FIM-92 Stinger – გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი

  10:46:07     25-10-2011

FIM-92 Stinger-ი არის ამერიკული წარმოების გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე მუშაობა ამერიკულმა კომპანიამ General Dynamics-მა დაიწყო, თუმცა ის Raytheon Missile Systems-ის მიერ იწარმოება. კომპლექსი შეიარაღებაში 1981 წელს მიიღეს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გარდა საზენიტო კომპლექსი სხვა კიდევ 29 ქვეყნის შეიარაღებაში იმყოფება. ამჟამად „სტინგერის“ ანგარიშზე 270 საჰაერო აპარატის ჩამოგდებაა დადასტურებული. ამერიკის შეერთებული შტატების გარდა „სტინგერი“ ლიცენზიით იწარმოება გერმანული კომპანიის EADS-ის მიერ.

„სტინგერის“ დამონტაჟება შესაძლებელია მაღალი გამავლობის სამხედრო ავტომობილებზე - „ჯიპებზე“, ასევე ჯავშანტარნსპორტიორებსა და სხვა სახის ჯავშანტექნიკაზეც. „სტინგერის“ ერთი კომპლექსი 38 000 აშშ დოლარი ღირს, თუმცა ეს თანახა არაფერია იმასთან შედაებით რა ზარალის მოტანაც ამ კომპლექსს მოწინააღმდეგისთვის შეუძლია.

„სტინგერი“ მარტივი გამოსაყენებელი და მსუბუქი სატარებელია. მის გათვლაში ორი კაცი შედის, თუმცა ერთ კაცსაც არანაკლები სიმარჯვით შეუძლია მისი გამოყენება. მოდიფიკაცია FIM-92 B „სტინგერს“ საჰაერო სამიზნის დაზიანება 4800 მეტრის სიშორეზე 180-დან 3800 მეტრის სიმაღლეზე შეუძლია. „სტინგერი“ შესაძლოა გასროლილ იქნეს M-1097 Avenger-ისა და M6 Linebacker-ის ტიპის მობილური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიდან, რომელთაგანაც პირველი HMMWV-ის ტიპის მაღალი გამავლობის სამხედრო ავტომობილზე, ხოლო მეორე მათგანი „ბრედლის“ ტიპის ამერიკულ ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე მონტაჟდება. გარდა სახმელეთო ტექნიკისა „სტინგერის“ დამონტაჟება შვეუმფრენებზედაც არის შესაძლებელი.

რაკეტის სიგრძე 1.52 მეტრს, ხოლო დიამეტრი 70 მმ-ს შეადგენს. უშუალოდ რაკეტა 10.1 კილოგრამს იწონის, ხოლო მთლიანად საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მასა დაახლოებით 15.2 კილოგრამია. „სტინგერის“ რაკეტის გასროლა მცირე სიმძლავრის ძრავის მეშვეობით ხდება, რომელიც რაკეტის ოპერატორისაგან მოშორებით, უსაფრთხო მანძილზე მოშორებას უზრუნველყოფს. ხოლო შემდეგ, დაახლოებით 8-10 მეტრში, ირთვება ძირითადი ორსაფეხურიანი მყარსაწვავიანი ძრავა, რომელიც რაკეტას 2.2 მახის (750 მ/წმ) ტოლ სიჩქარეს ანიჭებს. მაღალი სიჩქარის გამო მას შეუძლია თავისუფლად ებრძოლოს ზებგერით სამიზნეებსაც კი. რაკეტის საბრძოლო ქობინიმსხვრევად-ფუგასური ტიპისაა და სამ კილოგრამს იწონის. ის მოქმედებაში უშულოდ სამიზნესთან შეხების დროს მოდის. რაკეტის სამიზნიდან აცილების შემთხვევაში ის თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადადის და ნადგურდება.

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე მუშაობა თავდაპირველად 1967 წელს ამერიკული კომპანიის General Dynamics-ის მიერ დაიწყო და მას Redeye II-ი ეწოდებოდა. მოგვიანებით Redeye II-მა ღრმა მოდერნიზაცია გაიარა, რის შემდეგაც 1971 წელს FIM-92 დაპროექტდა. 1972 წელს კი მან სახელწოდება Stinger-ი (ნესტარი) მიიღო. ტექნიკური სირთულეების გამო პირველი კომპლექსი მხოლოდ 1975 წელს შეიქმნა. FIM-92A-ს სერიული წარმოება 1978 წელს დაიწყო და მან მოძველებული FIM-43 Redeye ჩაანაცვლა, რომლის თავიდან აცილება გამოცდილი პილოტებისათვის პრობლემას არ წარმოადგენდა. „სტინგერის“ მოდერნიზებული ვარიანტი FIM-92B-ს წარმოება 1983 წლიდან დაიწყო და ის პირველ მოდელთან, FIM-92A-სთან, ერთად იწარმოებოდა. მათი წარმოება 1987 წლისთვის დასრულდა და ამ დროის განმავლობაში სულ დაახლოებით 16 000 ერთეული ორივე ტიპის სარაკეტო კომპლექსი იქნა წარმოებული.

