• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

"სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ბრალი დასდო საქართველოს, რომ ის მსოფლიოს ატყუებს... მან, სულ მცირე, უნდა უარყოს თავისი განცხადება და მოიხადოს ბოდიში"

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ურჩევს იმ ქვეყნების მონაცემებს გადახედოს, რომელსაც არ ენდობიან.

"ამხელა თანამდებობის პირს და ისიც „ჩვენი მოძმე ქვეყნიდან“ ჩვენგან არ უნდა ესწავლებოდეს, რომ ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს, მით უმეტეს, სერიოზული არგუმენტების გარეშე. „უბრალოდ თქვა და დამთავრდა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მან სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სიტყვებს „არაკორექტული და სიმართლეს აცდენილი განცხადება“ უწოდა.

„მან ცალსახად და უაპელაციოდ განაცხადა, რომ სომხეთის ჯანდაცვის სისტემა საქართველოსას სჯობს. ეჭვი შეიტანა საქართველოს ტესტ სისტემების ხარისხში და იმაში, რომ ჩვენ ვიყენებთ ოქროს სტანდარტად აღიარებულ ტესტებს. ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ მხოლოდ სწრაფ მარტივ ტესტებს, რომელსაც სომხეთში არ ენდობიან. მესამე და ყველაზე სერიოზული - მან პირდაპირ ბრალი დასდო საქართველოს, რომ ის მსოფლიოს ატყუებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ასეთი განცხადება რომ გააკეთო, ძალიან სერიოზული არგუმენტები უნდა გქონდეს და მაშინაც კი თავშეკავება სჯობს.

„მიმაჩნია, რომ მან ყველაზე ცოტა, რაც უნდა გააკეთოს, უარყოს თავისი განცხადება და მოიხადოს ბოდიში“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტესტირების ჩატარება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ხდება, რაშიც დიდი წვლილი ლუგარის ლაბორატორიას მიუძღვის. ამიტომ ბატონმა ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

„ასეთი დონის ლაბორატორიის პატრონს, სომხეთი, რომელსაც ღმერთმა იცის, რა დონის ლაბორატორია აქვს, გვიწუნებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

„ვინ გაპატიებს შენ მოტყუებას და ისიც ამხელა მასშტაბის მოტყუებას, რომ ვთქვათ, 6 000 გყავდეს და 700-ს ამბობდე. ჩვენგან მიწოდებული ციფრები იმსახურებს უმაღლეს სანდოობას ყველა საერთაშორისო ინსტიტუციაში მაშინ, როდესაც არიან ქვეყნები, რომელთა მიწოდებული ციფრები ეჭვებს იწვევს და ამის შესახებ ღიად წერენ ამერიკელები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ბატონ ტოროსიანს ურჩევნია, იმ ქვეყნების მონაცემს გადახედოს, რომელსაც არ ენდობიან. ჩვენი მთავრობა, ასევე მეც სისტემატურად ვიღებთ მადლობებს ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მედიის ინფორმაციით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს განმარტება, რომ არსენ ტოროსიანის განცხადება მედიაში არასწორად იყო ინტერპრეტირებული.


თეგები :