგანძურის მფლობელნი ყოფილან. ვალერი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს საკუთარ ძალას. ჭეშმარიტად ბუმბერაზული კი ჰქონია. მრავალი წლის განმავლობაში გრდემლზე გამოკვერილი მისი გონება ზიგფრიდის მახვილს“ (ყოველ შემთხვევაში, მოკვდავთათვის მაინც უძლეველს) დაემსგავსა.

ომამდე მცირე ხნით ადრე ანდრე ჟიდმა თავის რამდენიმე მეგობართან ერთად დაარსა „ნუველ რევიუ ფრანსეზი“ და სთხოვა ვალერის მიეცა მისთვის უფლება ერთ ტომად შეეკრიბათ მის ძველი ლექსები. ვალერიმ უარი უთხრა, მაგრამ მეგობრები მაინც არ მოეშვნენ. მოძებნეს იმ ჟურნალების ყველა ნომრები, სადაც ეს ლექსები გამოქვეყნდა და მანქანაზე გადაბეჭდილი მთლიანი ტექსტი აჩვენეს ავტორს.

„შეხვედრა ჩემს ურჩხულებთან, - წერს ვალერი. - ზიზღი. ვიქექები მათში. ჩასწორებები“.

და აი, იწყებს ამ ურჩხულების წესრიგში მოყვანას, აღწევს მუსიკალობას და სისავსეს, ხოლო შემდეგ, როცა მუშაობის ეშხში შედის, გადაწყვეტს, რომ შეუძლია დაუმატოს კრებულს მცირე ზომის ორმოც-ორმოცდაათ სტრიქონიანი პოემა, რითაც საბოლოოდ დაემშვიდობა პოეზიას. ეს სამუშაო მან 1913 წელს დაიწყო და ჯერაც ჩაფლული იყო მასში, როცა ომმა იფეთქა. იგი წერდა ისეთივე განწყობით, როგორითაც რომელიღაც ბერი მეექვსე საუკუნეში, ლათინურ ჰეგზამეტრებს რომ თხზავდა იმ კაცის უსასრული სიბეჯითით, რომელსაც სწამდა - საკუთარი ცივილიზაციისა და ენობრივი კულტურის ანდერძს წერდა. ბოლოს, 1917 წელს, პოემა დასრულდა და იშვა „ნორჩი პარკა“.

უზარმაზარი წარმატება ხვდა - არა ზომის, არამედ ხარისხის გამო. შემდეგ გამოიცა „ძველი ლექსები“, ჩანაწერებით გატენილი საქაღალდეებიც გაიხსნა და ფრანგები, ყოველ შემთხვევაში, იმათგან უჭკვიანესნი მაინც, მიხვდნენ, რომ მათ შეეძინათ ერთდოულად დიდი პოეტიცა და დიდი პროზაიკოსიც. როგორც ეს ხშირად ხდება, სამყარომ უკაშკაშესი სხივი მოჰფინა იმას, ვისაც ჩრდილში ყოფნა ჰქონდა გადაწყვეტილი. მე არ მოგიყვებით ვალერის ცხოვრების ამ პერიოდზე სრულიადაც იმიტომ, რომ იგი ნაკლებ მშვენიერია; შეუძლებელი იყო დიდების მოხვეჭა უფრო მეტი მოკრძალებითა და რიდით, უბრალოებით, კეთილშობილებითა და ირონიით. მაგრამ მისი გმირული პერიოდი „ბატონ ტესტს“ და „ნორჩ პარკას“ უკავშირდება. როგორც თვითონ ვალერიმ აღნიშნა, „ყოველი დანარჩენი - მხოლოდ ხმაურია“...