• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

თუშებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა

ადგილობრივი თუშები და ალავერდის ეპარქიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. დაპირისპირების მიზეზი ძველი თუშური ტრადიცია გახდა, რომლის მიხედვითაც სალოცავზე ასვლა ქალებს ეკრძალებათ. შეხლა–შემოხლა სოფელ ინდურთაში მოხდა.    

როგორც ირკვევა, თუშებმა ალავერდის ეპარქიის წარმომადგენლებს მოსთხოვეს, ჯვარი სამების გორაზე ქალები არ ასულიყვნენ. თუშური უძველესი ტრადიციების მიხედვით, ეს აკრძალულია, თუმცა იმ გორაზე  ასვლას მართლმადიდებელი ეკლესია სუსტი სქესის წარმომადგენლებს არ უკრძალავს.

ალავერდის ეპარქიის წარმომადგენლებმაც ეს პოზიცია დააფიქსირეს, რის გამოც ადგილობრივებსა და სასულიერო პირებს შორის სერიოზული კამათი დაიწყო. თუშები აცხადებენ, რომ ეს წესი მათ წინაპრებიდან გადმოეცემათ და ნახსენებ გორაზე ქალები არასდროს ადიან. მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ ეკლესია ასეთ აკრძალვას არ სცნობს.

„ეს წესები ჩვენი წინაპრებიდან გვაქვს. ეკლესიის წარმომადგენლებმა კი გვითხრეს, რომ არ ვცნობთო. მერე ისიც გვითხრეს, არც მაგ დროშებს ვცნობთ და დაწვითო. მათ ჩვენი წესები შეურაცხყვეს. სხვა დროს ისინი აქ შესაძლოა ვეღარ ამოვიდნენ, უფლებას არ მივცემთ“, – აცხადებენ თუშები.

ალავერდის ეკლესიის მოძღვარი მამა იოსები კი თუშებსა და საეკლესიო პირებს შორის დაპირისპირებას უარყოფს. „მათ ნამდვილად გვითხრეს, რომ კონკრეტულ ადგილთან ახლოს ქალები არ მისულიყვნენ, რაზედაც ჩვენ ვუთხარით, რომ ეკლესია ასეთ აკრძალვებს არ აწესებს. დაპირისპირება არ ყოფილა და მათთვის არც დროშების დაწვა მოგვითხოვია“, – განაცხადა მამა იოსებმა. ამ დროისთვის ინცინდენტი ამოწურულია. 


თეგები :