• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

ფარული ულტიმატუმი რეპრესიების დაწყებამდე - რატომ წაუყენეს ბრალი ხაზარაძეს და ჯაფარიძეს?

ივანიშვილის რეჟიმმა საბოლოოდ გადაწყვიტა მამუკა ხაზარაძისგან და ბადრი ჯაფარიძისგან "ხადარკოვსის გაკეთება", რასაც წინ ფარული ულტიმატუმი უძღოდა. 

პუტინის პირადი პატიმრის, ცნობილი რუსი ბიზნესმენის, ხადარკოვსკის მსგავსად, ივანიშვილის რეჟიმი ცნობილი ბანკიდების ციხეში გამოკეტვას აპირებს. 

სულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა რომ მათ 16 მილიონის გათეთრების საქმეზე ბრალი წარედგინათ. 

იმის შესახებ რომ პროკურატურამ ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაიწყო გამოძიება 10 წლის წინ განხორციელებულ საბანკო ტრანზაქციაზე,  ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როდესაც ამ ფაქტს არავინ ადასტურებდა.

თუმცა, პროკურატურას, მოგვიანებით მაინც მოუწია ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე მიზანში ამოიღეს. 

პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნას აპირებს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით დამატებით", - განაცხადეს პროკურატურაში.

ხაზარაძე-ჯაფარიძის უარი ივანიშვილის რეჟიმს

პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია რომ ივანიშვილის რეჟიმი, ბრალის წარდგენამდე, თიბისი ბანკის დამფუძნებლების დაშანტაჟებას ცდილობდა. 

ცოტა ხნის წინ, ივანიშვილის სახელით მათთან შუამავალი მივიდა და ანაკლიის პორტსა და პოლიტიკაზე უარის თქმის სანაცვლოდ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შეჩერებას (გაყინვას) დაპირდა. 

მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ შუამავლის მეშვეობით ივანიშვილს უარი შეუთვალეს. ისინი იმედოვნებდნენ რომ საერთაშორისო ზეწოლის გამო, რეჟიმი ასეთ რისკზე ვერ წავიდოდა, რადგან საქმეში არც მომჩივანი არსებობს და არც - დაზარალებული.

თუმცა, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გამორჩათ რომ პუტინის გავლენის ქვეშ მყოფი ოლიგარქები ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით არათუ რეპრესიებზე, არამედ, მკვლელობებზეც კი წასულან...

შესაბამისად, უარის მიღების შემდეგ, შედეგმაც არ დააყოვნა - ივანიშვილის რეჟიმმა ერთერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენების მიმართ რეპრესიები დაიწყო - პუტინის სტილში და ხადარკოვსკის ციხეში ჩასმის მაგალითის გათვალისწინებით.

P.S: შეგახსენებთ რომ რამდენიმე კვირის წინ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებისა და პროდასავლური პარტიების მხარდაჭერის შესახებ განაცხადა, რასაც ივანიშვილის რეჟიმის პანიკა მოჰყვა.