• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

"მინდა დავიჯერო, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება არასწორად ინტერპრეტირებული იყო"

საგარეო საქმეთა მინისტრი წუხს, თუ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა მართლაც გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც დღეს მედიაში გავრცელდა. დავით ზალკალიანს სურს დაიჯეროს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება მედიაში იყო არასწორად ინტერპრეტირებული.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას ასევე სურს დაჯეროს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოხატული წუხილი გულწრფელია.

"მსგავსი გამონათქვამები მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოს მიმართ არ უნდა კეთდებოდეს. ჩვენ, როგორც მეზობელი, დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს სამეზობლოში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, ყველას ჰქონდეს წარმატება. მათი პოზიციაც ლოგიკურად ასეთი უნდა იყოს. არ შეიძლება, რომ შენ თავი იგრძნო უსაფრთხოდ და დაცულად, თუ შენს გარშემო სერიოზული პრობლემებია და ჩვენ ვნახეთ, რომ სომხეთში მზარდი დინამიკაა და ამას სომხეთის ხელისუფლებაც აღიარებს, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, რომელიც ასევე არის საერთაშორისო პარტნიორების და მათ შორის, ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაციის შეფასება“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ სომხური მხარის განმარტებით, მედიაში მინისტრის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და წუხილი გამოთქვა, რომ ქართველი კოლეგები ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ გაანაწყენა. ამის შესახებ მინისტრმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ზალკალიანის განმარტებით, სომხური მხარე მედიაში არასწორ ინტერპრეტაციაზე საუბრობს.

"როგორც კი მედიიდან შევიტყვეთ მსგავსი განცხადების შესახებ, დიპლომატიური არხების საშუალებით გვქონდა დაუყოვნებლივი რეაგირება, მათ შორის ჩვენი საელჩო დაუკავშირდა შესაბამის სტრუქტურებს, რათა განმარტებები გაეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ ისეთი ოფიციალური პირისგან, როგორიც ჯანდაცვის მინისტრია.

ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით დარეკა საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორმა და გამოთქვა წუხილი, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც მათი განმარტებით, არასწორად იყო ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და ისინი ამის შესახებ წუხილს გამოთქვამენ და საელჩოს სთხოვა, ეს პოზიცია თბილისისთვის გადმოეცა“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ სომხეთის ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს.


თეგები :