• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

ზუგდიდელი მასწავლებელი კურსდამთავრებულ მოსწავლეებზე: ზოგიერთის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს და მიხარია, რომ მომავალ წელს მათ გარეშე შევხვდები

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა სოციალურ ქსელში 2020 წლის კურსდამთავრებულებს სიძულვილის ენის შემცველი პოსტი მიუძღვნა. მასწავლებელი წლევანდელი გამოშვების მოსწავლეებს ემშვიდობება და როგორც ამბობს, უხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება. მას ფავორიტი მოსწავლეებიც ჰყავს, ზოგიერთის სახელის და გვარის ხსენება კი ზარავს. 

"ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები! (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას ეს ეხება), ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემ ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში ეს არის მთავარი. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!", - წერს მასწავლებელი. 

პოსტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებსა და კურსდამთავრებულებში აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მოსწავლეებს ამ საკითხზე მედიასთან საუბარი არ სურთ.

სკოლის დირექტორი, ნინო გოგინავა კატეგორიულად ემიჯნება მოსწავლეების მიმართ დამოკიდებულების ასეთ გამოხატვას და ამბობს, რომ მასწავლებლის საქციელი არანაირ ეთიკურ ჩარჩოში არ ჯდება. დირექტორის განმარტებით, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტი განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. 


თეგები :