• თბილისი
  • 35°C
  • 21 ივლისი, 2019
article

"ელისაბედი ჰააგაში გავიცანი... მესამე დღეს სიცხემ აუწია - ამბობდნენ, ტანზანიიდან მალარია ჩამოჰყვა და სჯობია, არ ეკონტაქტოთო" - ქართველი გოგონას ემოციური წერილი უცხოელ მეგობარზე

ნინუცა ნანიტაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს ავრცელებს:

"ეს ელისაბედია ტანზანიიდან. ერთმანეთი ხუთი წლის წინ ჰააგაში გავიცანით. მომღიმარ, მხიარულ და ფერად ნაჭრებში გახვეულ გოგოდ დამამახსოვრდა. 

კონფერენციის მესამე დღეს მაღალმა სიცხემ აუწია. საავადმყოფოში წაიყვანეს. რამდენიმე საათში სასტუმროს ოთახიდანაც ვერ გამოდიოდა. ამბობდნენ, მგონი მალარია იქიდან ჩამოყვაო. "მალარია" - ამ სიტყვის გაგონებამ ცოტა დამზაფრა. ავნერვიულდი. არც ვიცოდი გადამდები იყო თუ არა, ან რამდენად მალე შეეძლო გამოჯანმრთელება. ჩვენი ოთახები ერთ სართულზე, სულ რამდენი კარით იყო დაშორებული ერთმანეთისგან. დერეფანში ყოველი ჩავლისას იქ შეჩერება მინდოდა, მაგრამ,მალევე ვაგრძელებდი გზას. გვეუბნებოდნენ სხვაც ავად რომ არ გახდეს სჯობს არ ეკონტაქტოთო. ვერ გაეგოთ ზუსტად რისი ბრალი იყო ელისაბედის ავადმყოფობა. ჰააგაში მხოლოდ ერთი კვირით ვიყავით ჩასულები და ეს ერთი კვირაც რამდენიმე დღეში იწურებოდა. იქნებ ისე წამოვსულიყავი რომ ვეღარ მენახა? ძალიან დრამატულად ჟღერდა ეს ყველფერი. 

საღამოს, ჩუმად, მის ოთახთან მივიპარე, დავაკაკუნე, ხელში ჰოლანდიური ვაფლები მეჭირა. ცოტას ვნერვიულობდი. კარი გაიღო, ღიმილის ნაცლად ამღვრეული თვალები შერჩენოდა ელისაბედს. თითქოს მისი ტანსაცმელიც აღარ იყო ისეთი ფერადი. თითქოს თავისი ქვეყნის ბედი, რომელსაც ორი დღის წინ მებრძოლი სულით ცვლიდა, ახლა მთელი ძალით დაწოლოდა საფეთქლებზე. მოვიკითხე, ვაფლები გავუწოდე და გამოვედი. თუმცა, გონება ისევ იქ დამრჩა. ნეტავ როგორ იქნებოდა მეორე დილით, ნეტავ რას გრძონდა ან როგორ უძლებდა იმ ოთახში მარტოობას. ტანზანიის საზღვრებს პირველად გასცდა და აქაც ასე, ოთხ კედელში, სიცხით გათანგულს უწევდა წოლა.

ორ დღეში ელისაბედი გამოჯანმრთელდა! არამგონია ვაფლების დამსახურება ყოფილიყო, მაგრამ მაინც მიხაროდა რომ ვესტუმრე. ყველამ ტაში შემოვცხეთ და გადავწყვიტეთ ყიჟინით შევგებებოდით როცა დარბაზში დაბრუნდებოდა. ასეც მოხდა, ის ისევ ისეთი ფერადი და ბავშვური იყო როგორც ადრე. ისევ ისე ხუმრობდა და სასაცილოდ არხევდა ტანს მუსიკის ფონზე.

ეს სურათიც იმ დღეს სეირნობისას გადაგვიღეს. იმის მერე ელისაბედი აღარც მინახავს. არც რამე გამიგია მის შესახებ, ნეტავ სად არის? რას აკეთებს? მალარია ან სხვა დაავადება კიდევ ხომ არ შეყრია? ისიც გათხოვდა? შვილები ხომ არ ყავს? არ ვიცი შეიძლება ვერც ვეღარასდროს გადავეყარო, მაგრამ, ხშირად ასეთი ხანმოკლე მეგობრობა საკმაოდ დიდხანს რჩება გონებაში და თუ ვიზუალიც თავს შეგახსნებს, ცოტას დროშიც იმოგზაურებ.

ეს ისტორია ერთხელ უკვე მოვყევი, თუმცა, არასდროს არის ზედმეტი გაიხსენო რამდენად გლობალურია მსოფლიო და ის თუ რამდენად ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან, ხშირად სრულიად განსხვავებულ ადამიანებსაც კი. და თუ მსოფლიო ერთია, როგორ შეგვიძლია ქართველებს ასე მარტივად შევქმნათ ჩვენში უცხო?" - წერს ნინუცა.


თეგები :