• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

"ასე შეიცვალა ჩემი სხეული კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ"

43 წლის ამერიკელი მაიკ შულცი, ექვს კვირაზე მეტია სან-ფრანცისკოს საავადმყოფოში კორონავირუსს ებრძვის. კაცმა შეძლო გადარჩენა, მაგრამ დაავადებამ ის მნიშვნელოვნად შეცვალა.

მაიკლმა გადაწყვიტა გაეზიარებინა თავისი საშინელი გამოცდილება სოციალურ ქსელში - მან ორი ფოტო ატვირთა, ვირუსამდე და ვირუსის შემდეგ გადაღებული. განსხვავება ძალიან მკვეთრად იგრძნობა - ათლეტური აღნაგობა მოულოდნელად სუსტი სხეულით შეიცვალა და ფერიც ძალიან მკრთალი გაუხდა.

სანამ ამერიკელი CoViD-19-ით დაავადდებოდა, ის ძლიერი და ჯანმრთელი ადამიანი იყო, რომელიც კვირაში შვიდჯერ ვარჯიშობდა. ინფექცია იმდენად გაურთულდა, რომ ექიმებს მისთვის ინტუბაციის ჩატარება მოუწიათ, შემდეგ კი ძლიერ მედიკამენტებთან ერთად საძილე აბებს აძლევდნენ - წერს Buzzfeed.

როდესაც მაიკლი საბოლოოდ გონს მოვიდა, ის იმდენად სუსტად იყო, რომ ვერ შეძლო ტელეფონის ხელში ჭერა. გარკვეული პერიოდის შემდეგ საკუთარი ხელით საჭმლის ჭამაც დაიწყო. საბოლოოდ, მამაკაცმა საავადმყოფოში ყოფნისას 23 კილოგრამი დაკარგა. მაიკლის თქმით, თავდაპირველად მან ვირუსი სერიოზულად ვერ აღიქვა, მაგრამ საკუთარმა გამოცდილებამ აზრი შეაცვლევინა.

მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამ ვირუსს ყველაფრის გაფუჭება შეუძლია. მან სხეულიც კი შემიცვალა, შინაგანადაც და გარეგნულადაც დამასუსტა - განაცხადა შულცმა.