ანდრეი ბელი - „განდევნილი“
13:03:35     26-10-2011
1880 წლის 14 (ახალი სტილით 26) ოქტომბერს მოსკოვში დაიბადა ცნობილი რუსი პოეტი, მწერალი, კრიტიკოსი, რუსული სიმბოლიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი ანგრეი ბელი. მისი ნამდვილის სახელი და გვარია ბორის ნიკოლოზის ძე ბუგაევი.
ანდრეი ბელი დაიბადა ცნობილი მათემატიკისოსი ოჯახში. 1891-1899 წლებში გიმნაზიაში სწავლობდა. გატაცებული იყო ბუდიზმით, ოკულტიზმით. იქნებ ამის გამოც, შემდეგში გახდა რუდოლფ შტაინერის მიმდევარი. უყვარდა ლიტერატურა. მოსწონდა, განსაკუთრებით, დოსტოევსკი, იბსენი, ნიცშე.
1899 წელს ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ერთი წუთითაც არ დაუვიწებია ლიტერატურა.
მან და მისმა მეგობრებმა, 1903 წელს ჩამოაყალიბეს ლიტერატურული ჯგუფი „არგონავტები“. 1904 წელს გადაწყვიტეს გამოეცათ ლიტერატურულ-ფილოსოფიური კრებული „თავისუფალი სინდისი (Свободная совесть). გამოვიდა ორი წიგნი ამ კრებულისა.
იმავე 1903 წელს წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მომდევნო წელს კი ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა არ დაუმთავრებია.
იმ ხანებში დაუახლოვდა ალექსანდრე ბლოკს. ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ... მაგრამ ბლოკის ცოლს, ლუბოვ მენდელეევას შეუყვარდა ანდრეი ბელი და გამოუტყდა სიყვარულში. ახალგაზრდა პოეტმაც უპასუხა. გავიდა დრო. ალქსანდრე ბლოკმა, 1906 წელს სასიყვარულო სამკუთხედზე პიესაც კი დაწერა. ლუბოვ მენდელეევამ მიატოვა ახალგაზრდა საყვარელი. პოეტმა კინაღამ თავი მოიკლა.
გულგატეხილი ანდრეი ბელი გაემგზავრა საზღვარგარეთ. იქ მისი ლექსების ორი კრებული შეიქმნა, რომლებიც მიძღვნილი იყო ბლოკისა და მენდელეევასადმი. 1909 წელს გაიცნო და შეიყვარა ასია (ანა) ტურგენევა და მასთან ერთად სამოგზაუროდ გაეშურა სიცილიაში, ტუნისში, ეგვიპტესა და პალესტინაში, რომელიც მერე აღწერა კიდეც.
1912 წელს შეყვარებულებმა გაიცნეს რუდოლფ შტაინერი, ანტროფოსოფიის მამამთავარი. 1914 წელს დაიწყო მსოფლიო ომი, შტაინერი თავის მოწაფეებთან ერთად გადავიდა დორნახში, შვეიცარიაში. პოეტმა და მისმა სატრფომ ბერნში ხელი მოაწერეს.
პოეტი მსოფლიო ომთან დაკავშირებით გამოიძახეს რუსეთში. ცოლი თან არ წაჰყვა, რამაც დიდი ტკივილი მიაყენა მას.
1921 წელს პოეტმა მოახრეხა ბოლშევიკებს გაეშვათ საზღვარგარეთ. მას ძალიან უნდოდა ცოლის ნახვა. მაგრამ ასიამ სთხოვა დაშორება და დარჩა რუდოლფ შტაინერთან დორნახში. ასიას უწოდებდნენ „ანტროფოსოფ მონაზონს“. მისი ნახატები გამოიყენებოდა ანტროფოსოფიური გამოცემების გასაფორმებლად. ანდრეი ბელიმ ძალიან განიცადა ეს.
1923 წლის ოქტომბერში პოეტი დაბრუნდა რუსეთში. მალე გაიცნო ქალი, კლავდია ვასილევა (ქალიშვილობის გვარი ალექსეევა), რომელთანაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. 1931 წელს იქორწინეს.
1934 წლის 8 იანვარს ანდრეი ბელი გარდაიცვალა.
განდევნილი
(თარგმანა გივი ალხაზიშვილმა)
მე ვტოვებ ქალაქს საღამოისას,
მაკრთობს ხმაურით, ხმებით მგრგვინავით,
თუმცა შორიდან ისევ მოისმის
ხმა მოქირქილე და დამცინავი.
იქ მარადიულს წლები შევწირე,
არც გიფიქრიათ ჩემი დანდობა,
მყისვე ჩამქოლეთ, არ შემეწიეთ,
თქვენ ჩემი ტანჯვით გსურდათ გართობა.
გტოვებთ, რამეთუ ვარ განდეგილი,
თავისუფლებას ვეღარ წამართმევთ,
გავრბივარ მწირი, ობლად შთენილი,
პურის ყანაში, მზე რომ ანათებს.
გავრბივარ ისევ და გზას მილოცავს
ვრცელი ველები და მე არ ვცხრები,
მე დავეცემი ლურჯ ღიღილოსთან,
მიწას ჭაღარით მივენარცხები.
ყვავილო, ნამით კვლავ დამასველე,
მაპკურე შენი ბროლის წვეთები,
მე მეამბოხე სულს მოვასვენებ,
სულს გატანჯულს და მოვითენთები.
მზე ჩადის, სხივი ჩუმად მიცოცავს,
მზე ჩამავალი ზეცის ფერს შეცვლის,
გრილი ნიავი თმას ამიწეწავს,
თმას ამიწეწავს ადრე შევერცხლილს.
ქუჩაში
(თარგმანა გივი ალხაზიშვილმა)
უცებ ქუჩაში ეტლი იხუვლებს,
გაჰყვება მჭახე გამოძახილი,
მე მივეყრდნობი რკინის რიკულებს
გაოგნებული და თავდახრილი.
ყმუის ქარბუქი და ძვლებში ატანს
უჟმური სივრცე, შემაშფოთები,
და ნეკერჩხლები რკინის ლატანებს
ეხეთქებიან წითელ ფოთლებით.
ასდის ოქტომბრის ცივი სურნელი,
ნაცრისფერ ლოდებს სუსხი ერევა,
წითელი ბუჩქი, შვების მსურველი,
მიმოიფანტა წითელ ცრემლებად.
შემოგარენში მიმოიფანტა,
მიმოეფინა ქალაქს ვედრებით,
მერე ჰაერში წამოიმართა
მტვრისა და შხამის შავი სვეტები.
კვამლის მორევში მივიმალები,
სახლები ძლივსღა მოჩანს შორიშორს
და ფაბრიკები ცივი მილებით
კვამლს აფურთხებენ მზიან ჰორიზონტს.