კიდევ ერთ მოდიფიკაციაზე FIM-92C-ზე მუშაობა 1984 წელს დაიწყო, ხოლო სერიულ წარმოებაში 1987 წელს ჩაეშვა. მისი პირველი მოდელები ფრონტის ხაზზე 1989 წელს გაიგზავნა. FIM-92C-ს ტიპის საზენიტო კომპლექსების რაკეტებზე რეპროგრამირებადი ელექტრონული სისტემები იქნა ჩამონტაჟებული, რაც მათი მოდერნიზების საშუალებას იძლეოდა.

გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექს „სტინგერის“ საბრძოლო დებიუტი ფოლკლენდის ომის დროს შედგა. ბრიტანეთის სპეცდანიშნულების რაზმის SAS-ის მებრძოლები აღჭურვილნი იყვნენ ექვსი ერთეული „სტინგერის“ გამშვები სისტემით. მიუხედავად ამისა მათგან მხოლოდ ერთმა იცოდა მათ ხელთ არსებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენება და მასვე უნდა მოემზადებინა დანარჩენი ჯარისკაცებიც, თუმცა ის 19 მაისს შვეულმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა. მიუხედავად ამისა 1982 წლის 21 მაისს „სტინგერის“ გამოყენებით SAS-ის სპეცრაზმელებმა ჩამოაგდეს არგენტინის კუთვნილი Pucará-ს ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი. 30 მაისს დახლოებით 11:00 სთ-ზე მაუნტ „სტინგერით“ Aerospatiale SA-330 Puma-ს ტიპის შვეულმფრენი იქნა განადგურებული, ისევ SAS-ის სპეცრაზმელთა მიერ. შვეულმფრენთან ერთად დაიღუპა ექვსი არგენტინელი ჯარისკაცი, ხოლო კიდევ რვა დაიჭრა.

მეორე ომი, რომელშიც „სტინგერები“ აქტიურად გამოიყენეს ავღანეთის ომი იყო. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ოფიციალური მონაცემებით ოპერაცია „ციკლონის“ ფარგლებში ავღანელ მოჯაჰედებს 500 ერთეული (ზოგიერთი მონაცემებით 1500-2000 ერთეული) „სტინგერის“ ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი გადასცა. „სტინგერების“ პირველი პარტია, რომელიც 250 ერთეული კომპლექსისაგან შედგებოდა მოჯაჰედებმა 1986 წლის სექტემბერში მიიღეს. მრავალი ექსპერტი ამტკიცებს, რომ „სტინგერებმა“ ამ ომში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი 1989 წელს ავღნეთიდან გამოვიდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საზენიტო კომპლექსების უკან გამოსყიდვა სცადა და ამისთვის 55 მილიონი დოლარი გამოყო. სულ 300 კომპლექსის დაბრუნება მოხერხდა და ამერიკამ თითოეულში 38 000 დოლარის ნაცვლად 183 300 დოლარი გადაიხადა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ კომპლექსების უმრავლესობის გამოსყიდვა შეძლო, თუმცა დანარჩენები შემდეგ ხორვატიაში, ირანში, ყატარსა და ჩრდილოეთ კორეაში მოხვდა.

ამერიკის მთავრობი ყველა მცდელობა „სტინგერების“ დაბრუნების თაობაზე ბოლომდე ვერ შესრულდა. „სტინგერის“ აკუმულატორი ოთხ ან ხუთ წელიწადს ძლებს, შემდეგ კი კომპლექსები უვარგისი ხდება. პაკისტანელებმა ხელში ჩაგდებული ამერიკული „სტინგერების“ მიხედვით მისი ადგილობრივად წარმოებული ვარიანტები შექმნეს და შეიარაღებაში მიიღეს. პაკესტანელებმა ისინი კარგილის ომში გამოიყენეს და ინდოეთის საჰაერო ძალების კუთვნილი Ми-17-ის ტიპის შვეულმფრენი, МиГ-21-ისა და МиГ-23-ის ტიპის თვითმფრინავებიც ჩამოაგდეს.

ამერიკის შეერთებული შტაების შეიარაღებაში სულ 13 400 ერთეული კომპლექსი შედის. „სტინგერის“ პროგრამა საერთო ჯამში 7,281,000,000 დოლარი დაჯდა.

army.ge