დუტუ მეგრელის „ხუთი სურათი“

  13:04:23     26-10-2011

1867 წლის 26 ოტომბერს სოფელ სუჯუნაში (დღევანდელი აბაშის რაიონი) დაიბადა პოეტი, მწერალი და იდეოლოგი დუტუ მეგრელი - დიმიტრი ხოშტარია.

დუტუ მეგრელის შესახებ პრესა.გე-ს მკითხველს, ამა წლის 24 აგვისტოს, შევთავაზეთ პუბლიკაცია „დუტუ მეგრელის პატარა ქართველები“. დიახ, როცა დუტუ მეგრელზე საუბრობ, არ შეიძლება არ გაიხსენო მისი გენიალური ლექსი „პატარა ქართველი“.

სანამ საქართველო იარსებებს, ეს ლექსი მუდამ ეცოდინებათ და მუდამ იქნება პოპულარული. ლექსი დაიწერა 1901 წელს და მალევე იქცა პატარა ქართვლებისათვის თვითშეგნებისა და თვითიდენტიფიკაციის შესანიშნავ ჰიმნად. ამ ბრწყინვალე ლექსში ჩანს ქართული მესიანიზმი - საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა...

თუმცა მას აქვს სხვა შესანიშნავი ნაწარმოებებიც. ნელ-ნელა სხვებსაც გავიხსენებთ. დღეს კი, ჩვენს მკითხველს გვინდა შევთავაზოთ მისი ლექსი „ხუთი სურათი“. ლექსში წარმოდგენილია დუტუ მეგრელისეული კრედო, როგორც პოეტისა, როგორც მოღვაწისა.

წინამდებარე ნაწარმოებში პირველად დუტუ მეგრელი ახსენებს გაზეთ „დროების“ რედაქტორს, მწერალს, ჟურნალისტს, პუბლიცისტს, მთარგმნელს და საზოგადო მოღვაწეს, „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრს - სერგეი მესხს (1845-1883). უმწიკვლო ლიტერატურული ბიოგრაფიის მქონე ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება შესწირა საყვარელ საქმეს, გაზეთ „დროებას“ და ლიტერატურას. მძიმე შრომამ და უკიდურესმა გაჭირვებამ მისი ჯანმრთელობა შეიწირა.

მეორე ნაწილში დუტუ მეგრელი საუბრობს ევსტატი (ესტატე) ბოსლეველზე, რომლის ნამდვილი გვარია მჭედლიძე (1854-1885). ევსტატი ბოსლეველი გახლდათ კრიტიკოსი და პუბლიცისტი. 1885 წლის 8 მაისს სრულიად ახალგაზრდა ბოსლეველი ქუთაისში მოკლეს.

თავისი ნაწარმოების მესამე ნაწილში დუტუ მეგრელი იხსენებს პოეტს, პუბლიცისტს, საზოგადო მოღვაწეს, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელს - დიმიტრი ყიფიანს (1814-1887). დიმიტრი ყიფიანი რუსმა შოვინისტებმა მოგვიკლეს. ის ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

მეოთხე ნაწილში პოეტი საუბრობს პოეტზე და პატრიოტზე, მამია გურიელზე (1831-1896).

მეხუთე ნაწილში კი დუტუ მეგრელი იხსენებს ალექსანდრე ყაზბეგს (1849-1893).

მწერლობა, პოეტობა ურთულესი საქმიანობაა და ხშირად კალმის ოსტატებს ცხოვრებაში არ უმართლებს, ზოგი შიმშილით ავადდება, ზოგს პატრიტიზმისათვის კლავენ, ზოგი კი საგიჟეთში შეიძლება მოხვდეს. ამის მაგალითები მას მოჰყავს. მაგრამ დუტუ მეგრელს არ ეშინია, მისი აზრით, პოეზიის მთავარი დანიშნულებაა „ტანჯული ერისთვის სულის აღფრთოვანება“. და თუ პოეტის კეთილშობილური მისიის შესრულებისათვის მას ისეთივე ბედი ელის, როგორიც მის სათაყვანებელ იმ ხუთ ადამიანს, რომელთაც თავის ლექსში იხსენებს, არა უშავს, მთავარია, „რომ თუ ამგვარი მელის მეც ბედი, ბევრის თქმა მაინც შევძლო მანამდის!..

დუტუ მეგრელმა ბევრი რამის თქმა მოასწრო...

ხუთი სურათი

როდესაც კალამს ავიღებ ხელში,
წრფელის გრძნობითა გატაცებული,
და მინდა ცხოველ, აზრიან სიტყვით
აღუფრთოვანო ტანჯულ ერს სული;
მინდა მჩაგვრელსა გულს ლახვარი ვკრა,
მოვფინო მის ბნელ საქმეთ სინათლე;
დავგმო ბოროტი, დავრთგუნო ძალა
და აღვადგინო წმინდა სიმართლე, -
მაშინ მე თვალწინ ეს სურათები
მეხატებიან, თავზარდამცემი,
და კალამისა გაგდებას მირჩევს
შეშინებული გონება ჩემი!

