• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

სომხეთი კრიზისის ზღვარზეა - ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

სომხეთი კრიზისის ზღვარზეა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად, 230 ით გაიზარდა და 5000 ათას გადააჭარბა. პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვითარების დასტაბილურება არ მოხდება, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობას ვეღარ შეძლებს.

სომხეთის პრემიერის თქმით, იმის გამო, რომ მოსახლეობა COVID-19-ის პანდემიას საფრთხედ არ აღიქვამს, ქვეყანა სერიოზული პრობლემის წინაშე დგას.

„თუ ლეტალური შემთხვევების რაოდენობას არ შევამცირებთ, 29 მაისს სომხეთში 10 000 შემთხვევა გვექნება, 12 ივნისს – 20 000, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება მსხვერპლის რაოდენობაც, რადგან რეანიმაციებში, უბრალოდ, ადგილი არ იქნება. ეს დინამიკა თუ არ შეიცვლება, ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით, დღეში გვექნება ასობით, ათასობით შემთხვევა და მსხვერპლი. იმისთვის, რომ ასეთი სცენარი თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, ის ქუჩაში ხედავს ადამიანებს, რომლებიც არ იცავენ სოციალურ დისტანციას.

„მოგიწოდებთ, გთხოვთ, მოვითხოვ, რომ დაიცვათ წესები. დაკრძალვის ცერემონიები ისე ტარდება, თითქოს არაფერი ხდება. გვაქვს შემთხვევები, რომ სწორედ დაკრძალვის ცერემონიებზე მოხდა ვირუსის ყველაზე მეტად გავრცელება“ – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.