• თბილისი
  • 10°C
  • 16 თებერვალი, 2020
article

"თეთრი სახლი სენატის მიერ დონალდ ტრამპის სრულად გამართლებას მიესალმება"

შეერთებული შტატების სენატის მიერ იმპიჩმენტის საკითხის დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გადაწყვეტას თეთრი სახლი მიესალმება და შესაბამის განცხადებას ავრცელებს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, დონალდ ტრამპი სრულიად გამართლებული და რეაბილიტირებულია.

"დემოკრატების მიერ წამოწყებული იმპიჩმენტის პროცესი პრეზიდენტ ტრამპის სრული გამართლებითა და რეაბილიტირებით დასრულდა. როგორც ჩვენ ამას მუდმივად ვამტკიცებდით, ის არ არის დამნაშავე.

სენატმა უარყო სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, რომელსაც მხარს მხოლოდ პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტები, დემოკრატები და ერთი წარუმატებელი რესპუბლიკელი სენატორი [მიტ რომნი] უჭერდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლის მტკიცებით, დემოკრატები და სახელდობრ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ატყუებდნენ ამერიკელ ხალხს, როდესაც მას პრეზიდენტის დანაშაულის შესახებ არწმუნებდნენ.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილი ორივე მუხლით გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო.

სენატორებმა ბრალდების ორივე მუხლი ხმათა უმრავლესობით უარყვეს: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების ხელის შეშლა.

ტრამპის წინააღმდეგ ერთადერთმა რესპუბლიკელმა, გავლენიანმა სენატორმა მიტ რომნიმ მისცა ხმა. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა შეუფასებელი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ფიცსა და ამერიკის კონსტიტუციას.

პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას, სენატის შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ სულ მცირე 67 ხმა სჭირდებოდა.

იმპიჩმენტის პროცედურა სენატში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამერიკის ისტორიაში, ეს მესამე შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყო და ის სენატში განიხილეს.

პრეზიდენტ ტრამპის გამართლებას გამოეხმაურა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, რომელმაც განაცხადა, რომ რესპუბლიკელებმა ამერიკის კონსტიტუციას უღალატეს და ტრამპი კვლავაც საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის დემოკრატიისთვის.


თეგები :