1

აგერ პატარა ოთახში წვალობს
ვაჟკაცი, საზარ სენით პყრობილი;
ჩამომხმარა და გაყვითლებულა,
სულს ძლივსღა ითქვამს, ღონე მიხდილი;
გრძნობს, რომ თავდება, რომ სასიცოცხლო
პირი აღარ აქვს და ტანჯვით ამბობს:
„ვეღარ გიხილავ, ტურფა რიონო,
შენი ჰაერი ვეღარ დამატკბობს!..*
ოჰ, ასე ადრე ჩემი სიკვდილი
სამართალია?“.. წამოიძახა
შემდეგ საბრალომ და მოკვდა... პირზე
მწარე ღიმილი გამოესახა.

2

აგერ შეღებილს სისხლით ლოგინზედ
წევს ახალგაზრდა კიდევ ყმაწვილი;
გალურჯებულა, კვნესის და შფოთავს,
კვდება მტრის ტყვიით გულში დაჭრილი, **
გარშემო ცნობისმოყვარეთ გროვა
შემოხვევია, სეირს უმზერენ...
იქნება მკვლელიც აქვეა სადმე
და უხარია, რომ ვერ იჭერენ!..
აი, გაინძრა კიდევ ბედკრული,
უნდა სთქვას რაღაც, მაგრამ ხრიალი
მოისმა მხოლოდ იმის გულიდან
და საუკუნოდ დახუჭა თვალი.

3

ძლივს განათებულს პატარა ლამპრით
ოთახში სძინავს მოხუცს ნეტარსა;
ღვთიური სახე თითქოს უცინის, -
ეგების ხედავს ტკბილსა სიზმარსა;
ეგების ახლა სამშობლოშია,
ცხადად იმასა მოშორებული,
და ხედავს, როგორ იღვიძებს იგი,
აქამდის მკვდარსა დამსგავსებული.
მაგრამ, ჩუ, აი იღება კარი,
ნელა შემოდის მკვლელი, წყეული,
და დაჰკრავს უროს თავში. მძინარე...
კვდება მოხუცი თავდამსხვრეული.***


4

ბნელსა სარდაფში, ბინძურ მაგიდას
უზის მგოსანი, დასაწყლებული,
და გრძნობით სავსე შავი თვალები
ერთ წერტილზე აქვს მიშტერებული;
თავზე ბალანი გადაბურძგვნია
ავადმყოფს, გამხდარს, დასუსტებულსა;
ეტყობა, ბევრი უტანჯნია მას,
ბევრი ნაღველი უსვამს მის გულსა!..
ჩუ, შეკრთა უცებ და დაიძახა:
„ვფიცავ სამშობლოს, ბედით დასჯილსა!“ ****
მაგრამ უეცრად ენა წაერთვა
და სულთმობრძავი დაეცა ძირსა!

5

მშვენიერისა სახის ვაჟკაცი,
თუმცა უდროვოდ გათეთრებული,
საგიჟეთშია, ხმას არავის სცემს
და დადის მარად ჩაფიქრებული;
თან ამბობს: „ნეტა სად დამიმალეს?..
აქ დაამწყვდიეს ხომ ჩემი მარი
გულქვა სოფიომ და პორფირუშკამ,
თუმცა ის გიჟი სულაც არ არის!“*****
ამბობს და ეძებს თვის ფანტაზიის
ნაყოფს დიდი ხნის უკვე შეშლილი
და მანამ უნდა იწვალოს ასე,
არ მოასვენებს ვიდრე სიკვდილი!..

როდესაც კალამს ავიღებ ხელში,
წმინდა გრძნობითა გატაცებული,
და მინდა ცხოველ, აზრიან სიტყვით
აღუფრთოვანო ტანჯულ ერს სული,
მაშინ მე თვალწინ ეს სურათები
მეხატებიან, თავზარდამცემი,
და კალამისა გაგდებას მირჩევს
შეშინებული გონება ჩემი;
მაგრამ, არამცთუ არ ვაგდებ მასა,
მინდა მეჭიროს ხელში მარადის,
რომ თუ ამგვარი მელის მეც ბედი,
ბევრის თქმა მაინც შევძლო მანამდის!..

1891 წელი

---

* - სერგეი მესხის უკანასკნელი სიტყვებია. რიონი მისი სამშობლო სოფლის სახელია (შენიშვნები ავტორისაა).
 
** - ევ. მჭედლიძე („ბოსლეველის“ - ფსევდონიმით ცნობილი ჩვენს მწერლობაში, პუბლიცისტ-კრიტიკოსი), რომელიც მოკლულ იქნა ქუთაისში 8 მაისს, 1885 წელს.

*** - დიმიტრი ყიფიანი.

**** - მამია გურიელის პოემიდან „პოეტი და ჩვენება“.

**** - მარი, სოფიო და პორფირუშკა ალ. ყაზბეგის „განკიცხულის“ გმირთა სახელებია.