• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

ვინ არის 9 წლის წალენჯიხელი გენიოსი, რომელსაც ბებია ზრდის?

9 წლის ქაიან ბელქანია, რომელმაც ბოლო დღეებია ინტერნეტსივრცე დაიპყრო, ბებიასთან, მიმოზა კვარაცხელიასთან ერთად წალენჯიხაში ცხოვრობს.

მასალას ბიჭუნაზე გამოცემა "პრაიმ ტაიმი" აქვეყნებს.

ბიჭუნას დედა ჟურნალისტებთან არ ჩნდება. ის ახლახან ჩამოვიდა თურქეთიდან. ბავშვის დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ქაიანის მამა თურქია. ბიჭი მამას არ იცნობს. ქაიანი წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეა. იგი გამოცემასთან ამბობს, რომ ყველა საგანი ერთნაირად უყვარს, განსაკუთრებულად კი მათემატიკა და ფიზიკა, გატაცებულია ასტრონომიით.

„მინდა მქონდეს ბევრი წიგნი, მიყვარს პლანეტები. მინდა გავფრინდე იუპიტერზე, რადგან ეს არის ყველაზე დიდი პლანეტა, მინდა გავიგო სიცოცხლის მესამე ნაწილი…ასევე ვოცნებობ თურქული, ლათინური და ეგვიპტური ენების შესწავლაზე“,- უთხრა მან „პრაიმტაიმს“.

სურს გახდეს კოსმონავტი, ან მეცნიერი. თავისუფალ დროს მეგობრებთან ატარებს, უყვარს ცხოველები. ჰყავს ძაღლი ჯეკა და კატა ფუსიკო, რომელიც მასთან განუყრელად არიან.

ქაიან ბელქანია მეზობელმა ირაკლი ძიძარიამ აღმოაჩინა და მისი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა, სწორედ აქედან გაიცნო ქაიანი მთელმა ინტერნეტსივრცემ. 9 წლის ბიჭუნას ოჯახი სოციალურად დაუცველია, ერთადერთი რასაც ჟურნალისტებთან ქაინის მეზობლები, მეგობრები და კეთილისმყოფელები ითხოვენ, ბიჭუნას შეექმნას განათლების მისაღებად შესაბამისი პირობები, რასაც ოჯახი მოკლებულია.

ქაიანი წიგნებით სავსე თაროზე ოცნებობს. ამბობს, რომ მას ჯერ მხოლოდ ერთი წიგნი აქვს. მიაჩნია, რომ წიგნების თარო იუპიტერთან და სატურნთან არის დაკავშირებული. „წიგნები არ მაქვს, მაგრამ მინდა რომ ბევრი მქონდეს. ფილმებს ვუყურებ, მაგრამ წიგნები ყოველთვის თავიანთ სილამაზეს ინარჩუნებენ. თუ თარო და წიგნები გექნება, გექნება სილამაზეც და ეს პრიმიტიულად გადაეცემა სატურნს და იუპიტერს. ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც შეიცავენ ბგერებს ან ნაწილაკურ სფეროებს“, - უზიარებს გამოცემა "პრაიმ ტაიმს" საკუთარ მოსაზრებას მომავალი მეცნიერი.


თეგები :