• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში 17:00 საათზე არიან დაბარებული

ადვოკატ ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურაში 17:00 საათზე არიან დაბარებული.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის დადგენილების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყო. ამჟამად ის მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ხვდება და კომენტარს სავარაუდოდ ერთ საათში გააკეთებს. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე არიან დაბარებული.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ,  რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია  შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი  არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების  წარდგენის  მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის  წარდგენის შემდეგ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდება.

აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით დამატებით", აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.


თეგები :