კოლხიდელის (გრიგოლ დადიანის) „სოფელი“

  15:34:34     25-10-2011

ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ დადიანი დაიბადა 1814 წლის 6  (ახალი სტილით 19) ოქტომბერს სამეგრელოს მთავრის ლევან V-ის ოჯახში. ის გახლდათ სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავითის ძმა.

1828 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის ვაჟთა კორპუსში. 1834 წლიდან მსახურობდა პეტერბურგში ლაიბგრენადერთა, შემდეგ კი პრეობრაჟენსკოეს პოლკში. 1844 წელს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი. 1845 წელს, მამის გარდაცვალების გამო დაბრუნდა საქართველოში. ყირიმის ომის დროს (1853-1856 წლებში), იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ კავკასიის ფრონტზე. 1854 წელს მიიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება. ომის შემდეგ დაინიშნა გრენადერთა პირველი ბრიგადის მეთაურად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. მონაწილეობდა  რუსეთ-თურქეთის ომში, 1877-1878 წლებში. ამ ომის დროს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1880 წელს, სამხედრო სამსახურის 50-ე წლისთავზე მიანიჭეს გენერალ-ადიუტანტის წოდება.

მისი ლიტერატურული ფსევდომინი იყო „კოლხიდელი“, ზოგჯერ „იოანე გეგეჭკორი“, „მეგრელი“, „კ“, „გ. დ.“ და სხვა. ლექსებს ბეჭდავდა „ცისკარში“, „ივერიაში“, „დროებაში“, „შრომაში“. მისი ლექსის, „სოფელის“ პუბლიკაციისას ივანე კერესელიძე თავის ჟურნალში წერდა: „ამ ლექსსა კოლხიდელისასა ვბეჭდავთ როგორც იშვითსა თხზულებასა...“ მართლაც, აღნიშნული ლექსი ძალიან კარგია, წუთისოფლის ამაოებას ეხება.

კოლხიდელის ლექსები პატრიოტული სულიკვეთებითაა სავსე. მას ეკუთვნის ისტორიული პოემა „რუხის ბრძოლა“, რომელშიც აღწერილია მეგრელთა, გურულთა და იმერელთა ბრძოლა სამშობლოსათვის 1779 წელს. ქუჩუკ-კაინარჯის 1774 წლის ზავით თურქეთმა იმერეთის სამეფოს საქმეებში ჩარევის უფლება დაკარგა. 1779 წელს ოსმალეთი შეეცადა იმერეთისათვის ჩამოეშორებინა მისი მოკავშირე ოდიშის სამთავრო და აფხაზეთის ტერიტორიიდან ოდიშზე გაილაშქრა, ოსმალთა მოკავშირეებად გამოვიდნენ აფსუები, ჯიქები, ოსები, ჩერქეზები, ბალყარელები და ყირიმელი თათრები. სამწუხაროდ შარვაშიძეების ნაწილი მტრის მხარეს იყო. კაცია II დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. სოლომონ I იმერეთ-გურიის ლაშქრით დადიანს მიეშველა. მტერმა ენგური გადალახა და ზუდიდისაკენ დაიძრა.

ბრძოლა, რომელიც რუხის ციხესა და ზუგდიდს შორის მოხდა, 1780 წლის მარტში, ქართველების სრული გამარჯვებით დამთავრდა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და დიდძალი ალაფი, მათ შორის, მტრის არტილერია.

გრიგოლ დადიანს დიდი წვლილი მიუძღვის იპოლიტ ბარტდინსკის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის საქმეში.  იპოლიტ ბარტდინსკიმ 1841—1845 წლებში თეთრი ლექსით თარგმნა „ვეფხისტყაოსნის“ 142 სტროფი. ეს იყო რუსთაველის პოემის ერთ-ერთი პირველი თარგმანი. გამოქვეყნდა 1845 წელს პეტერბურგის ჟურნალ „ილლუსტრაციაში“ (№ 6, 7) სათაურით „Тариель - Барсова кожа“. „ვეფხისტყაოსანს“ რუსი მთარგმნელი გასცნობია პეტერბურგში გრიგოლ დადიანის (კოლხიდელის) დახმარებით, ხოლო თარგმნისას უსარგებლია დავით ჩუბინაშვილისეული პწკარედით.

მთელი თავისი ქონება გრიგოლ დადიანმა უანდერძა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა 1901 წლის 6 (ახალი სტილით 19) იანვარს.

 

სოფელი

ვჭურეტ სოფელს დაფიქრებული, მე მისგან განკვირვებული!

ვინ იცნოს ძვალნი, მოყვასნო, ცეცხლითა ძალთა დამწველის,

სასტიკის მეხის მებრძოლთა, მეფეთა კვერთხის მტვრეველის,

დესპოტის, გმირის, ამაყის, სიმხნისა სიმხნით მლეველის,

საძრწუნო ნაპოლეონის, დიდთა მეფეთა მძლეველის?

ვჭურეტ....

ვნახე მე ძვალნი, ვერ ვიცან პომპეის დამამხობელის,*

ძლიერის გმირის, კესარის, რომის ბრჭალს შიგან მპყრობელის,

სახმილის სასტიკ დამწველის, თავის გვირგვინით მკობელის,

ამპარტავანის, მამაცის, ბედნიერების მფლობელის.

ვჭურეტ....

ვინ იცნოს ძვალნი გაძრცვილნი ციცერონ მჭერმეტყველისა,

ალკივიადის ლამაზის, სოკრატის გრძნობის მწველისა,

ლუკულოსს, ვერცხლით მდიდრისა, ოქრო სამოსლით მლველისა,

მალციოს მოხუცებულის, მშობლის ათინის მცველისა.

ვჭურეტ....

ვინ იცის ძვალნი შიშველნი დიდ ალექსანდრე შვებულის,

სპარსეთის ძალით დამლეწის, პორფირით განშვენებულის,

ობოლთა, ქვრივთა შემწყნარის, სიგმირით გაელვებულის,

თავის მოყვარის, მამაცის, ძედ ზევსის სახელდებულის.

ვჭურეტ....

ვერ ვიცან ძვალნი გამხმარნი კლეოპატრ განმძარველისა,

კორნელიაი ქვრივისა, პომპეის გულის მწყვლელისა,

ასპაზიაი ოსტატის, პერიკლის გულს მიმკვრელისა

პოპიას, ცოლის კესარის, კლოდიის მაწვეველისა.

ვჭურეტ....

სადა არნ ესე ოდენნი გმირნი და მეფე ცხებულნი,

მდიდარნი, ბრძენნი, მოხუცნი, კეკლუცნი გაელვებულნი?

ვინ იცნოს ძვალნი, მოყვასნო, მატლთაგან განშიშვლებულნი?

ერთია ყველა საფლავშიდ, სოფლისა დაბადებულნი.

 

(„ცისკარი“, 1858 წელი, # 6)

 

----

 

* - იგულისხმება რომაელი სარდალი გნეუს პომპეუსი (I საუნუნე ჩვ. ერამდე).