• თბილისი
  • 14°C
  • 21 მარტი, 2019
article

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგო

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ საქმე მოიგო.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ისმაილოვასთან მიმართებით დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე (პირადი ცხოვრების უფლება) და მეათე (აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლება) მუხლები. სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას კომპენსაციის სახით 15 000 ევროს გადახდა და 1750 ევროს ოდენობის სასამართლო ხარჯების დაფარვა დააკისრა.

ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანში 2014 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები კორუფციაში ამხილა. სწორედ სახელისუფლებო დონეზე კორუფციის გამოვლენისთვის გადაეცა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტს პრესტიჟული ჯილდო.

ისმაილოვას 2017 წლის მაისში უზენაესმა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის განაჩენი 5-წლიანი პირობით სასჯელით შეცვალა. მის გათავისუფლებას არაერთი დასავლური უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვდა.

თეგები :

×