გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღე და ანდერძის აღსრულება

  12:49:38     28-10-2011

1882 წლის 28 ოქტომბერს სოფელ სვირში, იმერეთში (მაშინდელი ქუთაისის გუბერნია) დაიბადა დიდი ქართველი მწერალი და მამულიშვილი გრიგოლ რომაქიძე.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ ტარტუს (ესტონეთის) უნივერსიტეტში. მერე გერმანიაში, ლაიპციგის უნივერსიტეტში. მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

1908 წელს დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა ლიტერატურულ და საზოგადო მოღვაწეობას. იყო ქართველი სიმბოლისტების ერთ-ერთი ლიდერი და თეორეტიკოსი. წერდა ლექსებს, ესეებს, კრიტიკულ წერილებს, კითხულობდა ლექციებს. ის ქართული პოეზიის ერთ-ერთი რეფორმატორია. 1917 წელს მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. 

მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საქართველოს გასაბჭოების დროიდან განიცდიდა შეზღუდვებს. თუმცა ლიტერატურულ საქმიანობს მაინც აგრძელებდა. 1931 წელს გაემგზავრა ემიგრაციაში. 1946 წლამდე ცხოვრობდა გერმანიაში. იყო ანტისაბჭოთა და ტრადიციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი და აქტივისტი. მუდამ სამშობლოს თავისუფლებაზე მეოცნებე. იმედი ჰქონდა გერმანია დაამხობდა საბჭოთა იმპერიას, მაგრამ...

1946 წლიდან შვეიცარიაში გადასახლდა. მთელი ცხოვრება ემსახურებოდა სამშობლოს თავისი რომანებით და მოთხრობებით, ლექსებით თუ პიესებით, ესეებით და წერილებით. 

დიდი მწერალი, გრიგოლ რობაქიძე გარდაიცვალა 1962 წლის 19 ნოემბერს ჟენევაში.

მას ორი ოცნება ჰქონდა მხოლოდ: 

პირველი და უმთავრესი - საქართველოს თავისუფლება;

მეორე და მოკრძალებული:

ნატვრა-ანდერძი:

... „ჩემმა მკითხველმა იცის, თუ როგორ მესახება მე მცხეთა... შედიხარ ტაძარში და ამჩნევ კუთხეში მარჯვნივ პაწია სალოცავს ძველისძველ აშენებულს. ტაძრის მშენებლებს იგი არ დაუნგრევიათ...

ჩემი ნატვრაა:

როცა მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს“.

ასრულდა დიდი მამულიშვილის ნატვრა. ქართველმა ახალგაზრდებმა, პოეზიის, ლიტერატურის, სამშობლოს მოყვარულებმა გადაწყვიტეს გრიგოლ რობაქიძის ანდერძის შესრულება. ინტერნეტით გავრცელდა განცხადება:

გრიგოლ რობაქიძის ანდერძის აღსრულება (ფეხით მსვლელობა)

მსვლელობა ეძღვნება დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ რობაქიძის ანდერძის აღსრულებას, რომლის მიხედვითაც, მწერალი საკუთარ დაბადების დღეზე სვეტიცხოვლის ტაძარში ერთი სანთლის ანთებას სთხოვდა საქართველოს.

გრიგოლ რობაქიძის ზემოხსენებული ანდერძის გარდა, მის წერილებში აღმოვაჩინეთ ერთი ფრიად საგულისხმო წერილი:

„გვყავს სამი დედა: ნინო, თამარ, ქეთევან...

ნინომ დაამყნო საქართველოს ხის ტანში ქრისტეს სჯული...

თამარმა განფინა მეფობა ქართველთა...

ქეთევან - ეწამა საქმისათვის როგორც ნინოსი, ისე თამარისა ...

სასურველია, ეს სამი: ნინო, თამარ, ქეთევან ერთად მოვიგონოთ, მოვიგონოთ ფესვებით... დღესასწაულისთვის მე ვირჩევდი რომელიმე დღეს მწიფობის თვისას".

სწორედ ეს წერილი გახდა საფუძვლი იმისა, რომ 2009 წელს ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა „დიდი დედის" ხატი, რომელზედაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და სამი წმინდა დედა: ნინო, თამარი და ქეთევანი არიან გამოსახულნი. სწორედ ეს ხატი წარუძღვება წინ ჩვენს პროცესიას. სვეტიცხოვლის ტაძარში მოძღვარი აღასრულებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სავედრებელ პარაკლისს საქართველოს საკეთილდღეოდ, ხოლო ამის შემდეგ გადაიხდის გრიგოლ რობაქიძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს და მომლოცველები სანთელს დაანთებენ ანდერძის აღსასრულებლად.

ვისაც სურს, მონაწილეობა მიიღოს ამ ლამაზ მსვლელობაში, ყველას გელით 28 ოქტომბერს 12 საათზე მცხეთის ხიდთან“.

სამწუხაროდ გვიან ვნახე ეს განცხადება თორემ უფრო ადრე ვაცნობებდი პრესა.გე-ს მკითხველს, რათა სხვებიც შეერთებოდნენ მსვლელობას.

დიახ, დღეს ქართველი პატრიოტები, გრიგოლ რობაქიძის შთამომავლები, მცხეთაში ასრულებენ მის ნატვრას, მის ანდერძს...

იმედია, დღეიდან დამკვიდრდება ახალი ტრადიცია გრიგოლ რობაქიძის მოხსენიების დღისა.